თემო შენგელაია: ადამიანები ხშირად დაზომბირებულნი არიან რელიგიით, არადა მისი არსი ნაკლებად ესმით!
თემო შენგელაია ახალგაზრდა პოეტია. საინტერესოა მისი რელიგიური თვალთახედვაც. ვფიქრობ, მისი შეხედულება პოეზიის არსზე, მუზაზე, ღვთისა თუ საკუთარ უნიკალურობაზე, სხვებსაც დაგაინტერესებთ.
- თემო, რას შეეხება შენი ლექსები, როგორ ფიქრობ, იგრძნობა თუ არა მასში ახალგაზრდული მუხტი და პროტესტი რაიმეს მიმართ?
- ჩემი ლექსები შეეხება იმას, რასაც ვგრძნობ, განვიცდი, ვხედავ ან რის მიმართაც პროტესტი მაქვს. ახალგაზრდული მუხტი იგრძნობა ყველაფერში, რასაც ვაკეთებ. ენერგია საკმაოდ მაქვს...
- ხმამაღლა შეგიძლია განაცხადო, რომ პოეტი ხარ?
- ხმამაღლა არასოდეს არაფერს ვაცხადებ, ,,ერთი წუთში წამი გაჩერდას“ ვყვები ხოლმე ხმამაღლა. პოეტი ვარ თუ არა, ეს ხალხის და დროის შესაფასებელია.
- რა აზრის ხარ თანამედროვე პოეზიაზე, არის თუ არა ის ისეთივე ნიოვატორული, როგორც ძველად?
- თანამედროვე პოეზიაში დიდია გავლენები, ჯერ უცხოელების გავლენები შემოვიდა, ამ მხრივ ერთ-ერთი უდიდესი გავლენა ბროდსკის პოეზიას ჰქონდა. შემდგომ სხვა პოეტებსაც გადაედოთ და დღევანდელი პოეზია, ასე ვთქვათ, დაყოფილია გარკვეულ მიმართულებებად.
მე ლექსი სტილის მიხედვით არ მომწონს, შეიძლება კონვენციური ლექსი მომეწონოს ან ვერლიბრი, ტანკა ან მინიმა, მთავარია, როგორი აზრი ექნება. ზოგიერთი უკიდურესობაში გადადის, ზოგი მარტო ტექნიკას აქცევს ყურადღებას, ზოგი მარტო შინაარსს. მე ვიფიქრობ. კარგ ლექსში ეს დაბალანსებული უნდა იყოს. დღევანდელ პოეზიასაც ეპოქა დაარქმევს თავის სახელს.
- ვის გამოარჩევ თანამედროვე პოეზიაში და რითი მოგხიბლა შენმა ფავორიტმა პოეტმა?
- ავტორებიდან, რომლებმაც ჩვენს საუკუნემდე მოაღწიეს, უპირველესად, ლაშა გახარია უნდა აღვნიშნო. ლაშა სასწაულია და, სირცხვილია, ხალხმა მისი პოეზია არ იცოდეს. უფრო ახალგაზრდებიდან ბევრი სახელის ჩამოწერა მომიწევს, რადგან ერთი ფავორიტი არ მყავს, ამიტომ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.
- რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთან. როგორ შეაფასებ მას როგორც სასულიერო პირს, პოეტს და პიროვნებას?
- მამა პეტრე ორხევის სკოლაში გავიცანი. რამდენიმე წლის წინ სკოლიდან დამირეკეს, მითხრეს, რომ უნდოდათ სტუმრად მივსულიყავი მათი სკოლის ზეიმზე, სადაც ჩემს ლექსებს წაიკითხავდნენ ბავშვები. ასეთი მიწვევები ბევრი სკოლისგან მიმიღია, თან სკოლის მოწავლეები ძალიან მიყვარს და უპრობლემოდ დავთანხმდი. იქ იყვნენ ჩემი მეგობრებიც, გენრი დოლიძე, სულხან წულუკიძე, გელა დაიაური და შემდგომში ჩემი უახლოესი მეგობარი მამა პეტრე. იმ დღიდან მე და მამა პეტრე განუყოფლები ვართ. ჩემთვის იგი უდიდესი მეგობარია გადაუჭარბებლად, რომ ვთქვა. თავიდანვე ადვილად მივიღე, რადგან მამა პეტრე ინდივიდუალისტია, არაორდინალური, ამასთან ძალიან თავისუფალი, რომელსაც ყველასა და ყველაფრისადმი უდიდესი სიყვარული შეუძლია.
- რა არის შენთვის მართლმადიდებლობა?
- ბავშვობაში, ფაქტობრივად ეკლესიაში გავიზარდე. მყავდა უსაყვარლესი რელიგიის მასწავლებელი - ასმათ დანელია, რომელსაც დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ. მოძღვარი მამა ფრიდონი, დადიანების კარის ეკლესიაში. თუმცა ეს იყო ბავშვობაში... შემდგომ, როცა წამოვიზარდე, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემმა პიროვნულმა, ფიზიკურმა თუ ცხოვრებისეულმა განვითარებამ ძვრები გამოიწვია ყველაფერში. გამიჩნდა კითხვები, ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი გაუნათლებელი მოძღვარი იყო, რომლებიც უბრალოდ გიმტკიცებდნენ დოგმებს, ყოველგვარი ახსნის, დასაბუთების გარეშე, ერთი ფრაზით - ეს კითხვები ეშმაკისგანაა, ნუ ეძებ ლოგიკას, ირწმუნე და ა.შ. მე კი ასე მარტივად ვერ ვირწმუნებდი.
სულაც არ მგონია, რომ რწმენა რაიმესადმი ბრმად მინდობას ნიშნავს. საშინლად მაღიზიანებს ფანატიკოსი ხალხი - ბრმადმორწმუნე ადამიანები. ეს ყველაფერი ჩემში პროტესტს იწვევდა და დღესაც იწვევს. ასევე, ჩემი კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელი იყო, მიბიძგებდა საპირისპიროსკენ. ამიტომ, ერთი პერიოდი გული მქონდა აცრუებული ყველაფერზე, რელიგიაზე, ღმერთზე, ცხოვრების შემდგომ პერიოდზე და ა.შ.
მერე გამოჩნდა მამა პეტრე, პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც ტვინის მაგივრად ბიბლიოთეკა უდევს თავში, ადამიანი, რომელიც ჩემი დიდი მეგობარი გახდა, რომელმაც დამანახა ბიბლიის ფილოსოფიური გაგება, ადამიანი, რომელიც უსამართლობას ვერ იტანს და ყოველთვის ამბობს სათქმელს, თუნდაც ეს ეკლესიის მსახურთ შეეხებოდეს.
ვერ წამოიდგენთ, მამა პეტრეს მრევლში ხალხს როგორ უყვარს ერთმანეთი, როგორი გამორჩეულები არიან, როგორი ინდივიდუალურები. მოძღვრობა არ ნიშნავს, კომუნისტური აზროვნება გქონდეს, მრევლს ყველაფერს უკრძალავდე, თავი საიქიოსთვის გქონდეს გადადებული და ცხოვრებაში არაფერს აკეთებდე!
- რას იტყოდი ქრისტიანულ ტრადიციებზე?
- რა არ უნდა ვთქვა ქრისტიანულ ტრადიციებზე? თავისთავად ქრისტიანული ტრადიციები მშვენიერია და გენიალური, ცალკე თემაა ის, თუ როგორ გვესმის ჩვენ ტრადიციები და როგორ ვცდილობთ მის ინტერპრეტირებას! თუ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, ის უფრო ცოდვაა, ტაბურეტკებით დასდევდე და მოსაკლავად იმეტებდე მას. არა მგონია, მკვლელობის მცდელობა ან მკვლელობა უფრო ნაკლები დანაშაული იყოს, ვიდრე ჰომოსექსუალობა.
- რას უწოდებ მართლმადიდებლურ ,,ზედმეტობას", რასაც ყოველთვის გააპროტესტებ?
- ზედმეტობას ვუწოდებ ბრმადმორწმუნეობას, დოგმებს, პრინციპებს, რომლის იქითაც ადამიანები არ იყურებიან.
ადამიანები ხშირად დაზომბირებულები არიან რელიგიით და მისი არსი ნაკლებად ესმით. რელიგიას ფილოსოფიური გაგება სჭირდება და, სამწუხაროდ, ეს არა მარტო ჩვეულებრივ მრევლს, არამედ ბევრ სასულიერო პირსაც არ ესმის...
ღმერთი- ეს ყველასა და ყველაფერშია, ყველა და ყვეალფერია. არც ის მგონია, რასაც ბევრი მოძღვარი ამბობს, რომ თუ ქრისტიანი ხარ, შენ გამორჩეული ხარ, ხოლო თუ ვინმე თურქეთში დაიბადა და მუსულმანია, ის აუცილებლად ჯოჯოხეთში წავა, რადგან ჭეშმარიტ რელიგიასაა აცდენილი. ეს მცდარი შეხედულებაა, ჯოჯოხეთი და სამოთხე გვერდიგვერდ არის თუ შორი-შორს, ეს არავინ არ იცის დედამიწაზე. ვინ ცხონდება და ვინ არა, არც ეს.
რა დააშავა მუსულმანმა, ვინც სხვაგან დაიბადა? ვინც კარგი ადამიანია, ვინც ზედმიწევნით იცავს გარკვეულ ნორმებს, პატიოსანია და კეთილშობილი. ან რა უნდა ექნა 3 წლის ბავშვს, რომელიც ალქაიდამ მოიტაცა და ტერორისტად აღზარდა/ შთააგონეს, რომ, თუ ადამიანებს მოკლავდა, ცხონდებოდა? მას ხომ შანსიც არ ქონდა გაერკვია, რა არის კარგი და რა ცუდი?
ჩემი აზრით, ადამიანები არა იმის მიხედვით განისჯებიან, ვინ რა ჩაიდინა, არამედ, იმის მიხედვით, თუ ვის რა შანსი ქონდა ამ ცხოვრებაში რამე გაეკეთებინა. ბევრი იტყვის, რომ მკრეხელობაა, რასაც ვსაუბრობ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და, საერთოდ, ქართველების პრობლემა ისაა, რომ არავინ არაფერზე არ საუბრობს. სხვა როგორ იფიქრებს, ეს მისი ნებაა.
მე ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი მყავს. მათ იციან, რომ მე მათ ვაფასებ, როგორც ადამიანებს, ხოლო, მათი სარეცელი და ცხოვრების წესი არ მაინტერესებს. თუ ჰომოსექსუალი მოვა და მეტყვის, რომ შენ ლამაზი ტუჩები გაქვსო, ვეტყვი, რომ დიდი მადლობა, თუმცა მე არ ვარ არატრადიციული ორიენტაციის-მეთქი და არ დავიწყებ მის მოკვლას და მასზე ძალადობას!
რელიგია ფანატიზმი არ არის, ღმერთი - ეს უნიკალური მოვლენაა, რომელიც დროსა და სივრცეში სრულიად განსხვავებულად არსებობს და არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ღმერთი აბსოლუტური სიყვარულია და მას ყველა ადამიანი უყვარს, ცოდვილი თუ არაცოდვილი. მაშინ ავდგეთ თუ ასეა და მეძავები არ შევუშვათ ეკლესიაში, ისინი ხომ ცოდვილები არიან? და თქვენი აზრით, ვის უფრო სჭირდება ეკლესია და ღმერთი, ცოდვილს თუ ნაკლებ ცოდვილს?
მოკლედ, თქვენი კითხვა რომ შევაჯამო, შევცვლიდი იმ არაჯანსაღ შეხედულებებს, რაც საზოგადოებაშია.
- როგორც პოეტს, გჯერა თუ არა საიქიოში სიცოცხლის არსებობის? შენთვის რომელი უფრო დიადია, პოეტური მუზა თუ ღმერთი?
- პოეტობა გიჟობას არ ნიშნავს. ახალგაზრდებს ჩვევიათ განსაკუთრებით, კაშნებს მოიგდებენ და ძალით იგიჟიანებენ თავს - პოეტი ცოტა უნდა აფრენდესო. არა ბატონებო, პოეტი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სხვებისგან რაღაც ნიჭით განსხვავდება. ბევრს ჰგონია: თუ პოეტი ხარ, ცოტა უნდა ,,ჭედავდე“ .
ღმერთი არსებობს და იქ რა ხდება, ზუსტად არავინ არ იცის. მჯერა, რომ სამყარო დიდი აფეთქების თეორიით ე.წ. BING BANG-ით და აბიოგენეზისის თეორიით ვერ ჩამოყალიბდებოდა მხოლოდ, რომ არ ყოფილიყო რაღაც ძალა, ვინც სამყაროს გაფართოების თითოეულ წამის მემილიონედს აკონტროლებდა. ეს შეუქცევადი პროცესი რაღაც ძალის გარეშე არ იქნებოდა და სწორედ ეს ძალაა უფალი. საიქიოში კი აუცილებლად იქნება ცხოვრების გაგრძელება.
და ბოლოს: ღმერთი ყველასა და ყველაფერზე მაღალია, იგი აბსოლუტური ძალაა, რომელზე მაღალი ინსტანციაც არ არსებობს!
ესაუბრა ია ჯღარკავა