მიქაელ მთავარანგელოზი თავისი ხსენების დღეს ცალ ფრთას ჯოჯოხეთში უშვებს

მიქაელ მთავარანგელოზი თავისი ხსენების დღეს ცალ ფრთას ჯოჯოხეთში უშვებს

   მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღე

 ივერიონი

გილოცავთ მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს

და მას სრულიად საქართველოს მფარველობას შესთხოვს.

   ამბობენ, მიქაელ მთავარანგელოზი თავისი ხსენების დღეს ცალ ფრთას ჯოჯოხეთში უშვებს და ის სულები ამოჰყავს, რომლებზეც მხურვალედ ლოცულობენო.

 

   19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც  მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.

   გადმოცემის თანახმად, ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.

   მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს. ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა "ხონად", რაც "ღრმულს" ნიშნავს.

   კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, X საუკუნეში, ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა. ერთხელ, როცა ბერებმა გალავნის კარი გააღეს, იქვე დამალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია, საცაა მოკლავდნენ, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს მივარდა, იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ.

   ცნობისთვის, ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს, სადაც მეფე ელოდებოდათ. იქიდან კი ლხენა-ლხენით ტფილისს გაეშურნენ. წმინდა თამარ მეფემ სულთნის დიდებულები თითო ნალის ფასად გაყიდა. იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებულები თამართან შეიყვანეს, ერთი მათგანი დაეცა მის ფერხთით და გველივით იკლაკნებოდა. გონს მოსულს ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და შევშინდი მის დანახვაზეო, - უთქვამს. მეფე თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: