იტალია-საქართველო _ კულტურული დიალოგი
21 ოქტომბერს, ევროპის სახლში დაიწყო კვირეული სახელწოდებით "იტალია-საქართველო _ კულტურული დიალოგი". პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და იტალიის საელჩო საქართველოში. საღამო უძველეს ხელნაწერთა არაჩვეულებრივი გამოფენით გაიხსნა. ნაჩვენები იყო ქართველი რეჟისორისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, რეზო თაბუკაშვილის ფილმი "კვალი ნათელი", რომელიც მთელ გამოფენას ფონად გასდევდა. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს იტალიის ელჩმა საქართველოში - ფედერიკა ფავიმ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ბუბა კუდავამ.
ფედერიკა ფავიმ მადლობა გადაუხადა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და აღნიშნა, რომ ეს მოვლენა ეწყობა იტალიისა და შვეიცარიის საელჩოების თანამშრომლობით, რომ ამავე პროექტის ფარგლებში გაიხსნება იტალიის ისტორიის კურსი, გაიმართება იტალიელი რეჟისორის - სილვიო სოლდინის ფილმის ჩვენება, კვირეული კი დასრულდება მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემას მიეძღვნება.
ბუბა კუდავას თქმით კი, ეს გამოფენა ხელს შეუწყობს იმ უმნიშვნელოვანესი მასალის პოპულარიზაციას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - მიხეილ თამარაშვილის არქივში და რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. "მე მოხარული ვარ, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ზღვა მასალა ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების შესასწავლად. ეს მასალაა ქართული, იტალიური და სხვა ხელნაწერების ნიმუშები, პირადი არქივები, ფოტოები, რისი მცირე ნაწილიც არის დღეს აქ წარმოდგენილი იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ქვეყნებს, საუკუნეების მანძილზე, მჭიდრო სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდათ. თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს კულტურული ურთიერთობები, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წელს სწორედ იტალიაში, რომში დაისტამბა." ბუბა კუდავამ მადლობა გადაუხადა ფედერიკა ფავისა და იტალიის საელჩოს კულტურის ატაშეს - ნიკოლეტა დაგას, რომელთა უშუალო თანადგომითა და ინიციატივითაც მოხდა ამ გამოფენის ორგანიზება. "ქ-ნი ელჩი სტუმრად გვყავდა ცენტრში, სადაც დაათვალიერა ეს სიძველეები და ასე ჩაისახა გამოფენის გახსნის იდეა", _ განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
გამოფენას ამშვენებს სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერი "მოგზაურობა ევროპაში", გრიგოლ წერეთლის უნიკალური ფოტოალბომები და მიხეილ თამარაშვილის (იტალიაში მიქელ თამარატი) ხელნაწერები (პირადი და ოფიციალური მიმოწერა). გამოფენის სული და გულია ზემოხსენებული ნიმუში ქართულ-იტალიური კულტურისა _ "ქართულ-იტალიური ლექსიკონი".
თუმცა მთელი გამოფენა მიხეილ თამარაშვილის სახელის გარშემო ტრიალებს. მან შეძლო და წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი თუ იტალიელი ხალხის გულსა და ხსოვნაში. მიხეილ თამარაშვილი რომში ცხოვრობდა და კათოლიკური ეკლესიის აბატი იყო. მას ეკუთვნის ნაშრომები: "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" და "ქართული ეკლესიის ისტორია". მან, სამშობლოდან შორს, იტალიის მიწაზე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, სანაცვლოდ კი სიკვდილისაგან იხსნა იტალიელი მუშა. მასთან ერთად დაიღუპა მისი მოწაფეც.
მიხეილ თამარაშვილის საფლავი იტალიელებმა შეინახეს, ბოლოს კი ის თავის სამშობლოს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, იტალიელებმა მისი ცარიელი საფლავის ხელუხლებლად შენახვა გადაწყვიტეს.
ასეთი კულტურული და ისტორიული კავშირების გამო, სხვადასხვა ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ამის გაღვივება და კავშირების გამყარებაა სწორედ იმ პროექტის საფუძველი, რომელზეც აქ აღინიშნა.
კვირეული 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და კიდევ ბევრ მნახველს უმასპინძლებს.
შორენა როსტომაშვილი