რა აშფოთებს დემურ გიორხელიძეს, სად ვაწყდებით წინააღმდეგობას და რატომ ვერ ხედავს პერსპექტივას
ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის შეხედულებით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ანომალიური მდგომარეობაა, პოლიტიკა არ არის მყარი და მისივე თქმით 24 წელია უკვე ვერანაირ შედეგზე ვერ გავდივართ.
–"ცვლილებები უბრალოდ არ იქნება, რადგან იმ ადამიანებში ცვლილებების პოტენციალი არ ჩანს, რომელთაც ეს ევალებათ. ამას სჭირდება მენტალური გარდატეხა, სჭირდება შეხედულებების შეცვლა, რადგან ასე თუ გაგრძელდება, ისევ ასე ვიქნებით. აქედან გამომდინარე უფრო დიდი პრობლემა ჩნდება ხალხში, რომელიც ეგუება თავის უპერსექტივობას. ეს მე ყველაზე მეტად მაშინებს და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ცვლილებების აუცილებლობაზე. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ ცუდ და უპერსპექტივო მდგომარეობას, განვითარება არ არის და არც ჩანს, იმიტომ რომ განვითარებას უნდა ორიენტირების დასახვა და შემდეგ ეტაპობრივი განვითარება. აი, აქ ვაწყდებით წინააღმდეგობას, რომელ ეტაპებზე შეიძლება საუბარი, როცა ჩვენ ისიც არ გვაქვს გამოკვეთილი საით უნდა განვითარდეთ, რა შედეგებზე უნდა გავიდეთ და საერთოდ რა გვინდა".
ექსპერტის თქმით, იმისთვის, რომ ვიფიქროთ განვითარებაზე, საჭიროა საკუთარ თავს დავუსვათ დიაგნოზი და გავარკვიოთ რა მდგომარეობაში ვართ.
–"ჩვენი ეკონომიკა წელს, თუ დაგეგმილი ორიენტირებით შესრულდება, 17მილიარდ 300 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება, ანუ ჩვენი ეკონომიკა არის ერთი საშუალოზე სუსტი ამერიკული ფორმის წლიური შემოსავალი. სამწუხაროდ, საქართველოსთვის საბაზრო ეკონომიკა უცხოა, რადგან ეს არის კვაზი სახელმწიფო და ეკონომიკა საბაზრო გაგებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ისაუბრო საბაზრო ეკონომიკაზე მაშინ, როცა არც ერთი ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკისა არ მუშაობს, არ არსებობს კონკურენცია, არ არის ადამიანების უფლებები დაცული იმ დონეზე, რომელიც სჭირდება ანონიმურ თამაშის წესებს. არა გვაქვს საკუთრების უფლებები მოწესრიგებული, გვაქვს არაპროგნოზირებული ხელისუფლება და ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომლის დროსაც უცხოელ ინვესტორებს არ სურთ შემოსვლა ქვეყანაში".
გიორხელიძე აცხადებს, რომ ქართული ბაზარი შეზღუდულია და იმ პირობებში, როდესაც ჩამოყალიბებული არ არის ფუნდამენტალური პირობები, ცვლილებები და განვითარება შეუძლებელია.
–"საწარმოები ისევ იმ პიროვნებების ხელშია, რომლებიც არც კოტრდებიან, არც მუშაობენ, ანგრევენ იმ შენობა–ნაგებობებს და ამითი არსებობენ. რეალურად არც სახელმწიფოში არსებობს გაკოტრების პირობები და სხვას ახლოსაც არ უშვებენ".
ანალიტიკოსის თქმით ის ვერ ხედავს ჯგუფს, რომელიც შეძლებს ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანოს და ამბობს, რომ "საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ მუშაობს განვითარებაზე".