პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე - "მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე" სიტყვით გამოვიდა.

   ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითადი აქცენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები ვერ კმაყოფილდება.

   -"მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

   -"ბატონებო,

   პატივცემულო დელეგატებო,

ეს სხდომა ტარდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო დგას მთელი რიგი კრიტიკული გამოწვევების წინაშე. ეს გვავალდებულებს ახალი ენერგიითა და ძალისხმევით შევუდგეთ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) დღის წესრიგის განხორციელებას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის და ჩვენი 2015 წლის შემდგომი განვითარების პროგრამის განსაზღვრისათვის.

   უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ICPD სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია IჩPD-ის დღის წესრიგის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების განვითარება-ხელშეწყობის კუთხით.

   დღესდღეობით მოსახლეობასთან დაკავშირებული პროგრამები და დღის წესრიგი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა: მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობა შემცირდა, ხდება უფრო მეტი არასასურველი ორსულობის პრევენცია, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები. თუმცა, გაცილებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

ჩემი ქვეყანა მუშაობს მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვასა და მისი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

გასულ წელს ყველაზე მინიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს თითოეული მოქალაქე ამბულატორიული, სტაციონარული და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით.

   საქართველოს, ასევე, აქვს ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომლის ძირითადი აქცენტები მიმართულია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ადამიანების დაცვასა და ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან დაცვაზე.

   ახლადდაარსებული სახელმწიფო და კერძო სექტორის მომცველი სოლიდარობის ფონდი მოახდენს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

   2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. შემდგომ, 2014 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ.

ჩემმა ქვეყანამ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად, 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილების საკითხი. კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450,000-ზე მეტი ადამიანია იძულებით გადაადგილებული. დღემდე დარღვეულია მათი საკუთარ სახლებში, წარმომავლობის ადგილებში დაბრუნების უფლება, რადგან ვერ კმაყოფილდება მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები.

   მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ რამდენიმე სხვადასხვა გეგმას მოცემული მიზნის მისაღწევად.

   ამ მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება. ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე, უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობა და სამართლიანობა, დაცული იყოს გარემო მომავალი თაობებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ აუცილებელია დასკვნების გადახედვა.

   ჩემი ქვეყანა ამაყობს იმით, რომ უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ICPD-ის სამოქმედო პროგრამის მიმართ, და მზად არის ამ ძალისხმევაში შემდგომი წყვლილის შესატანად.

   დიდი მადლობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: