ბექა გამდლიშვილი:-"განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები არის არაჯანსაღი და შეუძლებელია კომუნიკაციის დამყარება"

ბექა გამდლიშვილი:-"განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები არის არაჯანსაღი და შეუძლებელია კომუნიკაციის დამყარება"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს აფასებს.

 

   "საკითხი შეეხება გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში განხილულ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ. ინიცირებული კანონპროექტი ერთხმად უარყოფილ იქნა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან. კანონპროექტი შეეხებოდა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა ტრანსფორმაციას განიცდის. ცვლილების შედეგად მოხდება მასწავლებელთა 4 (ოთხ) პროფესიულ კატეგორიად დაყოფა "მენტორი მასწავლებელი", რომელიც იქნება უმაღლესი კატეგორია; "მკვლევარი მასწავლებელი" - მას მიენიჭება პირველი კატეგორია; "წარჩინებული მასწავლებელი" - მეორე კატეგორია და "პრაქტიკოსი მასწავლებელი" - მესამე კატეგორია".

   "განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის განაცხადებით, მან  ვერცერთ დასმულ კითხვაზე ვერ მოისმინა არგუმენტირებული პასუხი. სწორედ ზემოაღნიშნულით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინიცირებული კანონპროექტი მომზადებულია არაკომპეტენტური პირების მიერ, რომლებიც, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მრავლად არიან წარმოდგენილნი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საქმეთა სამინისტროში.

   ქვეყნისთვის, სადაც განათლების დონე კატასტროფულად დაბალია, რასაც მოწმობს კვლევა, რომელიც ჩატარდა 80 ქვეყანაში და საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ასეთი სახის კანონპროექტებზე მუშაობაც კი ყოვლად დაუშვებელია. საკითხი მოითხოვს მთელი განათლების სისტემის დეტალურ შესწავლას, თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული ქვეყანაში ზოგადი განათლების ასეთი დაბალი დონე. ზემოაღნიშნულის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილებები და არა ისე, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და ყველას შეეძლო, თავისი შეხედულებისამებრ განეხოციელებინა ცვლილებები" - განაცხადა ბექა გამდლიშვილმა.

 

 

   ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ განიხილონ განათლების სამინისტროში დასაქმებულ პირთა კომპეტენციის საკითხი.

 

   -"აგრეთვე დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი, მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხომ არ ხდება გარე ძალების ზეგავლენა და საკითხის მიზანმიმართული პოლიტიზირება. შეუძლებელია განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის დამყარება, რისი არაერთი მაგალითი ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ იქნა ცნობილი საზოგადოებისათვის. ამას მესამე სექტორის მხრიდან მრავალი განცხადება მოჰყვა, თუმცა, სამინისტროში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემად რჩება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: