ვის ვისურვებდი საქართველოს პრეზიდენტად?

ვის ვისურვებდი საქართველოს პრეზიდენტად?

დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით ადამიანს, ყველას რომ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, ჩვენი შეხედულებები საჯაროდ გამოვთქვათ ამა თუ იმ პიროვნებაზე, მით უმეტეს, თუ ის გამორჩეულია საზოგადოებაში.


მას შემდეგ, რაც საქართველოში მირონცხებული მეფის ინსტიტუტი მოიშალა, დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ "მრგვალი მაგიდის" ხელისუფლებაში მოსვლამდე, ქვეყნის პირველ პირად (რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ვასალის ფუნქციას ასრულებდა) კომპარტიის, ანუ ცკ-ის პირველი მდივანი ითვლებოდა. ბოლო 22 წელია პირველ კაცს, ანუ სახელმწიფოს მეთაურს _ პრეზიდენტს ვეძახით.


სხვათა შორის, ამ სიტყვამ საკმაოდ დიდი დატვირთვა შეიძინა საქართველოში _ კონსტიტუციით პრეზიდენტი ერთპიროვნული ლიდერია, რომელსაც მითვისებული აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. ხოლო, თუ სააკაშვილის მაგალითზე ვიტყვით, პიროვნება, რომელსაც აქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ არანაირი პასუხისმგებლობა.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იზღუდება პრეზიდენტის უფლებები და მისი საქმიანობა კონტროლირებადი ხდება.


ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გამარჯვებული პოლიტიკური კოალიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას და შეიტანს თუ არა სათანადო ცვლილებებს კონსტიტუციაში, მაგრამ უკვე შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან:


1. "საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში (მუხლი 69).


აქედან გამომდინარე, შეცდომაა აპელირება იმაზე, რომ მომავალი პრეზიდენტი ცარიელი "ფუტლიარია" და ყველა ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.


თუნდაც ის, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, ნიშნავს იმას, რომ მომავალი პრეზიდენტიც მნიშვნელოვანი ფიგურაა და აქედან გამომდინარე, სულერთი არ არის ვის მივანიჭებთ ნდობის მანდატს.


რაც უნდა გვასმენინონ ზღაპრები "ნაცების" მხრიდან მოსალოდნელ რევანშზე, დარწმუნებული ვარ, პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება და მშვიდობიანად მივალთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში უპირატესობა გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციის კანდიდატს ენიჭება.


ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის წინასწარი წარდგენისას იხუმრა, რომ მომავალ პრეზიდენტად კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მოიაზრებს. არ ვიცი, მართლა იხუმრა ბატონმა ბიძინამ, თუ ვახტანგ ხმალაძეზე საზოგადოების რეაქცია აინტერესებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პირადად არაფერი მაქვს საპრეტენზიო ბ-ნ ვახტანგთან, პირიქით, თავისი ინტელექტითა და დაბალანსებული საჯარო გამოსვლებით სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ რამდენად სერიოზულად განიხილება მისი კანდიდატურა მომავალ პრეზიდენტად, სხვა საკითხია. არც ის არის გამორიცხული, ივანიშვილის გახუმრება ყურადღების გადატანის ტაქტიკა უფრო იყოს, რაც სავსებით ნორმალურია.


რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ჯერ კიდევ ადრე აჟიტირებულ კანდიდატს ბ-ნ ირაკლი ალასანიას, არ არის გამორიცხული მომავალი პრეზიდენტის პოსტზე იგი ახლაც განიხილებოდეს. მართალია, საქართველოს თავდაცვის უწყება ის სფერო არ არის, სადაც მან შესაძლებელია, თავი განსაკუთრებით გამოიჩინოს, მაგრამ ამ პერსონის მიმართ საზოგადოების განწყობა საკმაოდ პოზიტიურია. არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც _ ირაკლი ალასანია ნამდვილად ჯდება საერთაშორისო თანამეგობრობის სტანდარტებში, რაც მას სხვა დანარჩენებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.


ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო ამბიციებზე კარგა ხანია იცის საზოგადოებამ. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობა და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, რომელმაც, როგორც პოლიტიკოსს გარკვეული გამოცდილება შესძინა, აძლევს მას უფლებას იფიქროს პრეზიდენტობაზე. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 26 მაისს ცნობილმა მოვლენებმა მისი იმიჯი მთლიანად შეიწირა, ძნელია მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე ღიად საუბრობენ იმ შეცდომებზეც, რომელიც მან "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნისას დაუშვა. ბევრი თვლის, რომ მან, როგორც ხელისუფლების მეორე პირმა და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებებისთვის, რაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანაში ხდებოდა. თუმცა, აქ არის ერთი მაგრამ... ნინო ბურჯანაძემ ივანიშვილის სასარგებლოდ უარი თქვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილება მას დაუფასდეს კიდეც. ერთი სიტყვით, თუ იგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" ფავორიტი გახდება, არ არის გამორიცხული ბურჯანაძემ საუკუნო ოცნება აიხდინოს.

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ნაცმოძრაობა" საიქიოდან უკვე მობრუნდა, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, რებრენდინგი უკვე განიცადა, იმასაც, რომ ისინი ღიად აცხადებენ სახელისუფლებო ბერკეტების დაბრუნებაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ნაცმოს" რომელიმე ფიგურა საპრეზიდენტო ჩოხას უკვე იზომავს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებამდე, აქტიურად განიხილებოდა გიგი უგულავას და დავით ბაქრაძის კანდიდატურები. ბოლოდროინდელი კომპრომატების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა "ნაციონალებმა" უგულავას ამბიციები დააკმაყოფილონ, რაც შეეხება ბაქრაძეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უინიციატივო, შეიძლება ითქვას, უგერგილო ფიგურად ჩამოყალიბდა, ყოფილი ხელისუფლება არჩევანს ალბათ მაინც მასზე შეაჩერებს. მართალია "ნაციონალების" ამქარში მნიშვნელოვანი ადგილი ვანო მერაბიშვილსაც უჭირავს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით საეჭვოა მისი კანდიდატურა საერთოდ განიხილებოდეს.


ახლა კი დავუბრუნდები სათაურში გამოტანილ კითხვას: ვის ვისურვებდი საქართველოს პრეზიდენტად? თუ სურვილზე მიდგება საქმე, საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ბატონ ლევან ვასაძეს ვისურვბდი. ამ დასკვნამდე სულ რამდენიმე დღის წინ მივედი, როცა ტელეკომპანია "მე-9 არხზე" მისი ინტერვიუ მოვისმინე. ვასაძის საპრეზიდენტო ამბიციებზე ადრეც დაიწერა და საზოგადოების მსჯელობის საგანიც გახდა, მაგრამ თავად ბატონმა ლევანმა უარყო მისი შესაძლო გაპრეზიდენტება. მეტიც, მან კატეგორიულად გამორიცხა მისი ჩართვა აქტიურ პოლიტიკაში (ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო "ივერონიც" წერდა).


არ ვიცი, რას ფიქრობს ბატონი ლევან ვასაძე, მაგრამ უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის ადრე ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდა: მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმებაო, რაც "ნაციონალების" ზეობის პერიოდში სავსებით სწორი ტაქტიკა იყო.


ახალმა რეალობამ ახალი იმედები გააჩინა საზოგადოებაში. ხალხი ფიქრობს, რომ ბატონი ბიძინა დანაპირებს შეასრულებს და ქვეყანას სწორ კალაპოტში მოაქცევს. მართალია ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ამის უმთავრესი ფაქტორი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელსაც კონსტიტუციით გარკვეული ბერკეტები გააჩნია სიტუაციის ასარევად, თუმცა პირველივე ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და ქვეყანა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ზიგზაგების გარეშე მივა. ბუნებრივია, პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე გარანტირებული შანსი გამარჯვებული კოალიციის კანდიდატს ექნება. ზუსტად ვინ შეიძლება იყოს ის, ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობია.


ახლა ისევ ლევან ვასაძეს დავუბრუნდეთ. რა მომწონს პირადად მე მასში, როგორც ჟურნალისტს და ანალიტიკოსს? მართალია, მისი საჯარო გამოსვლებით განებივრებული არ ვყოფილვართ, მაგრამ ეკრანზე ვასაძის გამოჩენა ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ყველაზე საინტერესო სწორედ მე-9 არხზე ჟურნალისტ ახალკაცთან მისი ვიზიტი მეჩვენა.


უსმენ ლევან ვასაძეს და რწმუნდები, რომ მისი სახით საქმე გვაქვს გაწონასწორებულ, დახვეწილ ინტელიგენტთან, რომელიც თანაბრად ერკვევა როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში, ზედმიწევნით იცის საქართველოს ისტორია, პატივს სცემს ეროვნულ ტრადიციებს, მაგრამ ღიად აცხადებს, რომ ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ დასავლურ ღირებულებებზეც, ოღონდ ეს თვითმყოფადობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. უყურებ მის გამოკვეთილად ნათელ სახეს და რწმუნდები, რომ ლევან ვასაძე სწორედ ის პიროვნებაა, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი. მას არაფერში სჭირდება სკამი და ძალაუფლება _ აქვს ფული, მაგრამ თავის უპირატესობას ამით არ გაგრძნობინებს; შეუვალია, მაგრამ სამართლიანი; საუბარში საკმაოდ დინჯია და თანმიმდევრული. ერთი სიტყვით, მას ყველა ღირსება გააჩნია იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავოს და როგორც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, იყოს სახელმწიფოს სიმბოლო.


ძნელია იმის თქმა, შინაგანად აწუხებს თუ არა მას საპრეზიდენტო ამბიციები, მაგრამ წყალი არ გაუვა, რომ ლევან ვასაძე საუკეთესო კანდიდატურაა. ის განახლებულ საქართველოს ნამდვილად სჭირდება!


მინდა მივმართო გამარჯვებული კოალიციის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, იქნებ იფიქროთ და დაითანხმოთ ლევან ვასაძე კენჭი იყაროს თქვენი კოალიციის სახელით მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში?! ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს კიდევ უფრო გააძლიერებს და ქვეყანასაც ძალიან წაადგება!


ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: