საქართველოს მთავრობის დელეგაცია ჟენევაში მაღალი დონის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მთავრობის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის მინისტერიალში, რომელიც გაერო-ს ეგიდით ჟენევაში 15-16 სექტემბერს გაიმართება - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იუწყება.
მინისტერიალის თემაა "2015 წლის შემდგომი მსოფლიოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები".
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი ღოღობერიძე და დონორების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე.
მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაზეც გაერო-ს წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. 2000 წელს ათასწლეულის დეკლარაციით 191-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიიღო ათასწლეულის განვითარების 8 გლობალურიმიზანი. დეკლარაციის ვადა მომავალ წელს იწურება, ხოლო მდგრადი განვითარების მიზნები გახდება ახალი გზამკვლევი საერთაშორისო საზოგადოების წევრი ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის.
მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები და რეფორმები უნდა ითვალისწინებდეს 2015 წლის შემდგომი მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებსაც, რაზეც საქართველოს მთავრობა უკვე აქტიურად მუშაობს.
საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი ქვეყანა, ჟენევის მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების მექანიზმების შემუშავებაში, რომელთა დანერგვა უზრუნველყოფს გლობალური მიზნების წარმატებით განხორციელებას არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც.
ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში 19 სექტემბერს გაიმართება.
ანგარიში ასახავს საქართველოს პროგრესს სიღარიბის დაძლევის, განათლების სისტემის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაზრდის, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, აივ-ინფექციის და სხვა დაავადებებთან ბრძოლისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებში.
გასულ წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ფარგლებში საქართველო ორი წლის ვადით გაერო-ს 6 ძირითადი ინსტიტუტიდან ერთ-ერთის - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს ქვეყანას აძლევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გააღრმავოს თანამშრომლობა მსოფლიოს სახელმწიფოებთან ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებების გაუმჯობესებაში.