ლია ტოკლიკიშვილი: ,,შენიშვნებს მივიღებთ, მაგრამ არა მხედრიონულ შენიშვნებს!“
,,გამომძიებელი რეპორტიორის“ ერთ-ერთი ავტორი ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ეთერში გასული პირველი გადაცემისკენ მომართულ კოლეგათა თავდასხმაზე საუბრობს. ის მზადაა მოისმინოს ჯანსაღი კრიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩერებას არ აპირებს.
-ქალბატონო ლია, როგორ შეაფასა მაყურებელმა ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაფუძნებული გადაცემა ,,გამომძიებელი რეპირტიორი?
-პირველივე გადაცემა წარმატებული აღმოჩნდა, რაც ორმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი, ფილმის სატელევიზიო ჩვენება მაღალრეიტინგული იყო, yutub-ზეც დღეში 1000-ზე მეტი ადამიანი უყურებს და, მეორე, ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ჩემი ფეისბუქის გვერდზე კომენტარებშიც კარგად ჩანს. (ისე, ყველას გთხოვთ, არა ჩემს, არამედ ,,გამომძიებელი რეპორტიორის“ ფეისბუქგვერდზე დააკომენტაროთ!).
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კარგად იცოდა, რომ ეს პროექტი რისკის პროექტი იყო, რადგან ამ ფილმებში არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალი ხელისუფლების შეცდომებზეც ვსაუბრობთ. დიახ, ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ტერორით წართმეული ბიზნესის დასაბრუნებლად. ამ გადაცემის გასვლის შემდეგ კი ეს საქმეები თაროდან ჩამოიღეს და იძიებენ - უამრავი დაზარალებული და მადლიერი მაყურებელი გვირეკავს, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია!
-როგორც აღმოჩნდა, თქვენმა გადაცემამ და აქტიურმა გამოძიებამ ვიღაც მაინც გააღიზიანა. რას უკავშირებთ ამ ფაქტს?
-ეს გადაცემა ჩემი და მაია გოგოლიძის სადებიუტო პროექტია ტელევიზიაში. ჩვენ პოლიტიკური კატაკლიზმებით დახუნძლული 90-იანი წლები გამოვიარეთ და მაშინ მედიააქტიურობის პიკზე ვიყავით. მე და მაიას ტელეპროექტის შექმნის გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტის არაკორექტული და არაობიექტური შეფასება გადაცემაზე მომუშავე პროფესიონალ წევრებსაც ეკუთვნის- დოდო შანავას , ლადო ჩადუნელსა, გიორგი ვაშაყმაძესა და სხვებს.
კარგად ვიცით, რომ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა მაღალი კლასის ჟურნალისტიკაა. ჩვენ ამ პროექტს ვერ ვახორციელებდით წინა ხელისუფლების მმართველობისას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი მაღალ თანამდებიობებზე მუშაობდა.
ჩვენი კოლეგები ამ პროექტს არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ. მათ შორის გამომძიებელი ჟურნალისტები, მედიაჰოლდინგების მეპატრონეები... სამაგიეროდ, გვერდშიც ბევრი დაგვიდგა. ზოგიერთ მათგანს დავასახელებ: ,,ვერსიის“ რედაქტორი მაკა ფურცელაძე, ,,ივერიონის“ რედაქტორი ზაურ ნაჭყებია და სხვები. პირველნი აშკარად პოლიტიკურ პოზიციას იკავებენ შეფასებისას, თუმცა მადლობელი ვარ, რომ ფილმს უყურეს. გული დამწყდა, რადგან მათი შენიშვნები არაარგუმენტირებულია. ჩვენს ფილმში ყველა ფაქტი დოკუმენტურადაა დამტკიცებული.
გადაცემა ,,მონიტორის“ წამყვანი ნინო ზურიაშვილიც არაარგუმენტირებულ შენიშვნებს მიგზავნის სოცილურ ქსელში. მართალია, შეიძლებოდა ფილმში ასახული ფაქტები უფრო ღრმად გამოკვლეულიყო, უფრო ძლიერი კადრები გვეჩვენებინა, მაგრამ დოკუმენტური დასაბუთება ამ ფილმს ნამდვილად არ აკლდა!
-თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ფილმში ერთი საქმის ორი მხარე არასათანადოდ იყო წარმოჩენილი.
-დიახ, ამბობენ, არადა აქ წარმოდგენილი იყო ადეიშვილის დავალების შემსრულებელი ყოფილი პროკურორების აღიარება, გიორგი ბარამიძისა და დავით ბაქრაძის საუბარი იმის შესახებ, რომ ბიზნესზე ზედმეტად ძალადობენ- ესენი არ იყვნენ მხარეები? მგონია, რომ სოციალური ქსელი არ არის ის ადგილი, სადაც კოლეგები ბრალს დასდებენ ერთმანეთს).
-როგორ ფიქრობთ, რატომ გებრძვიან ჟურნალისტები?
-იცით, ჟურნალისტიკა უძლური იქნება, თუ ერთმანეთზე ვიტყვით, შენ რატომ ხარ აქ და არა მეო. ,,ნაციონალების“ დროს ამ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ მათი პროდუქტი ხალხმა ან ვერ ნახა, ან ვერ დაიმახსოვრა. რა შეკითხვაა, რატომ გახდა ჩვენი პროექტი პრიორიტეტული? ჩვენ გვაქვს გამოცდილება- მაია გოგოლაძე გერმანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და შესაბამისი პროფილით დიდი ხანია მუშაობს. მე საგამოძიებო ჟურნალისტიკის კურსს ვკითხულობდი „ილიაუნში“. და ის ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში შენიშვნებით გვეხმაურებიან ან ბორდის წევრები ვერ გახდნენ, ან ზოგმა თავისი პროექტის დამფინანსებელი ვერ მოძებნა. განსაკუთრებით რეგიონის ჟურნალისტები აქტიურობენ, რომელთაც ჯერ ვერ ისწავლეს ჟურნალისტური ეთიკა. მათი ,,ბრძოლა“ ჩვენს პიარს ემსახურება, მათ წისქვილზე კი არ სხამს წყალს!
-საზღვარგარეთ თუ ნახეს ეს ფილმი?
-ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა გიორგი ფოფხაძემ ფილმის ინგლისური ვერსია გვთხოვა. ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის. ასე რომ, შენიშვნები მოგვეცით, მაგრამ არა მხედრიონული შენიშვნები!
-საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურება თუ არა არაკომპეტენტურ კომენტატორებს და არაარგუმენტირებულ შეფასებებს?
-რადგან ამ ჟურნალისტებს თავიანთი აზრი მედიით ან მედიაგამოცემით არ გამოუხატავთ, ალბათ, არა!
-რას შეეხება თქვენს მეორე ფილმს?
-ეს ეხება კონტრდაზვერვასა და ციხეების იზოლატორგამოვლილ ადამიანებს. ყველა ფაქტი დოკუმენტებითაა გამყარებული. აქ დამნაშავეთა გვარებიც დასახელდება. ფილმი, შინაარსიდან გამომდინარე, 18 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის!
ესაუბრა ია ჯღარკავა