საქართველოს ბედისწერა!
არასოდეს ვყოფილვარ ედუარდ შევარდნაძის აპოლოგეტი, არც დითირამბები მიძღვნია მისთვის, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ ეს კაცი საქართველოს ბედისწერა იყო - კაცი, რომელსაც მსოფლიო საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსად აღიარებს, ხოლო, საკუთარ სამშობლოში იუდას და მოღალატის იარლიყს აწებებენ!
ჯერ ცხედარი არ გაცივებულა და ნამდვილად უხერხულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის შეცდომებზე და დანაშაულებებზე საუბარი და ამას არც ვაპირებ. კალამი სხვა გარემოებამ ამაღებინა ხელში - ნუთუ ისე დავეცით,ისე დავჩაჩანაკდით, რომ მიცვალებულის პატივისცემაც დავკარგეთ და რაც ენას და პირს მოადგება, ყველაფერი უნდა ვიკადროთ!
მე პირადად სულით ხორცამდე შემძრა ე.წ. ზვიადისტების ველურობამდე დასულმა ბალ-მასკარადმა - ხალხს სამძიმარზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
ქართველებს ორი უკიდურესობა გვახასიათებს - ან გულუბრყვილობამდე დასული ტოლერანტები ვართ, რომელიც ყოველთვის ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება, ან ბიოლოგიურად იმდენად გვეზიზღება ერთმანეთი... საფლავამდეც ჩავყვებით ხოლმე! ამით იმის თქმა მინდა, რომ ზომიერების გრძნობა ყოველთვის გვღალატობს!..
ბიოლოგიურ ზიზღსაც რომ თავი დავანებოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ შევარდნაძის დონის ადამიანები შემთხვევით არ იბადებიან. სხვა საკითხია, რა მისიას ასრულებენ ისინი და რამდენად მისაღებია მათ მიერ გავლილი გზა და მათ მიერ გაკეთებული საქმე ჩვენი ცნობიერებისთვის.
სიტყვა „ცნობიერება“ ვახსენე და უნდა დავაკონკრეტო - ის, რაც გუშინ ვნახეთ და ზოგადად რაც ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია ჩვენს თავზე ხდება, დახავსებული (დაავადებული) ცნობიერების ნაყოფია და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ ღირებულებებთან, რომლითაც ასე ვიწონებთ თავს!
სახელმწიფოს მეთაურები შემთხვევითი ადამიანები არ ხდებიან -როგორც წესი, ისინი ერის წიაღიდან გამოდიან და უფალი ყოველთვის ისეთ მესაჭეს გამოგვიჩენს, როგორსაც ვიმსახურებთ - თუ შევარდნაძეს აფხაზეთს არ ვპატიობთ (ცხადია, ჩვენს განწყობას აქვს რეალური საფუძველი), მაშინ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რა წინაპირობები უძღოდა აფხაზეთის დაკარგვას - რატომ დაგვსაჯა უფალმა და მოაშორა (ღმერთმა ქნას დროებით) საკუთარ ბუდეს ქართული წალკოტი! იყო თუ არა შესაძლებელი იმ პირობებში აფხაზეთის შენარჩუნება და რა ფასად დაუჯდებოდა ეს საქართველოს!.. საკამათო არ არის, რომ ღალატსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.
სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ შედეგებზე ვაკეთებთ რეაგირებას და არასდროს არ ვეძებთ მიზეზს, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა. დიახ, ანგარიშს არ ვუწევთ ობიექტურ კანონზომიერებებს, რომლის აცილება თითქმის, ან საერთოდ შეუძლებელია!
გულდასმით გავეცანი ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება. შევარდნაძე რომ წინააღმდეგობრივი ფენომენი იყო, ეს კარგად ჩანს მის გუნდში მომუშავე ადამიანების შეფასებებიდანაც. თუმცა, ეს არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ამაზრზენი, უზნეობამდე დასული ფესიბუქ-სტატუსები თუ კომენტარები, რომლითაც გაჯერებულია სოციალური ქსელი - ყველანი ერთმანეთს ეჯიბრებიან ბოღმისა და სიძულვილის დანთხევაში და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამით ზიანს საკუთარ თავს უფრო აყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინგადაბრუნებულმა „პატრიოტებმა“ უხამსი კომენტარებით გააჯერეს მისი სტატია-სამძიმარი, ვეთანხმები ბ-ნ ვალერი კვარაცხელიას - შევარდნაძის განსჯა ისტორიას უნდა დავუტოვოთ!..
მე კი დავამატებდი - უფალია ყველაზე ობიექტური მსაჯული და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, მათ შორის ჩვენს მიერ შერისხულ ექს-პრეზიდენტსაც.
პრეტენზიები და ბრალდებები შევარდნაძის მიმართ მის სიცოცხლეშიც ბევრი იყო და ბუნებრივია, მომავალში უფრო მეტი იქნება, მაგრამ, მთავარია, ობიექტურობის განცდამ არ გვიმტყუნოს და ერთხელ ჩაციკლული და ავადმყოფურ ზიზღამდე დასული ბაცილებისგან გავთავისუფლდეთ.
დღემდე ვერ შევთანხმებულვართ იმაზე, შეეძლო თუ არა ცეკ-ის მაშინდელ პირველ მდივანს ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება! რა თქმა უნდა, არ შეეძლო - ამის თქმა დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად შეიძლება!
იქნებ აფხაზეთის ტრაგედიაც აუცილებელი კანონზომიერება იყო და ედუარდ შევარდნაძე მხოლოდ „განტევების ვაცის“ ფუნქციას ასრულებდა?! (ვიცი ამ სიტყვებს იმ მეგობრებისგან, რომელთაც ბიოლოგიურად სძულთ ედუარდ შევარდნაძე, მკვახე კომენტარები მოჰყვება, მაგრამ, ეს ჩემი აზრია და თუ ვცდები, უფალმა მომიტევოს!). ამიტომ ვამბობ, დრო (ისტორია) ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს-მეთქი.
ჩვენი თანამოქალაქეების „გადემოკრატებულ“ ნაწილს სტალინის სახელის დადებით კონტექსტში მოხსენიება უკიდურესობამდე აშფოთებს და მასში მხოლოდ დეპოტს ხედავენ, მაგრამ ისტორია პირუთვნელი მსაჯულია, იგი კარგსაც და ცუდსაც თავის სახელს არქმევს და ადამიანის (მითუმეტეს, ისეთი ადამიანის, როგორიც სტალინია) ღვაწლს მთლიანობაში აფასებს. ასე იქნება ედუარდ შევარდნაძის შემთხვევაშიც. მართალია, დღევანდელ საქართველოში სხვა ეპითეტით მოიხსენიებენ, რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო მის კისერზეა ჩამოკიდებული, მაგრამ შევარდნაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსად შევა ისტორიაში.
უკვე მედიასაშუალებებმა დააანონსეს, რომ ექს-პრეზიდენტის გამოსამშვიდობებლად მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვლენ საქართველოში, სამძიმარი უკვე გამოხატეს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა, რაც იმის დასტურია, რომ შევარდნაძის სახელს მსოფლიოში ანგარიშს უწევენ!
გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.
ზაურ ნაჭყებია