ორგანიზაცია "მოქალაქე": ია ანთაძის განცხადება სამოქალაქო ჩართულობის პროექტებთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა!
ორგანიზაცია "მოქალაქე" ია ანთაძის განცხადებას სამოქალაქო ჩართულობის პროექტებთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოს უწოდებს. ამის შესახებ "მოქალაქე" "facebook" საკუთრ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც "მოქალაქეში" აცხადებენ, პროექტებს - "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - უშუალოდ "მოქალაქე" უწევს მენეჯმენტს და აფინანსებს.
ცნობისათვის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარისთვის ია ანთაძისათვის გაუგებარია, როგორ განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" მიერ წარდგენილ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტარლიზებული სახელმწიფო სტრუქტურა "ნაეკი". ანთაძის განცხადებით, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია.
"ორგანიზაცია "მოქალაქე" საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებას. როგორც ჩანს, ქალბატონ ანთაძეს ბოლომდე არ ესმის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტების არსი. ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლით, განვმარტოთ: "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და სტუდენტური კონკურსი - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტებია. მათ აფინანსებს და მენეჯმენტს უწევს უშუალოდ ეს ორგანიზაცია. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა ამ სფეროში გამოცდილი სტრუქტურების ჩაბმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც აქვს ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. არსებული კანონმდებლობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს მიიღოს და შეასრულოს კერძო დაკვეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მივმართეთ ცენტრს.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის იურიდიული ასპექტი სავსებით კანონიერი და გამჭვირვალეა. პროექტების განხორციელებისათვის არამცთუ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრების არც ერთი თეთრი, არამედ პირიქით, სახელმწიფო ამ პროექტით სერიოზულ შემოსავალსაც კი მიიღებს.
რაც შეეხება სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობის მორალურ ასპექტს, მტკიცედ გვწამს, რომ სამოქალაქო ჩართულობა ვერ განხორციელდება სრულფასოვნად, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუწყობენ სახელმწიფო სტრუქტურები".