რამ ააღელვა გუშინ ნათია ფანჯიკიძე?
გუშინ თავდაცვის სამინისტროს წვემამდელებმა ფიცი დადეს, მათ შორის ფიცი დადო თავდაცვის მინისტრის შვილმა ნიკო ალასანიამ.
ფიცის დადებას წვემამდელების მშობლები და ახლობლები ესწრებოდნენ. თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ერთად ფიცის დადების ცერემონიალს მშობლების რანგში დაესწრნენ.
ნათია ფანჯიკიძე დღეს საკუთარ ფეისბიუქ-გვერდზე ეხმაურება.
მას მოსწონს და მხარს უჭერს მეუღლის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 2017 წლიდან ჯარში გაწვევა იქნება ნებაყოფლობითი და არა იძულებითი.
„ივერიონი“ უცვლალად გთავაზობთ ქალბატონ ნათია ფანჯიკიძის ფეისბუქ-სტატუსს:
„ნიკო და მე.
ისეთი ფოტოებიც დავინახე, მამაც რომაა გარეული, მაგრამ ეს ავარჩიე, რომ "დედა უფრო გიყვარს თუ მამაზე" სწორი პასუხი კარგად გაუჯდეს.
ახლა ამბები თქვენთვის:
კარგი მხარე - კვება არის გადასარევი, ყაზარმები კრიალა, მეთაურები კარგი. ნაკლი - ბატინკზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა. "ვას ზოლ დას-მეთქი!!!" (ქართულად "რას გავს ეს-მეთქი?") - რომ ჩავხედე თვალებში ირაკლის, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულმა მოქალაქემ, რომელსაც ხარვეზები ვეღარც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება არსებობდეს, მივიღე მტკიცე პასუხი, რომ ხედავენ, იციან, განიცდიან და უკვე სამი სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ნიმუშია გამოსაცდელად "ჩაშვებული" და მალე ესეც გამოსწორდება.
კარანტინის მერე რეჟიმის ორი არჩევანია, - ან ექვსი თვე გამოუსვლელად ყაზარმული, ან ერთწლიანი - 24 საათი მსახურება და დღენახევარი დასვენება, ოღონდ თვეში 5 დღე ყაზარმული. ნიკოს ბატალიონს შეხვდა ერთწლიანი რეჟიმი.
2017-დან ირაკლის ჯარი გადაყავს მთლიანად ნებაყოფლობითზე. მისი არგუმენტია - ძალით წაყვანილ ჯარისკაცზე ფულის ხარჯვა სისულელეა. ჩემი არგუმენტია - ძალით ადამიანს მუსიკაც არ უნდა ასწავლო და ტორტიც არ უნდა აჭამო. ანუ ვთანხმდებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამ აზრზე ვიქნები, რომ ადამიანს არაფერი არ უნდა დააძალო, დღეს განსაკუთრებით დარწმუნებით ვფიქრობ, რომ ჯარი, მამრობითი სქესის კონკრეტული და ზუსტი, მკაცრი გარემო კარგი გამოცდილებაა ყველა ტიპის ბიჭისთვის, მაგრამ მითუმეტეს, რასაც სამწუხაროდ ხშირად ვხედავთ ქუჩებში - უსაქმოდ დგომას, აგრესიის დაგროვებას და ერთმანეთის დარევას, ან ლუდის სმას და ტაბლეტების დაყოლებას, "მოსაწევის" "ჩალიჩს", არსწავლას, უმიზნობას... არავის არაფერს ვურჩევ, არაფრისკენ ვუბიძგებ, ჩემს პოზიციას ვამბობ მხოლოდ- ამ ფსიქოლოგიური ველის და აურის ქვეშ, ამ სიტუაციაში მყოფ შვილს ავადმყოფობის ცნობას არ ავუღებდი, რომ ჯარისგან "გადამერჩინა". კიდევ ერთხელ ვიტყვი, - არ დავაძალებდი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ დარწმუნებას ვეცდებოდი.
ნიკოს აკადემიური რომ არ აეღო უნივერსიტეტიდან, მოუსწრებდა ეს სიკეთე, მაგრამ ამბავი ასე განვითარდა: მამამისმა უთხრა, თუ წასვლას აპირებ, გიგვიანდებაო (წელს 22-ის ხდება), ავდექი და გამოვედი ვრცელი სიტყვით. მოკლე შინაარსი: ბარემ მეც წამიყვანემეთქი..
სანამ ტირადა (ჩემი აზრით, ეფექტური) დავასრულე, ნიკოს აუბრჭყვიალდა თვალები და "აუ, მინდა! რა მაგარიაო!" - მერე მე მომიბრუნდა და "დე, სამაგიეროდ, როცა მეტყვი, შენი ხათრით ფსიქიატრიულში დავწვები, გული არ დაიწყვიტოო". აი, ასეთი ხათრიანი, სინამდვილეში ჩიტოსანია ნიკო და ასე პატივისცემით ეკიდება ჩემს რჩევას, ადრე რომ ვთხოვდი სამედიცინოზე იფიქრე, შენგან კარგი ფსიქიატრი დადგებათქო.
მაინც ვღელავდი, რას არ ვიცი. ალბათ იარაღთან ურთიერთობას ყველაზე მეტად, მაგრამ
გუშინ რომ ვნახე ჩემი შვილი, ხალისიანი, ახალი სახუმარო ფრაზებით დატვირთული, უკარგეს ახალმეგობრებშეძენილი და ვითომ ხუმრობით მიმღეროდა საბრძოლო სიმღერებს, რომელიც აშკარად მოსწონს....
ხო, კიდევ... ფიცის დადების ცერემონიალი ძალიან ამაღელვებელია. დავიქანცე ერთ საათში ემოციისგან.“
მოამზადა თაზო ბენიძემ