„ოცნებისგან“ გადარჩენილი „ნაციონალები“, ახალი ძალა, „მწვანე კაცუნები“, კოლექტიური შიზოფრენია, საღ ადამიანებად დასარჩენი ორი კითხვა და დაყრუებილი ხელისუფლება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოსალოდნელ პროგნოზებზე "ივერიონი" ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
-წავა თუ არა ქვეყანა ისევ ერთპარტული დიქტატურისკენ, თუ მოსალოდნელია კოალიციის დაშლა?
-არა მგონია საქართველოში დიქტატურის საფრთხე იდგას, რაც შეეხება კოალიციას, ის უკვე ფუნქცია ამოწურული სტრუქტურაა და დღეგრძელობა არ უწერია. მთავარია, რასთან იქნება დაკავშირებული კოალიციის ბუნებრივი დაშლა-ახალ საპარლამენტო არჩევნებთან თუ რაიმე პოლიტიკურ კრიზისთან. დღევანდელ სიტუაციაში კოალიციას უბრალოდ აწყობს ერთად ყოფნა, რომ არ დაუშვას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შექმნას ილუზია ერთიანობისა, მაგრამ პარლამენტი პრინციპში არაეფექტურია, უკვე ორი წელი იწურება, ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, ჯერჯერობით გამოკვეთილი, ზუსტი ტენდენციები არ ჩანს, ასე რომ ბევრი მიზეზი არსებობს, თანაც ჩვენ უნდა ველოდოთ ოპოზიციური ძალების სერიოზულ გააქტიურებას.
-თქვენ ახსენეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის მოთხოვნა უკვე გაჟღერდა ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ, თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უბრალოდ ჩანაცვლებას ან გადანაწილებას. თქვენი აზრით, სად და როდის უნდა გამოჩნდეს ეს ახალი ძალა და როგორი უნდა იყოს ის, რომ მას გაჰყვეს ხალხი?
-ის რომ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ძალები არ არიან დაინტერესებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით, თავისთავად ცხადია, ამიტომ ისინი ერთმანეთთან კოორდინირებულად იმოქმედებენ, რომ მსგავსი არაფერი მოხდეს, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აგრეთვე გარე პოლიტიკური სიტუაციები თავისთავად შექმნის ისეთ გარემოს, როცა ამის გაკეთება აუცილებელი იქნება, რომ დაძაბულობა მოიხსნას. რაც შეეხება ამ ახალ ძალას, მე ვფიქრობ, რომ მოძრაობა დაწყებულია და პირველი რასაც უნდა ინტენსიური სახე მიეცეს, ადამიანებმა ერთმანეთთან უნდა აღადგინონ კავშირები და რაც მეტი ადამიანი იქნება აქტიური, უკეთესი იქნება. არ არის საჭირო მოლოდინი, რომ ვიღაც პატრონი გამოჩნდება, ვიღაც მხსნელი მოგვევლინება. ხომ ხედავთ რომ არ ჩანს და არც იქნება არასდროს. რჩება ერთი გზა-საკუთარი შვილების ბედის მაფიქრებელი ადამიანები ნახავენ ერთმანეთს, შეთანხმდებიან რანაირი მომავალი სჭირდებათ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და შესაბამისად მოხდება იმ პოლიტიკური ძალის გაფორმება, ამიტომ არც ფულს უნდა ლოდინი, არც მხსნელს, პატრონს, მარჩენალ არქიფოს... ასე რომ, ეს რთული პროცესი 22 წლისთავზე, იმ დიდი ტრაგიკული მოვლენებისა, რომელსაც სამოქალაქო ომის დაწყება და ხელისუფლების დამხობა ერქვა, ნელ-ნელა უნდა განვითარდეს, ასეთი განწყობა იყო 1989-90 წლებში, როცა წარმოდგენა მომავალზე და დამოუკიდებელი ღირსეული სახელმწიფოებრიობაზე იყო. აი მაშინ იყო საოცარი ერთიანობდა და შემდეგ უცებ წელიწადნახევარში ყველაფერი დაინგრა, მაგრამ სხვა გზა ახლა არ არის. ადამიანები, რომლებიც, რომლებიც საკუთარი შვილების და ოჯახების მომავალზე იფიქრებენ, ისინი დაფიქრდებიან იმაზეც-ვინ არის ის ხალხი, ვისაც შეიძლება ენდო არჩევნების შედეგად და პირველად ამ 24 წლის განმავლობაში, ადამიანი აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ, მის ნაცნობებში საკმაოდ ბევრი, ძალიან სერიოზული, წესიერი ადამიანია, რომლის ბაბუიდან მოყოლებული ყველაფერი იცის, ამდენად იგი მივა იმ მდგომარეობამდე, რაც ჩვეულებრივია დასავლური ამომრჩევლისთვის-ადამიანებს არჩევენ პასუხისმგებლობის მიხედვით და არა ნათესავ-მეგობრობით ან ვიღაც პარტიული ბოსის გავლენით. იმ ახალ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც ჩამოყალიბდება, აუცილებლად იქნება ცნობილი სახეები, რომლებსაც ხალხის ნდომა აქვთ საკუთარ ქალაქში, რაიონში, იქნება ნაკლებად ცნობილი სახეებიც, მაგრამ მათ გააერთიანებთ არა ბელადი, არა ფულისადმი მიდრეკილება, არამედ იდეა და პირადი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ოჯახის მომავლისა. ასე ვიფიქრებთ? მაშინ ყველაფერს მოვძებნით მარტივად.
-რა ბედი ელის "ნაციონალურ მოძრაობას"-გაგრძელდება დაჭერები და ამით მოხდება მათი ნეიტრალიზება, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური არენიდან თუ დაიწყებენ ახლა უფრო ჩქარი ტემპით რეანიმირებას?
-რომ არა ბიძინა ივანიშვილი და "ოცნება" კოალიციის სახით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს უკვე აღარ იარსებებდა. ეს მათ გადაარჩინეს ისინი, პოლიტიკურ პარტიებს არ სჭირდება გადარჩენა, პარტიებმა უნდა იმუშავონ საკუთარ ხალხთან და დაუმტკიცონ მათ თავიანთი ავ-კარგიანობა და შესაბამისად მიიღონ მათგან ხმები, მაგრამ როდესაც შენ შერჩევით სამართალს აწარმოებ, როდესაც შენ პოლიტიკური მოსაზრებებიდან აჩერებ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ სამართლის პროცედურების განხორციელებას, შენ უკვე ქმნი გარემოს, სადაც დაუსჯელობის სინდრომი ჩნდება და დაუსჯელობა მით უფრო ძლიერი იქნება, რაც უფრო მაღლა მდგომია ადამიანი თავის იერარქიულ ანუ კარიერის თვალსაზრისით. "ნაციონალური მოძრაობა" არის "ოცნების" გადარჩენილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც თავისი ამომრჩეველი კი ჰყავს, მაგრამ აქვს უზარმაზარი პრობლემები ხალხის დამოკიდებულებაში და არა მგონია მის მიმართ რაიმე სპეციალური რამ უნდა განხორციელდეს, რაც კანონით და კონსტიტუციით არის, ის უნდა განხორციელდეს, ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ის, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დანაშაული აქვს ჩადენილი, აკავებ და ფიქრობ, რომ გარედან ეს ვიღაცის მიერ სხვანაირად იქნება აღქმული, ეს არის ხელისუფლების სისუსტის ნიმუშები და ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი საქციელი ხელისუფლებისა არის ის, რომ მან საკუთარი თავი დაამცირა ამომრჩევლების წინაშე, რომლებიც უდიდეს ნდობას უცხადებდნენ და გადაარჩინა "ნაცმოძრაობა". როგორც ჩანს ასეთი იყო სცენარი.
-როდემდე გაგრძელდება პინკ-პონკის თამაში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და როგორ აისახება ეს ქყვენის იმიჯსა თუ განვითარებაზე?
-პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს რომ კოორდინირებულად და კონსტიტუციის ფარგლებში არ ესაუბრებიან ერთმანეთს, ამას ჩვენ ვხედავთ. ვფიქრობ, რომ ამით არ იგებს არც ერთი მხარე და ცხადია, არ იგებს ქვეყანა, ეს იმ მახინჯი კონსტიტუციის შედეგია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოირგო და ახალმა ხელისუფლებამ ამ ორი წლის მანძილზე არც კი იფიქრა მთავარ ფუნდამენტალურ რამეზე, რომ წესიერი საყრდენი ჩაედო ამ ქვეყნისთვის, ამიტომ არის ეს იწილო-ბიწილო, რომელიც საქმეს ვნებს და ცხადია პოლიტიკურად დააზიანებს "ოცნებას".
-ბატონო დემურ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება. როგორც ვიცით რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ბანკის ალტერნატივას, განვითარების ბანკს ქმნიან. ხომ არ არის ამაში კიდევ სხვა მიზნები ჩადებული? ამ ქვეყნების გაერთიანებას ვგულისხმობ.
-ეს უკვე არსებული გაერთიანებაა და ახლა ქმნიან განვითარების ბანკს. რა თქმა უნდა უფრო მჭიდრო ურთიერთობას აპირებენ ერთმანეთთან, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აქ ყველაფერი ნათელია რუსეთ-ამერიკის, რუსეთ-ევროპის ურთიერთობების გართულების გამო ხდება გადათამაშებები და რუსები ლათინურ ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობას აპირებენ, რადგან ამ უკანასკნელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაციებულია, ასე რომ პოლიტიკაში ცარიელი არაფერი რჩება და მიდის გადათამაშება. ჩინეთი უკვე დიდი ხანია დიდ ინვესტიციებს ანხორციელებს როგორც აფრიკაში, ისე ლათუნურ ამერიკაში, ჩინეთს თავისი დიდი მიზნები აქვს და ამ შემთხვევაში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ჩიხში შესვლამ ხელი შეუწყო ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო დათბობას. სერიოზული პროცესი მიდის, სადაც ყველა მხარეს აქვს რესურსი, მთავარია რომელი მხარე გამოიყენებს ამას იმდენად ეფექტურად, რომ სარგებელი მიიღოს, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რომელიმე მხარე მოგებულია, მითუმეტეს კრიზისი საკმაოდ შეიძლება გართულდეს მალააზიური რეისის თვითმფრინავის ჩამოდგების გამო. თუმცა "როიტერის" ბოლო ინფორმაციით ჯონ კერი და ლავროვი შეთანხმდენენ იმაზე, რომ გამოძიება ღია უნდა იყოს და ეს კარგია.
- ბოლო ხანებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ე.წ. "მწავე კაცუნებზე", ვინ არიან ისინი?
-მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ, საქართველოში როგორც ჩანს კოლექტიური შიზოფრენია გვჭირს, საღი აზრი და პრაგმატიზმი არა მარტო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ დავკარგეთ, ის, რაც ქართულ მედია სივრცეში იბეჭდება და ინტერნეტში ვრცელდება, მგონი ფსიქოლოგიური გადახრის სერიოზული ნიშანია. როგორც იცით, უკრაინაში მიდის ძალიან რთული პროცესი, რომელიც არ არის მხოლოდ რუსეთ-უკაინის ომი ან დაპირისპირება, ეს გაცილებით ფართომაშტაბიანი დაპირისპირებაა და ამას ყველაფერს უდევს საფუძვლად ეკონომიკური ინტერესები. ეკონომიკა და პოლიტიკა კი ფაქტიურად ერთი და იგივეა. 2008 წლის ჯერ ფინანსური და შემდეგ ეკონომიკური კრიზისის შედეგები დაძლეული ამ დრომდე არ არის, ყველას აქვს სერიოზული პრობლემები, ახლა მიდის გასაღების ბაზრებისთვის ბრძოლა. ერთ-ერთი საუკეთესო და მოცულობითი მსოფლიო ბაზარი ეს არის ევრო-კავშირის ბაზარი, ამიტომ აქ არა ორმხრივი, არამედ ცალმხრივი პრობლემებია, არ არსებობს ინტერესების ბალანსი და თამაშის წესები დაირღვა, უკრაინა კი არის პოლიგონი ამ ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. უკრაინის ავანტიურისტულმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩიხში შეიყვანეს თავიანთი ქვეყანა. იქ ახალი ომის წარმოების სრულიად ახალი ტექნოლოგიები მუშავდება და ეს "მწვანე კაცუნებიც" ამ ახალი ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილია. დააკვირდით-არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი, არ არსებობს არანაირი დაჯგუფებები, რომლებიც ერთიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში მოქმედებენ, არ არსებობს შტაბი და ამ დროს არმია ებრძვის ადამიანებს, რომლებიც არაორგანიზებულები ჩანან.
-და ყველაფერი ეს რას ნიშნავს?
-ეს იმას ნიშნავს, რომ ომის ფართომაშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების გადატანა ქალაქებში და გართულებული პერმანენტული დაძაბულობის შექმნა-შენარჩუნება არის ამ ახალი ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უკრაინას ძალიან საღი და საშიში თვალით უნდა ვუყურებდეთ, იმიტომ რომ არც ისე პრიმიტიულადაა საქმე როგორც ჩანს.
-თქვენი აზრით როგორ დასრულდება ყველაფერი?
-ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უკრაინა რომ ვერ მოიგებს, ამ უზარმაზარი პრობლემიდან ვერ გამოძვრება სუფთად და ვეღარ იქნება იმ პერსპექტივის ქვეყანა, როგორიც იყო, ეს თავისთავად ცხადია. რუსეთს რაც შეეხება, ის თავისი ინტერესების გამო თუ საჭირო გახდა იბრძოლებს კიდეც, საერთოდ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ორი რამ. იმისთვის, რომ საღ ადამიანებად დავრჩეთ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ორი კითხვა-რა ხდება? და ვის აწყობს ეს?
-და ბოლოს, კითხვა, რომელიც განსჯის საჯანი გახდა საზოგადოებაში. "ენერგო პრო ჯორჯიამ" სემეკ-ს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით მიმართა, პირველად ითქვა ტარიფი უმნიშვნელოდ გაიზრდებაო, შემდეგ პრემიერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რაც ვიცე-პრემიერმა დაადასტურა, თუმცა საზოგადოება მაინც მოლოდინშია. გაიზრდება თუ არა ტარიფები?
-თუ საზოგადოება დაუშვებს ამას, გაიზრდება! ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში საკმაოდ ძლიერი ინტერესთა ლობისტური ჯგუფი მზადაა დღესვე გაზარდოს ტარიფი, მთავრობამ უკვე დასაწყისშივე დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ტარიფებს ხელი არ მოჰკიდა და უმნიშვნელოდ შეცვალა, გახსოვთ რომ მაშინ მე გაანგარიშებებიც წარვუდგინე მედიას. ძალიან მძიმე სამთვიანი ბრძოლა იყო ამისთვის, მაგრამ მთავრობა წავიდა იმაზე, რომ პირველი დიდი ბზარი გააჩინა საკუთარ სახესა და ადამიანებში მისდამი დამოკიდებულებას შორის. ახლა საკმაოდ მძლავრი ძალები ფიქრობენ ამ თემაზე, რადგან დიდია ენერგეტიკაში ინტერესები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას არ უკავშირდება. ეს არის მტაცებლური ძარცვა იმ რესურსებისა, რომელიც საქართველოში არსებობს და არის პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, ამიტომ არის ატეხილი არასწორი აჟიოტაჟი ხუდონზე და სხვა...ამიტომ ტარიფის აწევით ინტერესთა ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ თავიანთ შემოსავლებს, აი ამაზეა ბრძოლა და არაფერი კავშირი აქვს საქართველოში მეწარმეობის, ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებასთან.
-თქვენ თქვით-თუ საზოგადოება დაუშვებს. რა უნდა გააკეთოს ხალხმა, როგორ არ უნდა დაუშვას?
-ცივილიზებულ სამყაროში არის ერთადერთი კარგად აპრობირებული აზრის გამოთქმის საშუალება. როცა ხელისუფლებები დასავლეთ სამყაროში ყრუვდებიან, მაშინ 100 000-ობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატავს საკუთარ განწყობას. 100 000-ობით უკმაყოფილო ადამიანი ნიშნავს, რომ პირველსავე არჩევნებზე ის დაყრუებული ხელისუფლება აღარ იქნება. საქართველოში ეს ჯერ ვერ გაიგეს, აქ 22 წელია ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფია, ერთი და იგივე პოლიტიკური ელიტა ატყუებს და ხალხიც იტყუებს თავს და ელოდება, რომ ერთი და იგივე არაფრის გამკეთებელი ჯგუფი ერთ დროს რაღაც დიდ სიკეთეს მოიტანს, რადგან სიკეთე არ მოდის, აქედან ერთი დასკვნაა-ადამიანებმა თავიანთ შეხედულებებს უნდა გადახედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებიან ისე, როგორც არიან.
-თუმცა, 100 000 ადამიანი გამოვიდა ID ბარათების წინააღმდეგ, ხელმოწერებიც შეგროვდა, მაგრამ მოთხოვნა მოთხოვნად დარჩა, ვნახეთ, რომ დაყრუებულ მთავრობას ვერც 100 000 ადამიანის უკმაყოფილებამ დაუბრუნა სმენა, გამოდის ეს მეთოდიც ვერ ამართლებს ჩვენს ქვეყანაში.
-ე.ი. ამ ადამიანებმა არასწორად გამოხატეს თავიანთი პროტესტი. ეს პროტესტი არ იყო საშიში არავისთვის და არავის უქადდა არაფერს. 100 000 კაცმა გამოისეირნა და წაისეირნა სახლში. როცა პროტესტს სეირნობის ხასიათი აქვს და არავისთვისაა საშიში, არაფერი შედეგი არ ექნება. პროტესტი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალამ საფრთხე იგრძნოს, რადგან ამას ვერ გრძნობს, უსაფრთხოდ არის და საუბარია ტარიფების გაძვირებაზე, ამიტომაც არის, რომ ბევრი არაფერი იცვლება, ამიტომ არ არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებული, ამიტომაც არის შერჩევითი სამართალი, ამიტომ არის, რომ დამნაშავეები დღესაც ხმამაღლა ლაპარაკობენ და ბევრი სხვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ბოღმითა და გულისტკივილით, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც იტანს... ასე რომ პროტესტის გამოხატვასაც სწორი და შერჩეული ფორმა უნდა.
-აქ უამრავი კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ მოდით მკითხველს მივანდოთ და დავტოვოთ საფიქრელად.