თამარ მამაცაშვილი:-"თქვენ ამ რეფორმით გააძვირებთ წამლებს, გააჩენთ შავ ბაზარს, ხელს შეუწყობთ ექიმთა კორუფციას და კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაყრით გაჭირვებულ მოსახლეობას!"
მედიკამენტების რეცეპტით გაყიდვამდე ერთი დღე დარჩა. აფთიაქებში რიგებია, ხალხი წამლებს იმარაგებს. ინტერნეტ სივრცეში თამარ მამაცაშვილის წერილი გავრცელდა, რომლითაც ის ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავს.
წერილს უცვლელად გთავაზობთ.
-"კიდევ ერთი ღია წერილი, თხოვნა და გაფრთხილება ბატონ დავით სერგეენკოს!
ბატონო მინისტრო, ორიოდე კვირის წინ მოგწერეთ პირველი წერილი, რომელშიც ვცდილობდი, დამენახვებინა წამლების რეცეპტებით გაცემის შესახებ თქვენ მიერ დაწესებული ახალი კანონის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები.
წერილი ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზეც გამოგიგზავნეთ, ათასობით ადამიანმა გაიზიარა და ასობით კომენტარი დაიდო. თუ თქვენ მართლა დაინტერესებული იყავით, გაგეგოთ, როგორია ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრი, წერილმა ამის საუკეთესო საშუალება მოგცათ. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ბატონო დავით, თქვენ სხვა ტაქტიკა აირჩიეთ და ხალხის აზრს პასუხად ის დაუპირისპირეთ, რომ თქვენს ინტერნეტ-გვერდზე ყოველდღიურად დებდით სააგიტაციო ვიდეოებს, რომლებშიც თქვენი დავალებით ასაუბრებდით ჩვენთვის პატივსაცემ ექიმებს, თუ რამდენად აუცილებელია რეცეპტები და რომ ამის გარეშე დავიღუპებით.
რა სამწუხარო რეალობაა, ბატონო დავით, როგორ გავდა ეს ტაქტიკა სულ ახლო წარსულის ანალოგიურ ქმედებებს. არა და თქვენგან სხვა რამეს ელოდა ხალხი.
მას შემდეგ, რაც პირველი წერილი გამოქვეყნდა, მე ვესაუბრე უამრავ ექიმს, პაციენტს და აფთიაქის თანამშრომელს. ყველას აზრი ერთნაირია: თქვენი გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არასწორია და ეს ცვლილება უამრავ პრობლემას შეუქმნის თითოეული ამ რგოლის წარმომადგენელს.
მე ვესაუბრე რეგიონის ექიმებს, რომლებთანაც აქტიურად მუშაობდნენ ამ ხნის განმავლობაში თქვენი სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი შეშფოთებულნი არიან მოსალოდნელი პრობლემებით. მე ვკითხე მათ, რის საფუძველზე უნდა გამოწერონ რეცეპტი, მხოლოდ პაციენტის "სურვილი" საკმარისი იქნებოდა თუ არა ამისთვის. მათ მიპასუხეს, რომ რეცეპტები დანომრილია და თითოეული რეცეპტის გამოწერაზე ექიმი პასუხს აგებს, ამიტომ სამედიცინო დოკუმენტაცია თითოეულ შემთხვევაში წესრიგში უნდა ჰქონდეთ, ამისთვის კი ყოველი პაციენტი უნდა გაგზავნონ გამოკვლევებზე დიაგნოზის დასაზუსტებლად. აბა წარმოიდგინეთ, ბატონო დავით, როგორ უნდა მოხდეს სოფლის ექიმთან მისული თითოეული პაციენტის გამოკვლევა?
ნუთუ თქვენ ისე გაქვთ აწყობილი ქვეყნის ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა, რომ სოფლის მაცხოვრებელი თავისუფლად წამოვა ქალაქში საჭირო სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად? თქვენ ალბათ არ იცით, რომ დღემდე სოფლის ექიმთა უმრავლესობა იძულებული იყო საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ჰიპოკრატეს დროინდელი მეთოდების (პალპაციისა და პერკუსიის) გამოყენებით დაესვა დიაგნოზი, ახლა ეს შესაძლებლობაც მოუსპეთ და ამით მხოლოდ პაციენტი დაზარალდება.
ამას გარდა, თითოეულ პრეპარატზე ცელ-ცალკე რეცეპტი უნდა იყოსო, მითხრეს, ეს იმხელა შრომაა ჩვენთვის, ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ ამდენი დოკუმენტაციის გაფორმებასო.
რაც შეეხება ერთწლიან რეცეპტებს, რომლის გამოყენებითაც თქვენ საქმის გამარტივებას აპირებთ, ექიმების აზრი ამ საკითხზეც უარყოფითია: წესით და კანონით, ქრონიკული პაციენტი 4 თვეში ერთხელ მაინც უნდა გამოვიკვლიოთ, სხვაგვარად წამალს ვერ გამოვწერთო. ერთი წლის განმავლობაში წამლის გამოწერამ რამე რომ გაართულოს, პასუხს ჩვენ მოგვთხოვენ და იქნებ "ციმბირი უკან დაგვატოვებინონო"!
როცა ამ საკითხებზე თქვენ წარმომადგენელთან პროტესტი გამოუთქვამთ რეგიონის ექიმებს, საპასუხოდ მუქარა მიუღიათ, მაგ ხელფასებს ტყუილად რომ იღებთ, ჭკვიანად იყავითო - ასე გაუჩუმებიათ. იცით რა ხელფასზეა საუბარი, ბატონო დავით? 400 ლარზე!!! ახლა ის ვიკითხოთ, რა შრომაა რეგიონის ექიმობა? დღე და ღამე გასწორებული უნდა გქონდეს, სასწრაფოც შენ ხარ, მედ-დაც, გინეკოლოგიც და ზოგჯერ - ქირურგიც. შუაღამის 3 საათზეც შეიძლება მოგადგეს თანასოფლელი, მიშველეო. ხელფასი კი უსაშველოდ დიდი - 400 ლარია. და აი, ასეთ აწყობილ სისტემას მხოლოდ რეცეპტების გამოწერა აკლდა, ბატონო მინისტრო! ნეტავ სად გაქრა რეალობის გრძნობა?!
ახლა ქალაქში გადმოვინაცვლოთ: თითქმის ყველა აფთიაქში გრძელი რიგებია და მყიდველთა უმრავლესობას ხშირი მოხმარების პრეპარატების დიდი სიები უჭირავთ ხელში. აგერ ერთი მოხუცი დგას. უცებ კიდევ რაღაც გაახსენდა: ესეც რეცეპტით იქნება? კითხულობს შეწუხებული სახით, - დიახ, ბატონო, - პასუხობს ფარმაცევტი. - მაშინ ეგეც მომეცით 2 კოლოფი - მერე ფულს გადათვლის და აღმოაჩენს რომ 2 კოლოფისთვის სამყოფი თანხა არ აქვს, კიდევ ერთხელ ამოიოხრებს, მოკითხვას შეუთვლის მის ამ დღეში ჩამგდებს და ვიშვიშით გადის აფთიაქიდან.
ბატონო დავით, აბა ჩაატარეთ ექსპერიმენტი და რომელიმე აფთიაქში მოიკითხეთ კორინფარი. ვერსად იშოვით. ყველგან გაიყიდა. ჩემს ნაცნობს დასჭირდა და მთელი ქალაქი მოიარა. ბათუმშიც კი დააბარა ახლობელს და არც იქ იყო. სააფთიაქო ცნობარმაც უთხრა, რომ ქსელში არსად არისო. მერე შემთხვევით სადგურის ქუჩაზე ერთ პატარა აფთიაქში შეიარა - იქნებ ბედმა გამიღიმოსო. ჰოი საოცრებავ, - გვაქვსო - უპასუხეს და დახლის ქვევიდან 2 კოლოფი ამოიღეს. ფასი რომ იკითხა, 22 ლარიო უთხრეს, გაოცებული და გაოგნებული დარჩა მყიდველი - 7 ლარზე მეტი არასოდეს მიმიციაო. - თუ გნებავთ იყიდეთ, ჩვენთან ასე ღირსო!!!
აი, ბატონო დავით - გზაც გამოჩნდა უკვე! თქვენ ამ რეფორმით გააძვირებთ წამლებს, გააჩენთ შავ ბაზარს, ხელს შეუწყობთ ექიმთა კორუფციას და კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაყრით გაჭირვებულ მოსახლეობას!
კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაფიქრდეთ და გაფრთხილებთ, რომ ამ რეფორმას მოყვება დიდი უსიამოვნებები!
მერწმუნეთ, არავის ინტერესს არ ვიცავ, მხოლოდ რელობა მინდა დაგანახოთ, მაგრამ თქვენ ჯიუტად არ გსურთ სხვისი აზრის მოსმენა. ერთი დღე დარჩა! დაფიქრდით, გთხოვთ! არა და მერე საკუთარ თავს დააბრალეთ!