ვაჟა ბერიძე:-"მარგველაშვილმა თავისი ვადა ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუმცა, თუ ის არ ითანამშრომლებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდთან, ეს გაძნელდება"

ვაჟა ბერიძე:-"მარგველაშვილმა თავისი ვადა ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუმცა, თუ ის არ ითანამშრომლებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდთან, ეს გაძნელდება"

   რატომ ჩაიშალა პრეზიდენტის ვიზიტი სამიტზე და უნდა შეიცვალოს თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესი? ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ივერიონი ექსპერტ ვაჟა ბერიძეს დაუკავშირდა.

 

   –ბატონო ვაჟა,  როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ვიზიტი გარემოს სამიტზე ჩაიშალა. რამ განაპირობა ეს და ლახავს თუ არა ეს ფაქტი მის საშინაო და საგარეო იმიჯს? 

 

-თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაეროში და,  საერთოდ, მთელ მსოფლიოში გულისფანცქალით აკვირდებიან ვინ ჩავა გაეროს კლიმატის ცვლილებათან დაკავშირებულ ფორუმზე საქართველოდან, ცდება. იქ მიიღებენ ნებისმიერი შემადგენლობის დელეგაციას, ნებისმიერი მაღალი რანგის წარმომადგენლით სათავეში. ვფიქრობ, ეს ფაქტი ქვეყნის იმიჯზე არანაირად არ აისახება. 

 

  –გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვახტანგ ხმალაძე ითხოვს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას. როგორ ფიქრობთ, მივდივართ თუ არა პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებამდე?

   

   -ბუნერივია, ქართული პოლიტიკური სისტემის დღევანდელი კონფიგურაცია არ გულისხმობს საყოველთაო გზით არჩეულ პრეზიდენტს. თუ ჩვენ საპარლამენტო მოწყობისკენ სვლას გავაგრძელებთ, შემდეგი პრეზიდენტი უეჭველად პარლამენტმა ან სხვა შემადგენლობის წარმომადგენლობითმა ფორუმმა უნდა აირჩიოს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მარგველაშვილმა თავისი ვადა ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუმცა, თუ ის არ ითანამშრომლებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდთან, ეს გაძნელდება.

 

   – მერაბ შათირიშვილის მიერ დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი რეალობისათვის". რამდენად დიდი როლის შეარულება შეუძლია ასეთ მოძრაობას საქართველოში პოლიტიკური ამინდის შესაცვლელად? 

 

   -სამწუხაროდ, ამ მოძრაობის შესახებ არ ვარ ინფორმირებული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას დაისახავს ეს მოძრაობა მიზნად, რამდენად მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას და რამდენად თანმიმდევრული იქნება თავის ქმედებებში.

 

   – 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი რეალობისათვის",  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისიდან თბილისისკენ ფეხით მსვლელობას გეგმავს. როგორია საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით და შეუერთდება თუ არა მას არასაპარლამენტო ოპოზიცია? 

 

   -ისევ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, თქვენგან ვიგებ ამ მსვლელობის თაობაზე. გააჩნია, ვინ არის ამ იდეის და აქციის ინიციატორი და ორგანიზატორი. საზოგადოების ნაწილი მართლაც ფიქრობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილია, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ ქცეულა ფართო განსჯის საგნად, არც პოლიტიკურ სპექტრს დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. თუ ჰიპოთეტურად ვიმსჯელებთ, დღევანდელ "ორპარტიულ" პარლამენტს ბევრი ოპონენტი ჰყავს, მავანი მიიჩნევს, რომ იქ სხვა ძალებიც უნდა იყონ წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანას არ წაადგება სასიკეთოდ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, ვფიქრობ, ადეკვატურად არ ასახავს ელექტორატის განწყობას, მაინც ვადამდელი არჩევნების გამართვა და მასზე საუბარი, მისი მოთხოვნა ნაადრევად მიმაჩნია. ემანდ, რაიმე ხიფათს არ გადავეყაროთ და პოპულიზმის ტალღაზე ისეთი შემადგენლობა არ მივიღოთ პარლამენტში, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. სჯობს დღევანდელ ხელისუფლებას და "ნაციონალურ" ოპოზიციას დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ სათანადო ოპონირება გაუწიოს, შესაბამისი პოლიტიკური ძალები მომძლავრდნენ და ასე საგულდაგულოდ მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მხოლოდ ამგვარად მივიღებთ ჩვენ ახალ, ღირსეულ საკანონმდებლო ორგანოს, რომელშიც პროგრესული და ეროვნული ძალები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილნი.

 

   –საქართველოს უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები? 

 

   -ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ. არ მივიჩნევ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად და ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის შესატყვისად. მეტიც, ჩვენ უნდა დავასრულოთ სვლა საპარლამენტო მოწყობისკენ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული, ხელისუფლების გახანგრძლივების მიზნით და მოტივით, ჩვენ უნდა ვცადოთ მმართველობის საპარლამენტო მოდელის გამოყენება საქართველოს წინაშე დღეს მდგომი ურთულესი ამოცანების გადასაჭრელად, რამეთუ საპრეზიდენტო მოდელმა ქვეყანას ბევრი პრობლემა შეუქმნა, არც შერეული მოდელი ჩანს მაინცდამაინც საქართველოსთვის მისაღები. ამიტომ, ვფიქრობ, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, უკეთესი იქნება, თუ არ შედგება და პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფორუმი აირჩევს.

                                                                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: