ჯეიმს აპატურაი: ნატო–ს სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალი საქართველოში ქვეყანას წევრობისთვის მოამზადებს!
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის უკვირს, რატომ წარმოიშვა შეშფოთებები საქართველოში იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის აღარ არის ასპირანტი სახელმწიფო.
"ეს ნამდვილად მიკვირს, მით უფრო, რომ საქართველო ასპირანტ ქვეყანასთან ერთად იყო წარმოდგენილი ყველა შეხვედრაზე და ნატო–მ 2014 წლის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში მკაფიოდ ჩაწერა, რომ ნატო მიესალმება იმ ქვეყნების მისწრაფებას, რომელთაც სურთ, გახდნენ ალიანსის წევრები" – განაცხადა აპატურაიმ ტელეგადაცემა "მოამბესთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ ნატო-ს გზავნილს, მან აღნიშნა, რომ "ეს არის ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ ნატო მზადაა, მიიღოს ახალი წევრები".
"ვერც კი წარმოვიდგინე და ვიპოვე თუნდაც ერთი მიზეზი, რატომ შეიძლებოდა, ვინმეს ჩაეთვალა ან შეჰქმნოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველო აღარ არის ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში და საჯაროდ გამოეთქვა ეს შეშფოთება. საქართველოსთვის განკუთვნილი პაკეტის წინ არის მითითებული, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა. ამის შემდეგ ნატო წერს, რომ ალიანსი დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში, რაც, თავის მხრივ, საქართველოს დაეხმარება წევრობის გზაზე. საქართველო მოწვეული იყო ნატო-ს სამიტზე ასპირანტ ქვეყნებთან ერთად და მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ფორმატში, რომლებიც მხოლოდ ასპირანტი ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ხაზგასმული იყო განცხადებებში, დეკლარაციაში, ამაზე ღიად ვისაუბრეთ პრეზიდენტთან. არაფერი შეცვლილა გასული კვირის შემდეგ. თუ განცხადებას განვიხილავთ იმ ჭრილში, რა გზავნილი ჰქონდა ნატო-ს რუსეთის მიმართ, ეს არის ნატო-ს ღია კარი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ღია კარის პოლიტიკამ შეძლო და სტაბილურობის გარანტია გახდა ევროპაში, ღია კარის პოლიტიკა გახდა საფუძველი რეფორმების გატარების. მას მტკიცედ სწამს, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და გენერალური მდივნის მოსაზრება ყველამ გაიზიარა. ის, რომ ორგანიზაციაში ღია კარის პოლიტიკაზე კონსენსუსია, ძალიან მნიშვნელოვანია და მრავლისმთქმელი, განსაკუთრებით – იმ ვითარებაში, რაც სადღეისოდაა. ჩვენ ახალი წევრები უნდა მივიღოთ ნატო-ს გაფართოების მიზნით, ასე, რომ ნატო-ს ერთი ნაბიჯითაც კი არ შეუცვლია საკუთარი პოლიტიკა, არ შეუცვლია მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. ამას ხაზი გაუსვა გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. მეტიც, ნატო–ს სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალი საქართველოში საქართველოს წევრობისთვის მოამზადებს. მე არ გამოვრიცხავ და არ ვიცი, რა იქნება შემდეგი პროცედურა, ანუ იქნება თუ არა მაპ–ის აუცილებლობა. გენერალურმა მდივანმა გააკეთა სწორი აქცენტი, რომელსაც მე ვიზიარებ. მოდით, ახლა ფოკუსირება მაპ–ზე არ მოვახდინოთ. ჩვენ გვაქვს საშუალებები, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია. მოდით, ეს პრაქტიკაში შევასრულოთ, წინ წავიწიოთ და ვნახოთ, შემდეგ რა გამოჩნდება",- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.