გიორგი მარგველაშვილი:-"ხვალინდელი დღე უკეთესის მომტანი იქნება საქართველოსთვის, კავკასიისა და თანდათანობით ევროპისთვისაც"

გიორგი მარგველაშვილი:-"ხვალინდელი დღე უკეთესის მომტანი იქნება საქართველოსთვის, კავკასიისა და თანდათანობით ევროპისთვისაც"

   ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა საპატიო სტუმრებთან, ამ ღირსეული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. შესავალ სიტყვაშიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ უაღრესად რთულ დროს, ეს არის რთული პერიოდი როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისათვის, ეს არის ვითარება, რომელიც მოითხოვს ახალი საპასუხო ზომების, ახალი მიდგომის გამოძებნას ჩვენი რეგიონის, საქართველოს, უკრაინისა და გლობალურად, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული რთული საკითხების მიმართ.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ ვითარებაში იძულებული ვართ დავიწყოთ უკრაინის თემით. უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს, რომლის მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული მეგობრული განცდა გვაკავშირებს, არამხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, არამედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან. იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ისეთ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ინდივიდუალობის განვითარება. ეს მეგობრობა და თანამოაზრეობა კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. უკვე ორი ათწლეულია, ჩვენ ერთმანეთს აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი გეგმების ხორცშესხმისათვის.

 

სამწუხარო მოვლენებმა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაკავშირა იმ ურთულესი პრობლემებით, რომლებიც გვაქვს. იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას. ახლა ჩვენ  ვიზიარებთ ერთმანეთის პრობლემებს, რადგან საქართველოს ტერიტორია, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი მისწრაფებები რეალობად ვაქციეთ ახალ ევროპულ სივრცეში.

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ უკარინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება, იგივე მოხდა საქარვთელოს შემთხვევაში. ახლა ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის პასუხი ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანის მიმართ ძალიან უხეში იყო. თუმცა ჩვენი კავშირი ამ ვითარებამ კიდევ უფრო განამტკიცა და  ვავითარებთ ახალ, საერთო მიდგომებს - ჩვენ და უკრაინა ერთად.

 

ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისათვის. ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის. ორივე მოვლენა არის გლობალური თეორიის კონკრეტული ფაქტი, გლობალური მიდგომა ახლად ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ.

 

ინტერვიუს დროს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს, თუ რა სურთ მათ, როგორ ხედავენ მომავალს განსაკუთრებული ინტერესის სფეროების არსებობის მიმართებით. ისინი საკმაოდ გარკვევით საუბრობდნენ ამ საკითხებზე, ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ იყოს ძირითადი მოთამაშე ამ დამოუკიდებელ ტერიტორიებზე, ამ დამოუკიდებელ ქვეყნებში და ის, რის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ, არის არამხოლოდ კონკრეტულად ყირიმის ან ლუგანსკის შემთხვევა, არამედ გეოპოლიტიკური თეორიის განხორციელება და გამოვლენა და ეს საკმაოდ გასაგებად ითქვა.

 

ახლა კი, როცა საქართველოს შესახებ ვფიქრობთ, და ეს ჩვენი და უკრაინელი პარტნიორების კოორდინირებული მცდელობაა, გვსურს, რომ შემუშავდეს არამხოლოდ პერიოდული ეფექტიანი საპასუხო ზომები, არამედ შემუშავდეს ზოგადი მიდგომა ისეთი ქვეყნებისადმი, როგორებიცაა საქართელო და უკრაინა. უნდა იყოს საერთო მიდგომა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ექცევიან რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს მიდგომა გაზიარებული უნდა იყოს ჩვენი მოკავშირეების მიერ. ეს არის ჩვენი გზავნილი მოკავშირეებისადმი: თუკი რუსეთს ვაპატიებთ გავლენის სფეროების ქონას, თუ რუსეთის ეს მისწრაფება მიღებული და გაზიარებული იქნება, მაშინ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი  კიდევ უფრო გართულდება არამხოლოდ ამ ქვეყნებში, არამედ ზოგადად მთელ ევროპაში.

 

ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩაბმულობაზე ევროპულ სტრქტურებში, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩაბმულობაზე ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქმედებებზე, რომლებიც შექმნის უფრო დადებით გარემოს ჩვენი ქვეყნებისათვის, ევროპისათვის, და უფრო მეტიც, რუსეთისათვის, რადგან, მე ვფიქრობ, და ეს არ არის ძნელად გასაგები მეცნიერული საკითხი, რომ სტაბილური უკრაინა, სტაბილური საქართველო, სტაბილური ეკონომიკითა და უსაფრთხო გარემოთი, რუსეთისთვის შესაძლებლობებს უფრო წარმოქმნის, ვიდრე საფრთხეს.

 

ეს არის შესაძლებლობა რუსული ბიზნესისა და მოსახლეობისათვის, რათა ჰყავდეთ უკეთესი მეზობლები, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ყველა ქვეყანა იყოს მეგობრული და არა ჰქონდეთ სამხედრო მიზნები მის წინააღმდეგ, არ ქმნიდნენ საფრთხეს ამ ქვეყნისათვის. რუსეთის პრობლემები არ წყდება საქართველოსა და უკრაინის ან სხვა რომელიმე მეზობლის მიმართ აგრესიით, ამ ქვეყნების დამოუკიდებელი არჩევანი ემსახურება მეტი დაცულობისა და სტაბილურობის იდეას, ხოლო ევროპისა და ნატოს მოქმედებებს რუსეთისთვის სირთულე არ შეუქმნია.

 

შეიძლება პირიქითაც ითქვას - ბალტიისპირეთის ქვეყნები ამის შესანიშნავი მაგალითია, ეს არის რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მონაკვეთი. ამ ქვეყნებთან რუსეთს აქვს არამხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა, არამედ  აკავშირებს პარტნიორობა ნატოს გარკვეულ რთულ სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, პროექტებთან, რომლებიც ეხება აქვს ალიანსსაც და რუსეთსაც. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, ასევე პოლიტიკოსებს რუსეთის ფედერაციიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ არ ვქმნით საფრთხეს, არამედ ჩვენ ვართ ახალი შესაძლებლობა მათთვის.

 

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ჩვენი მშვიდობიანი, წყნარი, სტაბილური ეკონომიკური გარემო, რაც თავისთავად ნიშნავს მშვიდობიან, მშვიდ, სტაბილურ ეკონომიკურ კავკასიას, არის დიდი შესაძლებლობა რუსული ბიზნესის სტაბილურობისათვის. გამოდის, რომ ჩვენ რუსეთის პრობლემებზეც ვზრუნავთ. საქართველო, როგორც კომუნიკაციის ცენტრი, არის პოტენციური დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის თავისი ენერგოტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების კორიდორით, რომელიც ხელს შეუწყობს აზიის რესურსების მოხვედრას ევროპაში, და რომ ეს არ არის საფრთხე, არამედ შესაძლებლობაა იმ ხალხისათვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა შესაძლებლობის ფარგლებში გვეჩვენებინა ეს პოზიტიური წინსვლა ჩვენი მოკავშირეებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის ევროპაში, დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში.

 

ჩვენ ვართ ძალიან პრინციპული და პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ნატოს მიერ ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში, აისაფში, ასევე ევროკავშირის უსაფრთხოების ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

 

ჩვენ განვაცხადეთ, და აღსანიშნავია, რომ ჩვენი მთავრობაც და ჩვენი წინამორბედებიც ამ საკითხზე ერთსულოვანნი ვართ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების გზით, იქნება ეს ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში.

 

ჩენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება და ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზეა, მაგრამ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ქვეყანა, რომელიც აძლიერებს და აღრმავებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, ამ გზაზე გვხვდება საკითხები, რომლებიც კიდევ მოითხოვს განვითარებასა და წინსვლას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მეტი ჩაბმულობა ევროპაში, ნატოში, და ნატოს მეტი ჩაბმულობა საქართველოში, რასაც, პრინციპში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად  ვცდილობთ, არის ყველაზე სწორი გზა.

 

ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მოკავშირეების ჩაბმულობა შექმნის უფრო სტაბილურ ქვეყანას, უფრო სტაბილურ და უფრო დაცულ რეგიონს მთელი მსოფლიოსათვის. ამ გზავნილით მივდივართ ჩვენ ნატოს სამიტზე, სადაც, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტაბილურობის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება ნატოს ძალიან მტკიცედ გამოხატული და ფორმულირებული პოლიტიკით, რაც საქართველოსა და რეგიონს გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს უელსის სამიტის შემდეგ. ეს არის ჩვენი გზავნილი. ამ თვალსაზრისით ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. გვჯერა, რომ ჩვენს ხელთაა ძალიან ცხადი საშუალებები, რომელებსაც ჩვენს მოკავშირეებს გავუზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესის მომტანი იქნება საქართველოსთვის, კავკასიისა და თანდათანობით ევროპისთვისაც.

 

გმადლობთ

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: