ნანა ჩაჩუა: „საზოგადოების ხსნა, მამაკაცების დასაქმებაშია!“

ნანა ჩაჩუა: „საზოგადოების ხსნა, მამაკაცების დასაქმებაშია!“

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ,,ივერიონს“ საზოგადოებაში დაგროვილ უარყოფით ემოციურ მუხტზე, ადამიანზე მედიასაშუალებების უარყოფით ინფორმაციულ ზეგავლენასა და,ზოგადად, სტრესული ჩიხებიდან გამოსვლის პრევენციაზე ესაუბრა.

 

- ქალბატონო  ნანა, საზოგადოება შეშფოთებულია ამ ბოლო დროს ქალებზე გახშირებული ძალადობის გამო, რომელიც ფატალური შედეგებით მთავრდება. როგორც ფსიქოლოგი, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

 

- პირველ რიგში, ადამიანები ვერც ვერბალურად ახერხებენ ემოციების გაცვლას და ვერც ქცევითი ფორმებით...  თანამედროვე ადამიანმა ადამიანთან კონტაქტის უნარები დაკარგა, ტექნოლოგიური ფუფუნება კი საშუალებას აძლევს, ეს დროის მცირე მონაკვეთში ინტერნეტის საშუალებით ვირტუალურად მოაგვაროს. ამ დროს იკარგება ის ადამიანური ურთიერთობები, რომლის დროსაც ემოციათა გაცვლა-გამოცვლა ხდება ვერბალური ან ქცევითი ფორმებით. ერთი სიტყვით, ადამიანები ერთმანეთს ვერ გადასცემენ აზრებს, ფიქრებსა თუ პრეტენზიებს...

 

კომუნიკაციის არარსებობა ძაბავს ადამიანთა შორის ურთიერთობებს. ეს ის სიტუაციაა, როცა ერთი ადამიანი მეორის მოქმედებას აღიქვამს ისე, როგორც თავის შინაგან სამყაროში წარმოუდგენია. ეს ხედვა სუბიექტურია, საკუთარი აზრებისა და  მოლოდინიდან გამომდინარე. ამას მეცნიერებაში ფსიქოლოგიურად დამახინჯებული აზრები ეწოდება.  

 

მეორე, ადამიანები ისე ქორწინდებიან, რომ ერთმანეთის ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს კარგად არ იცნობენ. დროთა განმავლობაში, ისინი  აღიარებენ, რომ  ერთმანეთს მხოლოდ საკუთარი მოდელებით აღიქვამენ.

 

მესამე, თანამედროვე ადამიანი ძალიან დაძაბულია -ესაა სოციალური ფონი, კულტურული სიცარიელე, ეკონომიკური პრობლემა თუ  საშიში მოლოდინი იქ, სადაც ცხოვრება უწევს. კულტურული სივრცე დღეს ადამიანური ურთიერთობებისგან ცარიელია, მედიასაშუალებები -ეს აგრესიული სიტყვების კორიანტელია, განსაკუთრებით, იუმორისტული გადაცემები ადამიანისთვის ყველაზე ღირებულისა და ღირსეულის დამკნინებელია...

 

მეოთხე, ადამიანებმა სამართლიანობის შეგრძნება დაკარგეს. კანონი არ არის უზენაესი და კანონზე მაღლა ხელისუფლებაში მყოფი დგას, რომელსაც დანაშაულზე პასუხი არ მოეთხოვება, ხოლო მეორე ადამიანს, ვისაც არა აქვს მსგავსი პრივილეგიის ქონის მოლოდინი, პროტესტი უჩნდება. ეს აბსოლუტური დაუცველობის განცდას ქმნის ადამიანში.

 

მეხუთე, პერსპექტივა არ ჩანს! იმ ინფორმაციულ სიტუაციას, რომელშიც დღეს იმყოფება ადამიანი, ფსიქო-სოციალური ტოქსინები ჰქვია. მაგალითად, ჩვენ გვაშინებდნენ, რომ 2011 წელი კატასტროფების წელი იქნებოდა, დღეს გვაშინებენ გრიპებით, სხვა ეპიდემიებით, სტიქიური უბედურებებით... ადამიანები მუქარას განიცდიან მედიასაშუალებებიდან მიღებული ინფორმაციებით, საიდანაც მუდამ განგაში ისმის, დიქტორები და ჟურნალისტები გამყინავი ხმით ,,გეჩხუბებიან“, როგორც დამნაშავეს...

 

ჩემი რეზიუმე ასეთია: ეს პრობლემები იქ იყრის თავს,  სადაც არ არის განსწავლულობა, შრომა და პატიოსნება!

 

- თქვენი აზრით, როგორ გამოვა საზოგადოება ამ სიტუაციიდან და, საერთოდ, როგორ შეიძლება ამ ,,დაავადების“ ,,მკურნალობა“?

 

- ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთნაირად უნდა იფიქროს ცვლილებებზე. გამოსავალი სამუშაო ადგილების შექმნა და განათლების სისტემის ცვლილებაა. განათლების სისტემაში დანერგილი მეთოდით, დებატებით ჭეშმარიტებამდე კი არ მიდიან, არამედ საკუთარ არგუმენტებს ამართლებენ. ასეთ დროს ჭეშმარიტების გზა გადაკეტილია. ის, რომ ჩემი აზრი უნდა დავიცვა და ამისთვის ჩემი არგუმენტები გამოვიყენო, ცნობიერებას ამახინჯებს, ცნობიერება კი ჭეშმარიტების ორიენტირია. აქედან გამომდინარე, განათლების სისტემა გადასახედია.

 

- საქართველოში ქალი ოჯახის მმართველი და მარჩენალი გახდა. ეს პროტესტთან ერთად, შურს ხომ არ იწვევს მამაკაცებში?

 

- საქართველოში ქალი ყოველთვის პრივილეგირებული და დომინანტი იყო, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ილიამ ქალს დედაკაცი უწოდა, ე. ი. ის ანდროგენულ-ფემინურია. დღეს ქართველ კაცს ის კი არ აწუხებს, რომ ქალი შრომობს და დომინანტია, არამედ ის, რომ კაცის დაუცველობა იგრძნობა, შრომის გარეშეც არიან და საზღვარგარეთაც ვერ შოულობენ სამსახურს, იქაც ქალები მუშაობენ.

 

ვინაიდან ცხოვრებას ახლავს ტრაგიკული მოვლენები, ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს პრევენციული ზომები. ერთი სიტყვით, საზოგადოების ხსნა, შეიძლება ითქვას, მამაკაცების დასაქმებაშია!

 

 

                                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: