ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტ პარლამენტი განიხილავს
ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვა არ გაიცემა პირზე, რომელსაც არ შესრულებია 23 წელი. ასეთივე ნებართვისას სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში 21-წლიანი ასაკობრივი ზღვარი დგინდება.
ცვლილებათა პაკეტის გათვალისწინებით, იარაღის შეძენა, შენახვასა და ტარებას ვეღარ შეძლებენ პირები, რომლებიც ნასამართლევი არიან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო. იარაღის უკანონოდ ტარება ნაკლებად მძიმეს ნაცვლად, მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის, რაზეც სასჯელი 3-დან 5-წლის ნაცვლად, 4-დან 6-წლამდე იქნება.
კანონპროექტით დგინდება, რომ ნებართვა არ გაიცემა, თუ ლიცენზიის მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული და ან მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ლიცენზია არ გაიცემა იმ პირებზეც, რომლებიც დეპორტირებული არიან სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო.
საკანონმდებლო სიახლეა ისიც, რომ პირი, რომელიც ეძიებს, ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა თეორიულ ცოდნაში და ჩააბაროს გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. აგრეთვე, ის შემოწმდება იმისთვის, რომ ნებართვა მისი სანდოობის და ფსიქიკური თავისებურებების მიხედვით გაიცეს.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენამდე, მთავრობამ მისი პრეზენტირება რამდენიმე დღის წინ გამართა. ახალი საკანონმდებლო ნორმები მთავრობის სხდომაზე მხარდაჭერის შემდეგ მედიას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო.