გიგლა აგულაშვილი:-"პრემიერის ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების განიავებას"

გიგლა აგულაშვილი:-"პრემიერის ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების განიავებას"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი პროექტი ამოქმედდება . პროექტის მიხედვით საქართველლოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე დახმარება, აქვე იგულისხმება  საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა. 

   პრემიერის ახალმა დაინტერესებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად კითხვაც ბევრი გაჩნდა, რომლებზეც პასუხის მიღებას  "ივერიონი" ეკონომიკის საკითხებში ჩახედული ადამიანებისაგნ შეეცადა. ამჯერად აღნიშნულ საკითხზე  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს გავესაუბრეთ.

   -ბატონო გიგლა,  რამდენად რეალურია პრეზიდენტის ახალი ინიციატივა და თუ იარსებებს რაიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვით განისაზღვრება პროექტები? ასე ხომ ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაწეროს რაიმე პროექტი და მოითხოვოს საჩუქრად 5000 ლარი? რა განსაზღვრავს პრემიერის ამ საჩუქარს? აქვს კი საქართველლოს ბიუჯეტს ამის საშუალება და მოდით ახალი ინიციატივის დადებით და ნეგატიურ მხარეებზე ვისაუბროთ.

   -მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 30 ათას ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთი არ აღემატება 45 000 ლარს. მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება: 

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას; 

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს; 

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება; 

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა; 

5. სათამაშო ბიზნესი. 

6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება). 

7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს და გათავისუფლებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გმოყენების ვალდებულებისაგან. 

   თუ ზემოთ დასახელებულ პირობებს აკმაყოფილებს, მიკრო ბიზნესი შესაძლოა იყოს, მაგალითად, მესაათის, მეწაღის, მკერავის, ავტოშემკეთებელის, გასაღებების დუბლიკატების დამამზადებლის და ა.შ.საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ მიკრო (ისევე, როგორც მცირე) ბიზნესი მყისიერად ქმნის სამუშაო ადგილს და საქონელს თუ მომსახურებას დაუყოვნებლივ აწვდის ბაზარს. პროგრამით გათვალისწინებული 5000 ლარი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება საწარმოს გადაიარაღების, მოდერნიზაციის ან სასაქონლო მარაგების შესაძენად. მნიშვნელოვანია პროგრამის საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტი. ვიტყოდი, რომ ეს ის კომპონენტია, რომელმაც მიკროსაწარმოს დამკვიდრება, სტაბილური და მდგარი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

   პროგრამის დეტალები მალე გახდება ცნობილი, მაგრამ ბუნებრივია, იგი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების განიავებას. პროგრამა ბენეფიციართა შერჩევის მკაცრ, მაგრამ გამჭვირვალე და პროგნოზირებად კრიტერიუმებს დაადგენს. პროგრამის ფარგლებში, მარტივდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ასევე, ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

   საკმაოდ კარგია, რომ ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარების ბენეფიციარ მეწარმეებს პროფესიუნალური ბიზნესკონსულტაციები, საკვალიფიკაციო ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები უსასყიდლოდ გაეწევათ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: