არ შეიძლება ერთი ხელით შარბათს გასმევდნენ, ხოლო, მეორეთი შხამს !
გახსოვთ ალბათ, "ნაციონალებმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა კორუმპირებული საგზაო ავტოინსპექციის გაქრობით (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ) და საპარტრულო პოლიციის შექმნით რომ დაიწყეს. თავდაპირველად აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით ბუნჩულა, საზოგადოებაზე მზრუნველი, მოწესრიგებული პოლიციელების მიმართ, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ გვერდში დაგდგომოდნენ. სხვათაშორის, ჩვენთვის უჩვეულო იყო მათი კონტაქტურობაც...
სამწუხაროდ, ეს მოჩვენებითი იდილია თანდათან გაქრა და ჩვენი ნაქები ბუნჩულა პოლიციელები ლამის "მგლებად" იქცნენ- მათ თავი "ისახელეს" სხვადასხვა აქციების დარბევისას , ამასთან, საკმაოდ მკაცრი და შეუბრალებელი გახდნენ მძღოლების მიმართ. ანუ "ნაციონალების" საამაყო პატრული მოკლე დროში "შმატრულად" იქცა.
ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც". ივანიშვილის მთავრობის მიერ დაწყებული სოციალური პროგრამები , რომელიც გაძვალტყავებულ საზოგადოებას გულზე მალამოდ მოეფონა, თანდათან კარგავს "ბრწყინვალებას" და არ არის გამორიცხული, ეიფორიაში მყოფი იგივე საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში მოურჩენელ ტკივილად იქცეს!...
" რეცეპტის ინსტიტუტის" შემოღებას, რომელსაც , როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა (თუ ობიექტური ვიქნებით, ამ რეგულაციას უფრო ბევრი მოწინააღმდეგეები ჰყვს , ვიდრე, მომხრეები). სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე ახალი რეგულაციებიც დაემატა, რომელიც არა მარტო გაუგებრობის განცდას ტოვებს, არამედ , მოსახლეობაში შიშის სინდრომის კიდევ უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს...
ახალი რეგულაციით, სასწრაფო სამედიცინო დახნარებით სარგებლობა მოხდება არა რიგითობის (როგორც ეს აქამდე იყო), არამედ, პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც არსებითად დიპეტჩერის"ინტუიციაზე " იქნება დამოკიდებული.
დიახ, არაპროფესიონალი დისპეტჩერი გადაწყვეტს, ვის მიანიჭოს უპირატესობა-ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეს, თუ ვირუსით დაინფიცირებულს, ან მაღალწნევიან პაციენტს, რომელსაც ამ ე.წ "პრიორიტეტდან"გამომდინარე სასწრაფო დახმარებამ შეიძლება ვერც მოუსწროს!
ბატონი დავით სერგეენკო ვერ აკონკრეტებს, რა აუცილებლობას ემყარება ეს ახალი რეგულაცია და რა კოლოსალურ ხარჯებს და დროს დაზოგავს იგი. თუ ცრუ, ან ნაკლებად მნიშვნელოვან გამოძახებებზეა საუბარი, რომლისგანაც სასწრაფო დახმარების სამსახური ამ რეგულაციის შემდეგაც არ იქნება დაზღვეული, ასეთი გურკვეველი და შეიძლება ითქვას, საზოგადოებისთვის სახიფათო გადაწყვეტილების მიღება გამართლებული არ არის !...
რა ნიშნავს "საჭიროების მიხედვით ადგილზე მისვლა"- როგორ უნდა დაადგინოს ეს არამედიკოსმა დისპეტჩერმა საკუთარი ინტუიციით, ან სასწრაფო დახმარება "ყველა შემთხვევაში მაინც მივა" ნიშნავს თუ არა იმას, რომ, სახელმწიფოს ადამიანის ბედი ფეხებზე ჰკიდია?!
იქნებ, მართლაც სასწრაფო და გადაუდებელი დახმარება სჭირდება ადამიანს?! როგორ დაადგენს დისპეტჩერი, გამოძახების სიმძიმეს მხოლოდ ტელეფონით- ხომ შეიძლება ამ რეგულაციის" წყალობით "პაციენტის ოჯახის წევრმა განგებ დაამძიმოს სიტუაცია, ხოლო, მძიმე ავადმყოფი დროული ყურადღების გარეშე დარჩეს?!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე ვხვდები, საით მიდის ეს ყველაფერი და უახლოეს მომავალში რა ფატალური შედეგებით შეიძლება დასრულდეს იგი.
ერთი შეხედვით თითქოს წვრილმანი დეტალია, მაგრამ სწორედ ასეთი "წვრილმანებით" იქმნება სახელმწიფოს (ხელისუფლების) პოლიტიკა.
დიახ, არ შეიძლება ერთი ხელით შარბათს მასმევდე, მეორეთი კი იგივე ჭიქაში შხამს მიწვეთებდე.
ანდრია ლისაშვილი.