რა მიზეზით იწყება თბილისის განვითარების ფონდში სტრუქტურული რეორგანიზაცია?!
ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში საორგანიზაციო ცვლილებების ფარგლებში საშტატო განრიგი 22 ერთეულით მცირდება და თითოეულ თანამდებობაზე სახელფასო განაკვეთი ნახევრდება. რეორგანიზაციის ფარგლებში წამყვანი და მთავარი სპეციალისტების კონკურსი გამოცხადდა.
თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის თემურ ხომერიკის განცხადებით, გარდა მმართველი გუნდისა (10 საშტატო ერთეული), კონკურსი ცხადდება ყველა დანარჩენ თანამდებობებზე (40 შტატი).
რეორგანიზაციის ძირითადი მიზეზებია: ძველი კადრების არაკომპეტენტურობა და დიდი ნაწილის მიმართ ფონდის ახალი მენეჯმენტის უნდობლობა, რომელიც გამოწვეული იყო ფაქტობრივი გარემოებებით.
სიცხადისთვის დავძენთ, რომ ძველი თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის უხეშად დაირღვა შრომის შინაგანაწესი, კერძოდ: იურისტის და ოფის-მენეჯერის მხრიდან ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გადამალვა/განადგურებას, ხოლო მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მხრიდან ვებ-გვერდზე სამსახურებრივი ინფორმაციის წაშლას, ასევე მათ „აქტივშია“ ცალკეულ დოკუმენტებზე არაუფლებამოსილი პირების მიერ მოსახლეობასთან ხელისმოწერა, დაპირისპირება, საბოტაჟის მოწყობის მცდელობა და კონტრაქტორებთან გარიგებაში შესვლა, სამსახურში ფიქტიური გაფორმება და არგამოცხადება, სამსახურებრივი დანიშვნისას აუცილებელი დოკუმენტების (მაგ. ცნობა ნასამართლეობის შესახებ) ვერ წარმოდგენა (რადგან თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიცემული იყო პასუხისგებაში, მათ შორის ნარკო-რეალიზაციის მუხლით და სხვა).
თბილისის განვითარების ფონდის ახალი შემადგენლობა 1 ნოემბრიდან, სადაც მოიაზრება კონკურსგავლილი ძველი თანამშრომლებიც, ახალი შემართებით გააგრძელებს ქალაქგანვითარების პროცესებზე მუშაობას, ფონდის ახლადფორმირებული სტრატეგიის შესაბამისად.