,,ახალი სულიერი საქართველო"- მითი თუ პოლიტიკური რეალობა

,,ახალი სულიერი საქართველო"- მითი თუ პოლიტიკური რეალობა

   რუბრიკა "რეტრო" ამჯერად ,,აფხაზეთი-ჩემი სახლის" თავმჯდომარის, პროფესორ სალომე კაპანაძის საკმაოდ საინტერესო წერილს გთავაზობთ ისტორიაზე, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს.

 

    შალვა ამირეჯიბის ,,ახალი სულიერი საქართველო"- მითი თუ პოლიტიკური რეალობა

 

   "1940 წლის აგვისტოში ბერლინის ქართველთა კოლონიაში გამოსვლისას საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და მისი მმართველი კომიტეტის დამფუძნებელი, ამავე კომიტეტის წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921) ეროვნული საბჭოსა და დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, არისტოკრატი, დახვეწილი ინტელეგენტი, პოეტი და პუბლიცისტი შალვა ამირეჯიბი იტყვის: ,,აგვისტოს აჯანყებამ, მართალია,'ახალი დამოუკიდებელი საქართველო ვერ შვა, იგი დამარცხდა, მაგრამ მან შვა ახალი სულიერი საქართველო". ეს იყო მისი გულწრფელი გამოძახილი იმ პოლიტიკურ ჟამიანობაზე, რომელიც მის სამშობლოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ გამეფდა. დადგა დრო, როცა ქართველ ხალხს კვლავ ერთგვარი ტესტი უნდა ჩაებარებინა ნაციონალური ღირსებისა და თვითგადარჩენის ინსტიქტის გამოსავლენად. საამისოდ განწირული ისტორიის ამ მონაკვეთისათვის ყველა პირობა არსებობდა. უკვე მერამდენედ უნდა აზვირთებულიყო ნაციონალური ენერგია და მომხვდურთა ცბიერების საპირწონედ გათამაშებულიყო ეროვნული დრამა ნაცნობი სიუჟეტით, პერსონაჟებითა და ფინალით. ეროვნული დრამის ეს მოდელი პერმანენტულად, თითქმის შეუცვლელად იმეორებს ხოლმე თავის არქეტიპს. შეუცვლელია ადგილი და მაპროვოცირებელი გარემოებები. იცვლება მხოლოდ დრო და პერსონაჟთა სიმბოლური გვარ-სახელები. ეს დრამა ათასგზის  დატრიალებულა ქართველი ერის ცხოვრებაში. მას ტრადიციულად მოყოლია ხანგრძლივი რეფლექსია ქართული ყოფიერების სამკვდრო-სასიცოცხლო კოლიზიებსა და ერის ღირსების კატეგორიებზე. ამ განსჯა-შეფასების დროს კანონზომიერი და ლოგიკურია ისტორიის ფრაგმენტების  ასოციაციურ კავშირების მოძიების  მცდელობები, რადგან იგი ყოველთვის კრავდა და აერთიანებდა  ეროვნულ თვითშეგნებას. და როდესაც შალვა ამირეჯიბის  მრავლისმეტყველ ფრაზას ..1921 წელი და საქართველო აღარ არის" ჩვენი ისტორიის ფოლიანტებში ქრონოლოგიურად რაკურს ოდნავ შეუცვლით, შეიძლება ითქვას_ ,,1801 წელი და საქართველო აღარ არის". იგი იმავე შინაარსითა და რემინისცენციებით  იტვირთება, როგორც 1921 წელი. და მაინც, შეუძლებელია  დიდებული სისადავით და ასე  სიღრმისეულად გამოხატო ამ თარიღის ტრაგიზმი. იგი სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა მისგან დევნილ ,,სამანს იქეთა საქართველოს". (რუსუდან ნიშნიანიძე) იმ მრავალ კითხვათა და გამოსავლის ძიებათა ქრონოლოგიაში შალვა ამირეჯიბის ყველა კითხვასა და პასუხს მორალური არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ აქვს, რომ იქ, უცხოეთში ისე ეზმანებოდა მამული, როგორც ,,ხატი და მოჩვენება" და სიცოცხლის ბოლომდე დაუნდობლად ამხელდა ეპოქისეულ ორსახოვნებას,  წითელი ეპიდემიის არსსა და საშიშროებას:

   ,,თავისი ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზე ძეგლად და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს."

   გოეთესეული  ფრაზა ,,ჟამთა აღწერა ერთ-ერთ საშუალებაა, რათა ზურგიდან ჩამოიხსნა წარსულის ტვირთი"' ვერასოდეს მიესადაგება შალვა ამირეჯიბის მცდელობებს ქვეყნის ისტორიის ეს მონაკვეთი, როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მისმა ღირსეულმა შვილებმა ტრადიციულად აიღეს პასუხისმგებლობა  საკუთარ თავზე რუსეთიდან ომპორტირებული ,,სოციალისტურად მორთულ-მოკაზმული" (სამსონ ფირცხალავა)  იმპერიალიზმისათვის ისევე გაეწიათ წინააღმდეგობა, როგორც ეს წინამორბედი საუკუნის სვეუბედურ 1832 წელს მამათა თაობამ გააკეთა. მისთვის ეს ისტორია არასოდეს ყოფილა წარსულის ტვირთი, პირიქით, იგი ლამპარი იყო მომავლისათვის, რათა გამარჯვების რწმენა დამარცხების ტკივილს არ დაეჯაბნა. და როდესაც 1924 წელს ეროვნული დრამა თითქმის დუბლირებული კოლიზიებითა და გმირებით, რეჟისორითა და ჯალათით  კვლავ განმეორდა, მან არსებული რეალობისათვის მოულოდნელი ფრაზა წარმოთქვა, იშვა ახალი სულიერი საქართველოო.  მართლაც, საქართველო კვლავ იშვა და აღორძინდა იმ ძალასთან ჭიდილში, რომელიც 17 წლის მარო მაყაშვილმა ასე დაახასიათა: ,,რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა ჩვენ, კულტურა, სულ გასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეგ ერთი ერია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი..."

   1921 წელს ეგ ,,ღმერთისაგან დაწყევლილი რუსეთი" უკვე თბილისშია.  მას   ერისგან მრავალგზის დაწყევლილი, თეთრ ცხენზე ამხედრებული  რენეგატი მოუძღვის წინ. ,,ჰა, აღსრულდა, თქვენ მოხვედით, ჩვენ მიგიღეთ ცრემლით ცხელით, მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ, რომ სხვის ხიშტით შემოხვედით. "_წინასწარმეტყველურად აღმოხდება იოსებ გრიშაშვილს.

   ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობა ვერ იხსნა იუნკერთა დაღვრილმა სისხლმა,   ვერც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაინდულმა სულმა და მისი შეფიცულების მხედრულმა თავგანწირვამ. გოლოვინის პროსპექტზე ჯალათებმა სამაგალითოდ დაასვენეს კოჯრისა და ტაბახმელას გმირები, თითქოს არწმუნებდნენ თბილისს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დატოვა თბილისი და სტამბულის გავლით საფრანგეთს მიაშურა. მაგრამ ეს არ იყო საბოლოო დამარცხების გზა. მათ დამარცხების ტკივილთან ერთად თან გაიყოლეს  წინააღმდეგობის განახლების იმედი, რომელმაც 1924 წლის აჯანყების სახით იფეთქა საქართველოში. ქართული ემიგრაციისათვის იგი ბოლომდე დარჩა აწმყოსთან მუდმივად გაზავებულ, რეალობის მამოძრავებელ ფაქტად, როგორც კოხტასთავის, 1832 წლის და სხვა მრავალი ეროვნული ცნობიერების შემკრავი და მაორგანიზებელი ბრძოლის ისტორიები. ამიტომაც არ ელეოდათ მათ არგუმენტები ამ აჯანყების დამარცხებისა და წარუმატებლობის მიზეზთა კვლევისას, ჰქონდათ განსხვავებული და ზოგჯერ კრიტიკული მოსაზრებებიც, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე_ქართველი ერი არ უნდა შეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და 1924 წლის შეთქმულების მსგავსი წინააღმდეგობანი ყოველთვის იქნებოდა  ერის მეხსიერებისა და ღირსების   სადარაჯოზე. მათ ჰქონდათ სრულიად ლეგიტიმური კითხვები საქართველოს 117-წლიან ისტორიაზე, ბაგრატოვანთა გვირგვინის მოშთობასა და ერთმორწმუნეობის ნიღბით ჩატარებულ საეკლესიო ტერორზე. ისინი  ბჭობდნენ და ფიქრობდნენ უღმერთობის საბჭოურ ჟამიანობაზე და რკინის ფარდით გამიჯნულ ჭეშმარიტების გაცხადებაზე ოცნებობდნენ საყვარელ მამულში. ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობისათვის ეს სიმართლე   სწორედ 1924 წლის აჯანყებასთან  ასოცირდებოდა.

   ქართველი ემიგრანტების მოუსყიდველი ნაწილი წლების განმავლობაში  ერთგულებდა აგვისტოს აჯანყების იდეას და დაუღალავად გადაქონდათ ქაღალდზე  მასთან დაკავშირებული მოგონებები. 1931 წლის 30 აგვისტოს შალვა ამირეჯიბმა ქართული კოლონიის სხდომაზე ტრადიციულად, უკვე მერამდენედ წაიკითხა მოხსენება აჯანყების დამარცხების, მისი მაღალი იდეალების შესახებ და აღნიშნა: ,,მნიშვნელობა აგვისტოს აჯანყებისა დღესაც იგივეა, როგორიც იყო როცა მას აწყობდნენ, როცა ის ხდებოდა და როცა ის დამარცხდა". (2.138) საკმაოდ ვრცელ მოხსენებაში შალვა ამირეჯიბმა თანმიმდევრულად, კიდევ ერთხელ გაიაზრა მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მომავალ საქართველოსთან. ისტორიული ექსკურსი, რომელსაც მომხსენებელი წარმოგვიდგენს  გათვლილია ერის ჯანსაღი ფსიქიკისა და იდეური სიმრთელის შენარჩუნებაზე. აგვისტოს აჯანყებაზე მის ღრმა რეფლექსიას მდიდარი დოკუმენტური მასალა და ცოცხალი მოგონებები ამშვენებს. შალვა ამირეჯიბისათვის აგვისტოს აჯანყება იყო საჯარო ეროვნული აქტი, საზოგადოებრივი მოვლენა, რომელშიც ფასობდა არა ტაქტიკური გამარჯვება, არამედ პოლიტიკური შინაარსი. ,,რევანშის გრძნობა ისეთ ერში, რომელსაც თავისი სიცოცხლის ნიჭის დამტკიცება სურს_სრულიად ბუნებრივი გრძნობაა"(2.139) ამბობს იგი და ამ ,,ბუნებრივი გრძნობის" გამოცოცხლების იმჟამინდელ მიზეზსაც არაერთხელ უბრუნდება: ,,რუსეთი საქართველოში ბოლშევიკების დროშით შემოვიდა, რომელმაც ომი გამოუცხადა კაცსა და ნივთს. თუ ამას დაუმატებთ საშინელ ტერორს, რომელიც უკვე აჯანყებამდე ავლებდა მუსრს ქართველობას, თუ იმასაც ჩააგდებთ ანგარიშში, რომ ბოლშევიკური რეჟიმი ისეთი რეჟიმია, რომელსაც არავითარი ნებადართული და კანონიერი საშუალება თავის დაცვისა არა სწამს, თუ იმასაც მოვიგონებთ, რომ საქართველო დაიპყრო ისეთმა ძალამ, რომელსაც მსოფლიოშიაც სახელი წამხდარი აქვს და კაცობრიობის მტრად იყო და დღესაც არის მიჩნეული. თქვენ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ აჯანყება ერთადერთი საშუალება იყო არამარტო ბრძოლისა, არამედ მარტოოდენ პროტესტისა" (2.139) ეს შეფასება დღესაც უცვლელად შეიძლება მიესადაგოს რუსეთის საგარეო პოლიტიკას, მის დაუოკებელ იმპერიალისტურ ამბიციებს. თითქმის საუკუნის შემდეგ შალვა ამირეჯიბის ეს გამონათქვამი არ კარგავს სიმძაფრეს და იმ  გამოსავალზე გვესაუბრება, რომლის ალტერნატივა არც იმხანად და არც ახლა, რუსეთთან ურთიერთობისას სამწუხაროდ, არ არსებობს. არ არსებობდა იგი მაშინაც, როცა რუსეთმა ურცხვად გადაწერა გეორგიევსკის ტრაქტატი,  ბაგრატოვანთა დინასტია მისი ხელდასმული მეფისნაცვლის ინსტიტუტით ჩაანაცვლა და საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა ასე განსაზღვრა ,,ქართულ სხეულში_ რუსული სული".

   შალვა ამირეჯიბის ისტორიული მეხსიერებისათვის 1924 წლის აჯანყება სწორედ ამ პოლიტიკის ლოგიკური განვითარება და შედეგი იყო. ყოველი წლის მარიამობისთვეს ქართული ემიგრაცია კვლავ და კვლავ იკრიბებოდა, რათა რწმენა არ დაეკარგათ და იმედისთვის მიეცათ საზრდო. საბჭოთა დაზვერვა ყველაფერს აკეთებდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებში შიდაგანხეთქილებისა და შუღლის დასათესად. ამის საილუსტრაციოდ მარტო გრიგოლ ვეშაპელის სახელიც იკმარებდა, რომელიც 1924 წლის აჯანყების შემდეგ ღიად აწარმოებდა პროპაგანდას საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლოდ მის მიერ დაარსებული გაზეთის ,,ახალი საქართველოს" მეშვეობით და ქართველ ემიგრანტებს დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია და ბოლშევიკური წყობის რეკლამირება დაიწყო. გაზეთის პირველსავე ნომერში მან ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია 1924 წლის აჯანყების მიმართ; ,,დღეს აჯანყების სისხლი გვავალებს, მოვითხოვოთ ანტიბოლშევიკური ფრონტის ლიკვიდაცია. და ეს კი ნიშნავს ამ ფრონტთან დაკავშირებულ ყველა პარტიულ და ინტერპარტიულ ორგანიზაციათა ლიკვიდაციას. უნდა ვაღიაროთ აშკარად, რომ როგორც ნოე ჟორდანიას მთავრობა, ისე კარლო ჩხეიძის დამფუძნებელი კრება და მისი შემადგენელი პარტიები პოლიტიკურად მოკვდენ..." (2. 236)

   შალვა ამირეჯიბი იყო სწორედ ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც თავგანწირვით იცავდა აჯანყების იდეას მსგავსი შემოტევებისაგან და დაბეჯითებით მოითხოვდა მის ობიექტურ შეფასებას. მან კარგად იცოდა, რომ ნიჰილიზმი საბოლოოდ დაასამარებდა ქართველთა ეროვნულ განცდებსა და ღირსების გრძნობას. იგი არ მალავდა, რომ სიფრთხილის გრძნობა აჯანყების მიმართ ბევრ ღირსეულ ქართველს ტანჯავდა, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა მისი დაწყებისა და ორგანიზების თარიღს, მაგრამ ეს არ იყო პროტესტის არარსებობის სიმპტომი და შემგუებლობა არსებული მდგომარეობისადმი. შალვა ამირეჯიბი მოგვითხრობს მისი შეხვედრის შესახებ ნიკო ნიკოლაძესთან, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება გააჩნდა აჯანყებასთან მიმართებაში. ხალხის ცოცხალთაგანი მამამთავარი მარწმუნებდა და მირჩევდა, რომ აჯანყებაზე ხელი აგვეღოო,_იგონებს იგი და თაობათა ურთიერთობის დიალექტიკის გათვალისწინებით ამბობს: ,,მოხუცები რომ ახალგაზრდებზე ჭკვიანები არიან, ძველი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ერთ ორმოც წელს არა სჯერდება და მოითხოვს მეორე ორმოც წელსაც. მე მაშინ ოცდათვრამეტი წლის ვიყავი". (2.158) ეს არ იყო დანაშაულის განცდა, რომელიც შალვა ამირეჯიბს აჯანყების იდეას უპირობოდ შეცდომად აღიარებინებდა. ეს იყო განცდა, რომელიც მას აძლევდა საშუალებას თვალი გაუსწორებინა მომავალი თაობისათვის. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გაჟღერდებოდა საბედისწერო კითხვა_ იბრძოლეთ თუ არა, და ეს კითხვა უფრო მძიმე იქნებოდა ისტორიისათვის, ვიდრე 1924 წლის მსხვერპლთა უდანაშაულო სისხლი.

   შალვა ამირეჯიბი ბოლომდე ერთგული  დარჩა აჯანყების იდეის. მისთვის დემოკრატიული რესპუბლიკის შენარჩუნებაზე უფრო მთავარი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო. სწორედ ამ იდეის დაკარგვა იყო შალვა ამირეჯიბისათვის ეროვნული ტრაგედია, ერის სასიცოცხლო ნიშანსვეტის სიმბოლო გათვლილი დროის მარადიულ მდინარებაზე. აჯანყება უნდა მომხდარიყო, რათა ქართველობას ეროვნული კატასტროფა აეცილებინა. წინააღმდეგობის უნარის გამოვლენა ამ შემთხვევაში არც მეტი, არც ნაკლები ყველაზე თვალსაჩინო საშუალება იყო.

   შალვა ამირეჯიბის ბიოგრაფიაში მეტად უცნაურად მოჩანს ის ფაქტი, რომ მან ხელი არ მოაწერა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ამის მიზეზებს იგი დაწვრილებით განმარტავს თავის მოხსენებაში. როცა ეროვნული საბჭოს წევრები სიხარულით ადიოდნენ პრეზიდიუმის მაღლობზე და საზეიმოდ აწერდნენ ხელს ისტორიულ დოკუმენტს, შალვა ამირეჯიბი ფიქრობდა, რომ რესპუბლიკური წყობა საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მოუტანდა. მას სწამდა, ერთადერთი ხსნის გზა საქართველოსათვის მხოლოდ მონარქიის აღდგენა იყო. ,,ქართველ ერს თავისი დამოუკიდებლობა და თავისი სახელმწიფო უყვარდა. არა იმიტომ, რომ ის იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც ეს ქართველ დემოკრატიას ეგონა, არამედ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა ნიშნავდა მის ძველი ისტორიულ ტრადიციის აღდგენას, რომლითაც მან ოცი საუკუნე სახელმწიფოებრივად და ეროვნულად იარსება".(2.158) დიახ, ეს გახლდათ შალვა ამირეჯიბის არცთუ უსაფუძვლო, დამაჯერებელი არგუმენტები. იმ დღის ერთი პასაჟიც კი აფრთხობს მწერლის დამოკიდებულებას შეპირებული დემოკრატიულობის მიმართ და აფხიზლებს მის შესანიშნავ ინტუიციას. თუნდაც ის, რომ ,,თვალი იქიდგან ამ აქტს წითელ დროშაზე ჩამოხატულმა მარქსმა ჩაუკრა თვალი და ამ დღეს პარლამენტში სოციალიზმის წითელი დროშა ფრიალებდა". (2.149)

  ეროვნული დროშა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პარლამენტში მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ აფრიალდა. შემთხვევითი არც ის არის, რომ შალვა ამირეჯიბის ერთი ვრცელი პუბლიცისტური ნარკვევი ,,ოქროს დროება", რომელიც უამრავ საინტერესო მოგონებას მოიცავს, სწორედ ისტორიის ვრცელი ექსკურსით იწყება_X საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე რუსეთთან ,,შეუღლებამდე". ეს მომოხილვა აქტუალურ სახეს იძენს სწორედ სოციალ-დემოკრატების ეროვნული მსოფლმხედველობის ჭრილში და ათვალსაჩინოებს შალვა ამირეჯიბის  პოზიციას. იგი სოციალ-დემოკრატებს არგუმენტირებულად ადანაშაულებს ისტორიის უგულებელყოფასა და საქართველოს წარსულთან კავშირის გაწყვეტის მცდელობაში. ,,აქვს ვისმე უფლება, გამოვუდეს და სთქვას, მე მხოლოდ მომავალი მაინტერესებს, მე წავიყვან ქართველ ხალხს ახალი გზებით, ისტორია კი თქვენა გქონდეთ, სწერეთ რამდენიც გენებოთ, ხატეთ და ლექსეთ იგი, მაგრამ ნუ ჩასჩხირავთ მას ჩვენ დღევანდელ სათქმელში, ნუ დაგვაბრუნებთ უკან, რადგან, რადგან ისტორიას უკან მივყევართ და არა წინო? ასეთი უფლება არავის აქვს! ქართველმა კაცმა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებს, საქართველოს ისტორიასაც ხელი უნდა მოაწეროს".(2.104)

   სოციალ-დემოკრატების მიერ ისტორიის იგნორირების საშიში მიდრეკილებები რომ შალვა ამირეჯიბის ფუჭი ასოციაციები არ იყო, წერილში მოთხრობილი ერთი საინტერესო ფაქტიდანაც ირკვევა. იგი უკავშირდება თბილისში იმხანად არსებულ ერეკლე მეფის სახელობის დიდი ტრადიციების მქონე სკოლას, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ერეკლე მეფის სახელობა ჩამოართვა და ,,ქართული დემოკრატიისათვის შესაფერი რუსული სახელი მიაკერა". თბილისის ქალაქის საბჭოს ამ ანტიეროვნულმა გადაწყვეტილებამ აღაშფოთა საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ბუნებრივია, შალვა ამირეჯიბიც იყო. გამოითქვა პროტესტი, თუმცა ,,საზოგადოების უკმაყოფილებაზედ ,,დემოკრატიამ" ყურიც არ გაიბერტყა. სკოლას მეფე ირაკლის სახელი მოხსნეს და პატარა დაფა,  რომელსაც დიდი ქართული სახელი ეწერა, სადღაც მიაგდეს."(2.127) შალვა ამირეჯიბის მოგონებით იმხანად ეროვნული გრძნობის ასეთი შეალახვა საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა. მოვუსმინოთ კვლავ შალვა ამირეჯიბს: ,,განა ვისთვის იყო საჭირო, რომ ტფილისის ერთ უმთავრეს ქუჩას პლეხანოვის პროსპექტი დაარქვეს? მხოლოდ რამდენიმე თუთიყუშისათვის, რომელიც პლეხანოვს საქართველოში ჰყავდა! მაგრამ ეს მოხდა და მრავალი სხვაც" (2.127) ეს მრავალი სხვა უკავშირდებოდა ,,ვინმე ნერუჩევის მიერ შედგენილ ქართული მიწის კანონს. იმას, რომ სოციალ-დემოკრატების მიერ ,,საქართველოს მინდვრებში სტეპკა რაზინის, პუგაჩოვისა და ლენინის სული ითესებოდა". (2. 127) შალვა ამირეჯიბისათვის ეს არ იყო მხოლოდ სოციალ-დემოკრატების პარტიული პოსტულატებისა და სტრატეგიის კრიტიკა. მისთვის ეს იყო ეროვნული იდეების ღალატი, რუსული სტანდარტის ფსევდოდემოკრატიის არსის მხილება,  რომელშიც საქართველოს მომავლის საფრთხეს ჭვრეტდა. მისთვის მთავარი ეროვნულ იდეალებზე დამყარებული სახელმწიფოებრიობა იყო და არა მარქსისტულ-ლენინური სოციალიზმი, რომლის თანახმად საქართველოს რესპუბლიკა ფაქტიურად ემიჯნებოდა ქართულ ისტორიას. მოგვიანებით, ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი  მივა იმ დასკვნამდე, რომ მონარქიის ინსტიტუტი არის ერთადერთი ხსნის გზა, რომელიც საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას დაუბრუნებდა.

   მართლაც, ქართული ემიგრაცია სერიოზულად ფიქრობდა მონარქიის აღდგენაზე საქართველოში. შალვა ამირეჯიბის ფონდში არსებული ხელნაწერი ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მასალას წარმოადგენს. იგი დათარიღებულია 1942 წლის 25 მაისით, ზედ აწერია ,,პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის". ფურცლის არშიაზე გაკეთებული მინაწერი კი ცხადყოფს ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" სრულიად საქართველოს დინასტიის აღდგენის ინიციატივას და ამ მიზნით ,,დიდებულ, ძლიერ გერმანიასთან" თანამშრომლობის აუცილებლობას. აქვე დასახელებულია ტახტის მემკვიდრეების ვინაობა. ერთი_თავადი ირაკლი მუხრან-ბატონი და მეორე ,,შერჩევით, დამსახურებითა და მოდგმით" თავადი სვიმონ ციციშვილი. ამავე ფურცელზე გაკეთებული მინაწერიდან ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს თავისი კანდიდატურა მოუხსნია ირაკლი მუხრან-ბატონის სასარგებლოდ, რათა ამ კეთილშობილური იდეის ირგვლივ დარაზმული საზოგადოების გახლეჩა არ მომხდარიყო. ეს ჟესტი უდავოდ ადასტურებს იმას, რომ სვიმონ ციციშვილზე ემიგრაციას არჩევანი  შემთხვევით არ გაუკეთებია. იგი მართლაც ღირსეული პიროვნება გახლდათ და ლოზუნგი ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა" მისთვის ფორმალური არ ყოფილა.

   ხსენებული დოკუმენტი, სადაც იკვეთება ქართული ემიგრაციის მცდელობები მიმართული მონარქიის აღსადგენად, ფოსტით არის გაგზავნილი შალვა ამირეჯიბთან. იმ პერიოდისათვის იგი ბერლინში იმყოფებოდა და იქიდან გულშემატკივრობდა ამ იდეას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი გააქტიურებული ყოფილა აჯანყების მომზადების პერიოდშიც. ამიტომაც გაუჩნდათ სოციალ-დემოკრატებს კონკურენციის შიში და გარკვეული უნდობლობა სამხედრო ცენტრის მიმართ, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელთან ასოცირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შალვა ამირეჯიბი დამოუკიდებლობის კომიტეტის აქტიური წევრი იყო, მას არ გაჭირვებია ემხილა სიციალ-დემოკრატები იმ მავნებლურ განზრახვაშიც, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის დისკრედიტაციას ითვალისწინებდა.  როდესაც სოციალ-დემოკრატები მიხვდნენ, რომ ქაქუცას ხალხი ენდობოდა_ტაქტიკა შეცვალეს. ,,ამ დღეებში ქართველი ხალხის სისხლი შეერთდა და ამ სისხლში განსხვავება არ იყო". ასე შეაფასა მან სოციალ-დემოკრატების ტაქტიკა, რომელიც ერთი მიზნით იყო შეკრული_სისრულეში მოეყვანათ აჯანყების ჩანაფიქრი.

   1924 წლის აჯანყების ისტორიული მნიშვნელობის შეფასებისას თავის წერილში ,,სისხლისათვის ქართლისა" შალვა ამირეჯიბმა ტრადიციულად გამოამჟღავნა უკომპრომისობა მათ მიმართ, ვინც ემიგრაციაში აგვისტოს აჯანყების კრიტიკით იყო დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ დავით მხეიძე, რომელიც გრიგოლ ვეშაპელის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და, სხვათაშორის, 1924 წელს ანტიბოლშევიკურ ოპერაციებსაც ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. ემიგრაციაში მან აჯანყებას თავიდან ბოლომდე ავანტიურა უწოდა და მისი მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა. გასაკვირი არ იყო, რომ დავით მხეიძეს ,,ჯილდოდ" საბჭოთა საქართველომ უკან დასაბრუნებელი ვიზა უწყალობა, რადგან ბოლშევიკებისათვის ყოველი ასეთი ვოიაჟი ის მონაპოვარი იყო, რომელიც  მათ პოზიციებს უმყარებდა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველთა სისხლს ჩამორეცხდა.  ასეთ მერყევ ადამიანთა შორის აღმოჩნდა ტარიელ მარგველაშვილიც, რომელსაც აგვისტოს აჯანყების აღსანიშნავ ტრადიციულ კრებაზე უაპელაციო ტონით  მოსაზრება გამოუთქვამს, აჯანყება არ უნდა მომხდარიყო, იგი სრულიად მოუმზადებელი იყოო. შალვა ამირეჯიბის განსაკუთრებული განრისხება გამოუწვევია ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოხსენიებამ იმ ე. წ. ,,ბანდიტთა სიაში", რომლებმაც ,,ქართველი ხალხი ამ აჯანყებაში ჩაითრია", ვინაიდან მას სწამდა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო_ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ამ ისტორიაში შევიდოდა, ,,როგორც მისი ბრწყინვალე ეროვნული გმირი". ცხადია, შალვა ამირეჯიბის ეს კანონზომიერი პროფეტულობა და სიმართლე იმ ღვაწლიდან, თავდადებიდან  იყო ამოზრდილი, რომელიც ქაქუცას სახელს იმთავითვე უკავშირდებოდა  სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ჰეროიზმისა და ქვეყნის სიყვარულის გამო.  ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მწერალი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით გაუგზავნიათ მოსალაპარაკებლად. იმ საბედისწერო ჟამს მას კიდევ ერთხელ უნდა ეცნობებინა   გაუტეხელი ბელადისთვის, რომ 1924 წლის აჯანყების მოთავენი მასზე დიდ  იმედებს ამყარებდნენ. ადვილი საფიქრებელია, შეფიცულების გარემოცვაში მყოფი, მოუდრეკელი, ბრძოლის ჟინით ანთებული ქაქუცა რა შთაბეჭდილებას მოახდენდა მასზე.  

   ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მისი სულიერი და იდეური სიახლოვე ასახულია შალვა ამირეჯიბის ერთ საინტერესო მოგონებაში ,,მზე-ქალა", რომელიც თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ მხატვრულ ტექსტს და შალვა ამირეჯიბის მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნიჭის მორიგ გამოვლენად ვაღიაროთ. მასში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონაყოლი ამბავი წარმოდგენილია არამარტო მხატვრული, არამედ დოკუმენტური თხრობის ყველა ჟანრობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ხევსურ მებრძოლ  მზექალას ქაქუცა ჩოლოყაშვილი მაშინ შეხვედრია, როცა თავის შეფიცულებთან ერთად ხევსურეთში იმალებოდა და ბოლშევიკებზე მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდა. თვრამეტი წლის მზექალა არაბული აბჯარასხმული, უბელო ცხენზე ამხედრებული ხლებია ქაქუცას, რათა ორწყალზე გაეცილებინა მეთაური და თავისი გადაწყვეტილება უცნობებია_ხევში ცოცხალი თავით არ შემოუშვებ რუსებსო. მზექალას თქმით, მისი გვარი ერეკლე მეფის ნათლული ყოფილა და ეს  აორმაგებდა მის საბრძოლო განწყობას, ავალდებულებდა  ქვეყნისათვის გაეწირა თავი.  მართლაც, ხევსურეთში ამოსულ მეფე ერეკლეს სამოცი ბავშვი მოუნათლავს, მათ შორის არაბულები.  რის შემდგომ ხევსურები მათ შთამომავლობას თურმე ,,ირაკლის ნათლულებს" ეძახდნენ. მზექალა ამაყობდა ამით, ფიცი არ გაუტეხავს და  საქმითაც დაუმტკიცებია თავისი ერთგულება. მან ცოცხალი თავით არ შემოუშვა რუსები სახლში. როდესაც მტერმა მზექალას ალაყაფის კარს გადააბოტა, ნახა ,ქალი მხოლოდ ერთი ტყვიით იყო მკვდარი, ტყვია იმ ადგილას მოხვედროდა, რომელიც მას ისეთის უმანკო მოურიდებლობით დაჰქონდა ღია მკერდში, თავზედ თავისი უბელო ცხენი ადგა".(2.134) როსტომ ჩხეიძე თავის ავტობიოგრაფიულ რომანში ,,შავი ჩოხა" დოკუმენტურ ნოველას უწოდებს შალვა ამირეჯიბის ,,მზე-ქალას" და აღნიშნავს: ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაამბობს ეყრდნობა ,,მზე-ქალა", და ეს წინასწარი უწყება მხატვრული მისტიფიკაცია კი არ არის, არამედ ბელადის მონაყოლის თითქმის სტენოგრაფიული ჩანაწერი, ბელეტრისტული კალმის ჩარევით მომხიბლავ სიუჟეტურ ქარგად შემონახული".(3.217) სხვათაშორის, მზექალას სახელი, როგორც ერთი ხევსურის ნაამბობი ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებშიც გაიელვებს.

   შალვა ამირეჯიბისეულ სიმართლეს ქაქუცა ჩოლოყაშვილზე თითქმის ნახევარი საუკუნე მალავდა საბჭოთა კონიუნქტურა. ბოლშევიზმის ზღუდეებით საგანგებოდ დაცულ საქართველოში არც შალვა ამირეჯიბის სახელს წყალობდნენ, ისევე როგორც გრიგოლ რობაქიძის, ვიქტორ ნოზაძისა  და სამშობლოდან გაძევებული ბევრი ემიგრანტის. და მაინც, სამართლიანი აღმოჩნდა დრო და ბედისწერა. მათი ღვაწლიც დაინდო ჟამთა სიავისაგან და ქართული ცნობიერებაც, რადგან ამ ინტელექტუალური მემკვიდრეობის გარეშე ბევრი რამ  იმ წესრიგის მიღმა დარჩებოდა,  რასაც ერის მეხსიერება ჰქვია.

   ვიქტორ ნოზაძე ასე გამოეხმაურება შალვა ამირეჯიბის გარდაცვალებას: ,,კიდევ ერთი, საქართველოში დაბრუნებას მოწყურებული, სამშობლოს ხილვით მშიერი, მძიმე, რთული განცდებით შეპყრობილი ქართველი კაცი გარდაიცვალა უცხოეთში. შალვა ამირეჯიბი. ეს კაცი ჩვენი თაობის ისტორიაა, მისი აზრი და ფიქრი, მისი ნატვრა და ბრძოლა" (4. 233) უკეთესად თქმა ალბათ გაჭირდება.  ამ  სევდის ლაკონურად გამოსახატავად ისევ ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა თუ გამოგვადგება, სადაც დედის  გაოცებას, სადაა ჩემი კარგი გული, ამდენის ვაით რომ ჩაგიდგი საგულეშიო,  საქართველოს რუქამ უპასუხა_ ,,მე დავაჭკნე". შალვა ამირეჯიბიც ამ გამოუთქმელი სევდისა და ერთგულების ერთ-ერთი მსხვერპლია, რომლის გარეშე ჩვენი ისტორია არასოდეს დაიწერება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: