რას უპირებს განათლების სამინისტრო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს?!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული არაერთგვაროვანი განცხადებების ფონზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად განმარტავს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტუდენტთა დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის შედეგად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არა თუ იზრდება, არამედ მნიშვნელოვნად იკლებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მუდამ მზად არიან გააგრძელონ ეფექტური მუშაობა რათა ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.
იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს მიზანია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტებთან შეთანხმებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის რესტრუქტურიზებას იწყებს. შედეგად, თავიდან იქნება აცილებული არასრული ინფორმაციითა და ციფრებით მანიპულირებით ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ წარმოგიდგინოთ რეალური ვითარება:
საქართველოში სტუდენტთა შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნაზე მუშაობა 2007 წლიდან დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მონაცემთა ბაზაში აღმოჩნდა მთელი რიგი უზუსტობები. შემდეგში, ახალ მონაცემთა ბაზაზე მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო, მაგრამ ვინაიდან, ვერ იქნა გამოძებნილი ადამიანური და ფინანსური რესურსი, ახალ ბაზაში ძველი ბაზიდან მონაცემების მიგრაცია გადამოწმების გარეშე განხორციელდა. ხაზგასასმელია იმ გარემოებაც, რომ 2010 წლამდე, საკანონმდებლო დონეზე არ იყო გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ცნება. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რეესტრში სტუდენტის სტატუსის შესახებ მონაცემები შეჰყავდათ განსხვავებული ცნებებით.
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობა 2011-2012 სასწავლო წლიდან დაიწყო. უნივერსიტეტებმა რეესტრში რეალური ინფორმაციის შეტანა 2012 წლიდან დაიწყეს, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტების სტატუსის შესახებ წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში დაგროვილი ინფორმაცია, რეესტრში ერთბაშად აისახა.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის: აკადემიური შვებულება, ავადმყოფობა, უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
არსებული რეგულაციით, სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების გამოცემისთვის საერთო ვადა არ არის დაწესებული. სტუდენტის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანებების მონაცემების ასახვა რეესტრში რეგულარულად, მთელი წლის განმავლობაში ხდება ანუ მონაცემთა ბაზა ცვალებადობას პერმანენტულად განიცდის. შედეგად, რეესტრიდან სხვადასხვა დროს აღებული მონაცემები განსხვავებულია. მაგალითად, 2014 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, რეესტრის მონაცემებით, სტატუსი შეჩერებული 38 312 სტუდენტს ჰქონდა. ორი კვირის შემდეგ, 2014 წლის 26 სექტემბერს კი 5 283-ით ნაკლებს.
2014 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11 000-მდე, ხოლო 16 ოქტომბრის ინფორმაციით, 9578 სტუდენტს. მათ შორის, 2012 წლის ჩათვლით სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული ჰქონდა 4934 სტუდენტს, ხოლო 2013 და 2014 წლებში ერთად - 4644 სტუდენტს. აღნიშნული სტატისტიკა აშკარად მიუთითებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის კლების ტენდენციაზე. ერთი კვირის განმავლობაში სტატუსაღდგენილი სტუდენტების რაოდენობა (1500-მდე სტუდენტი) სასწავლო წლის დასაწყისში მოსალოდნელი შედეგია, რადგან როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში ცდილობს სტუდენტების უმრავლესობა სტატუსი აღიდგინოს და სასწავლო პროცესში ჩაერთოს.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკაზე მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულთა შორის 1900-მდე სტუდენტია, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სარგებლობენ 100%-იანი სასწავლო ან სოციალური გრანტით. სტატუსის შეჩერების მიზეზების კვლევამ აჩვენა, რომ ამ კატეგორიის სტუდენტების 89% დამატებით სემესტრში სწავლობს, რადგან ვერ დაასრულეს სწავლა სასწავლო გრანტით დაფინასების პერიოდში, დასჭირდათ დამატებითი სემესტრის აღება და ამ სემესტრში სწავლის საფასურის თავისი სახსრებით დაფარვა, რასაც სავარაუდოდ თავი ვერ გაართვეს და ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეუჩერდათ. სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა შორის გვხვდება 20, 30 და 100 ლარის დავალიანების მქონე სტუდენტებიც, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო, შეგნებულად იჩერებენ სტუდენტის სტატუსს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014-2015 სასწავლო წელს სტატუსი შეიჩერა მხოლოდ 137 სტუდენტმა.
გამოიკვეთა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების გარკვეულ ნაწილს იმავდროულად აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი იმავე ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ სტუდენტები ხელახლა გადიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ მოტივით, რომ აირჩიონ დამატებით სხვა საგანმანათლებლო პროგრამა, სცადონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ან ისეთ ფაკულტეტებზე მოხვედრა, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ისინი არ წყვეტენ სტუდენტის სტატუს თავდაპირველ პროგრამებზე, არამედ იჩერებენ მას კანონმდებლობით დადგენილი ხუთი წლის ვადით, ხშირად ფინანსური დავალიანების მოტივით, იმ პერსპექტივით რომ როდესმე შესაძლოა განაგრძონ ამ პროფესიის დაუფლება.
სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობის, მიზნით სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული ღონისძების წარმატებას ადასტურებს სტუდენტთა სტატუსის აღდგენის სტატისტიკა: 2011 წელს სტატუსი აღიდგინა 242 სტუდენტმა, 2012 წელს – 3543 სტუდენტმა, 2013 წელს - 10 329 სტუდენტმა, ხოლო 2014 წელს სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს 10 000-მდე სტუდენტს, მაშინ როცა სასწავლო წელი ახლა დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს სტუდენტების მხრიდან სტატუსის აღდგენის პროცესი.
დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერა სტუდენტების 55% აქვს. 2013 წლიდან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა გახდა 50%. წინა წლებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა 50% გრანტის მფლობელი სტუდენტების რაოდენობა. 2012 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 11500 სტუდენტს შეადგენდა. 2014 წელს კი, 100% დაფინანსებას 21500-მდე სტუდენტი იღებს, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2013 წლიდან გაიზარდა სოციალური პროგრამის ბიუჯეტი და შედეგად, ფინანსდება ორჯერ მეტი სტუდენტი. ამასთან, 2013 წლიდან არა მხოლოდ პირველ, არამედ მეორე და მესამე კურსის სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც ეძლევათ საშუალება მიიღონ დაფინანსება.
2013 წლიდან პირველად ამოქმედდა სოციალური პროგრამა მაგისტრანტებისთვის.
2013 წლიდან, გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების ბიუჯეტი. გაორმაგდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა. 2012 წელს სტიპენდიები მიიღო 1230 სტუდენტმა, ხოლო 2013 წელს - 2717 სტუდენტმა.
2013-2014 სასწავლო წელს პირველად ამოქმედდა პროგრამა დოქტორანტებისთვის. გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე, დოქტორანტებს შეეძლოთ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვება 21000 ლარის ფარგლებში. 2014-2015 სასწავლო წლისთვის, პროგრამის განხორციელებისთვის, 2 100 000 ლარია გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები იძლევა იმის განცხადების საფუძველს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო კრიტიკული შენიშვნები და განცხადებები, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას",-აღნიშნულია განცხადებაში.