სასჯელი "ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის, წამება ქართულ ციხეში, გაუპატიურებული ქალბატონი, რომელიც დამნაშავედ მიჩნეულ ლაშა ტაბატაძეს არ იცნობს, შეცვლილი ბრალდება და სისრულეში მოყვანილი მუქარა
მსჯავრდებული ლაშა ტაბატაძის შესახებ თითქმის ყველა სააგენტომ დაწერა, არც მედია-გამოცემებს დაუკლიათ მის შესახებ ინფორმაციის გაშუქება, მაგრამ ამ დრომდე არანაირი შედეგი არ არის და N19-ე საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული თვალებისა და პირის ამოკერვას აპირებს, რომ რაიმეთი მაინც მიიქციოს ყურადრება და მისი საქმე ძიებაში თავიდან წავიდეს.
ლაშა ტაბატაძის მონაყოლი არავის დატოვებს გულგრილს, აი, რას ჰყვება პატიმარი:
-"2007 წელს მერაბ რიკაძეს მამაჩემთან გაუგებრობა მოუვიდა, მაშინ ის უბნის რწმუნებული იყო. იარაღიც კი ისროლა ჩვენი მისამართით, მაგრამ მაშინ სიტუაცია არ გავამწვავეთ. 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენთან "ქართული ოცნების" ლიდერები იყვნენ ჩამოსულნი. კლუბის კარი, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო, ამოგვიჭედეს. მე გავაღე ეს კარი და შეხვედრა ჩატარდა. ამის შემდეგ მემუქრებოდა მერაბ რიკაძე, რომელიც უკვე პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, დაგიჭერო. მთიდან ჩამოვედი, ჩემი ძმის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი და მდინარეზე ჩავედი დასაბანად, რომელიც პოლიციის განყოფილებასთან ჩამოდიოდა. იქ ტელეფონი დამრჩა, რომელიც პოლიციელებმა იპოვეს. 2012 წლის 18 ივნისს დამაკავეს და ე.წ. კაპეზეზე გადამიყვანეს. ბრალი სსკ-ის 141-ე მუხლით წამიყვანეს. გადაყვანისას მერაბ რიკაძე მემუქრებოდა - "ნუ მეწინააღმდეგები, თორემ ციხიდან ვერ გამოხვალო", რაც ამისრულა კიდეც. წინასწარი პატიმრობა მომისაჯეს და N2 დაწესებულებაში გადამიყვანეს. ყოველდღიურად მაწამებდნენ, ანთებულ სიგარეტს ხელზე მაქრობდნენ. მაიძულებდნენ ბრალდება მეღიარებინა. 25 ივლისს მოვიდა გამომძიებელი და შემომთავაზა – აღიარების შემთხვევაში 6 თვეს მოგცემ და გახვალ, თუ არადა საკუთარ თავს დააბრალეო. ვუთხარი, რომ ჩემს მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია. 28 ივლისს მუხლი შემიცვალა და გაუპატიურების მცდელობა დამდეს ბრალად. წამების შესახებ პროკურორ ხაჩიძეს და მოსამართლე ნიკურაძეს ვუთხარი, მაგრამ უშედეგოდ. მოვითხოვე ჩემი მოწმეების დაკითხვა, მაგრამ არ მომისმინეს და 17 წელი მომისაჯეს. სააპელაციო სასამართლოს სხდომებს არ დამასწრეს. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ არანაირ მცდელობას ადგილი არ ჰქონია, თავად ქალბატონმაც თქვა პროცესზე ჩემზე, რომ თვალით არ მინახავსო. გარდა ამისა, არსებობს უამრავი მოწმე, რომლებიც მდინარეზე ჩემი ყოფნისას ადგილზე იმყოფებოდნენ. ამასაც რომ შევეშვათ, მანდვე დგას პოლიციის შენობა და არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მაგრამ არაფერი გაითვალისწინეს. პროტესტის ნიშნად ორივე ხელზე მივიყენე თვითდაზიანებები, მაგრამ ციხის იმჟამინდელმა დირექტორმა მითხრა ვერაფერს გახდებიო და ჭრილობებზე მარილის დაყრდა დამიწყო. მერაბ რიკაძემ კი მითხრა - "შენ რომ "ქართულ ოცნებაში" არ შესულიყავი, არაფერი მოხდებოდაო". მივმართე ყველას დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 14 ივლისს გამოვაცხადე შიმშილობა. თუ რეაგირება არ მოჰყვება ჩემს განცხადებას, ამოვიკერავ პირს, თვალებს და გადავალ მშრალ შიმშილობაზე. მე არაფერი მაქვს დასაკარგი, თუ ჩემი სიმართლე არ დავამტკიცე".
იგივეს ჰყვება მსჯავრდებულის ადვოკატი ვლადიმერ კიკნაძეც.
-2012 წლის 18 ივნისს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ, მსჯავრდებულ ლაშა ტაბატაძეს 137-ე მუხლის საფუძველზე, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.მას ბრალად ედება მცირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურების მცდელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება, არც მაშინ და არც ახლა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, რისი საფუძველიც ნამდვილად გააჩნია. 2012 წლის გაზაფხულზე, როდესაც "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ არ იყო მოსული ხელისუფლებაში, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს, მანანა კობახიძე, ქეთი დოლიძე და სხვები სოფელ ხევში ჩავიდნენ. მოგეხსენებათ, რა ხდებოდა ხოლმე წინასაარჩევნოდ, როცა "ნაციონალები" ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" თითოეული შეხვედრა ჩაეშალათ. იმ დღეს ძალიან წვიმდა. მათ აეკრძალათ კლუბის გახსნა. ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი (ლაშა), მივიდა კლუბთან და თვითნებურად გატეხა ბოქლომი, რათა "ოცნების" ლიდერები შესულიყვნენ და ხალხთან შეხვედრა შემდგარიყო. მაშინ ხარაგაულის რაიონის პოლიციის უფროსი , მერაბ რიკაძე, ლაშას დაემუქრა _ "დედას გიტირებ და აუცილებლად დაგიჭერო". სწორედ ამის მერე დაიწყო დაპირისპირებები რიკაძესა და ტაბატაძეს შორის.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დაზარალებულის ოჯახი 3 დღის განმავლობაში არანაირ ჩივილს არ აპირებდა, თუმცა რიკაძის მითითებით ოჯახმა იჩივლა. საქმე აღიძრა სულ სხვა მუხლით (ანუ გარყვნილი ქმედების და არა გაუპატიურების მცდელობის საფუძველზე). ლაშას ეუბნებოდნენ _ შენ ოღონდ აღიარე დანაშაული და სულ გაგიშვებთო. ლაშამ, რა თქმა უნდა, არ აღიარა და დაიწყეს მისი არაადამიანური წამება: შუაღამისას აღვიძებდნენ, ცივ წყალს ასხამდნენ, ანთებულ ნამწვავებს მის სხეულზე აქრობდნენ, სცემდნენ და საშინელ პირობებში ჰყავდათ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც გრძელდებოდა. ეს ხდებოდა ციხეში გადაყვანამდე _ ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ პროკურატურაში. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი აცხადებს, ამ ყველაფერს უყურებდა პროკურორი გიორგი ხაჩიძე. ამის შემდეგ, ლაშა ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი გაათმაგებული ტანჯვა-წამება დაიწყო. ეს წამება ხორციელდებოდა დაწესებულების უფროსის _ ვინმე ჯიჭონაიას და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის _ არჩილ ტაბატაძის მიერ. მას, აგრეთვე, ყოველდღე სცემდნენ დაწესებულების თანამშრომლები და ე. წ. ბადრაგები. ეს ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ იმ დანაშაულების აღიარების მოთხოვნით, რომელიც მას არ ჩაუდენია. ეს ახალგაზრდა, ზემოხსენებული ხელმძღვანელი პირების განკარგულებით, მოათავსეს ე. წ. სექსუალური უმცირესობის (ანუ ციხის ენაზე რომ ვთქვათ, ქათმების) საკანში, სადაც სცადეს ტაბატაძის გაუპატიურება. მას რომ ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაეწია და თვითმკვლელობა არ ეცადა (გადაიჭრა ვენები, რაც ასახული აქვთ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს 2013 წლის 8 თებერვალს შედგენილ დოკუმენტებში), ალბათ, სისრულეში მოიყვანდნენ ამ თავიანთ ბინძურ ჩანაფიქრს. ფიზიკური თუ მორალური ზეწოლა არ შეწყვეტილა არც სასამართლო პროცესების დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ განუცხადა მოსამართლეს, რომ კვლავ გრძელდებოდა მისი წამება, ამას სასამართლოს მხრიდან საპასუხო არაფერი მოჰყოლია _ მეტიც, მას არ ეძლეოდა მოწმეების მოყვანის უფლება, ხმის ამოღების საშუალებაც კი არ ჰქონდა. დაზარალებულის დაკითხვის დროს, პასუხობდა რიკაძის ახლობელი _ დაზარალებულის დედა. სასამართლო ჩატარდა ზერელედ და ცალმხრივად, ვიდეო-კამერებიდან არ იქნა ამოღებული მასალები".
იმედია, ამჯერად მაინც დაინტერესდებიან უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა ბიჭის ყოფით და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ, შესაბამისი უწყებები კი საზოგადოების მაღალ ინტერესს გაითვალისწინებენ და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ..ბოლო-ბოლო ხომ უნდა დადგეს ქვეყანაში დრო, როცა პასუხგაუცემელი კითხვები არ იარსებებს!..