დემურ გიორხელიძე: ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ ხელისუფლების დასამხობად და ახლის მოსაყვანად, რომელიც 2-3 წელიწადში ისევ დასამხობი იქნება!

დემურ გიორხელიძე: ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ ხელისუფლების დასამხობად და ახლის მოსაყვანად, რომელიც 2-3 წელიწადში ისევ დასამხობი იქნება!

,,ივერიონს“ მნიშვნელოვან შეკითხვებზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

-ბატონო დემურ, თქვენ ხშირად მოგყავთ საუკეთესო არგუმენტებად ამერიკული პრინციპები, მოვლენები, მუსიკა, განათლება, კულტურა, პოლიტიკა... იქნებ გვითხრათ, როგორია დღეს ამერიკა თავისი ავი თუ კარგი თვისებებით?


-აშშ მართლაც საოცარი ქვეყანაა - ამას ფიზიკურადაც აღიქვამ, როცა იქ ჩადიხარ... მე ოჯახი მაქვს ამერიკული, - ჩემი ქალიშვილი აშშ-ს მოქალაქეა, ჩემი სიძე - ამერიკელია, სამი შვილიშვილი, ბიჭები - ამერიკელები და, ამასთან, ქართველები არიან...


მე ემიგრამტების წრეში გავიზარდე და დასავლეთზე  5 წლის ასაკიდან მაქვს ინფორმაცია, სწორედ მათ გამიხსნეს კარი დასავლური ლიტერატურისკენ, მუსიკისკენ, ცხოვრებაზე წარმოდგენებისკენ და ადამიანებს შორის ურთიერთობებისკენ...


მათი მადლიერი ვარ - ქართული და დასავლური ერთად იყო ჩემთან - სულ ბავშვობიდან, მერე ცხოვრებამ ეს მოიტანა...


აშშ უნიკალური ქვეყანაა, რადგან, მართლაც რომ, ადამიანის ნიჭი და უნარია ყველაზე ძვირადღირებული, მოთხოვნადი, დაფასებული და წახალისებული...


ჩემი ქალიშვილის მაგალითია ჩემთვის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ რა არის და როგორია ამერიკა... როგორ დაუფასეს მას მისი ნიჭი და უნარი და რა საოცრად მალე გახდა იგი წარმატებული...


როცა წასვლა გადაწყვიტა (ჰაი-სკული აშშ-ში ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ჩამოვიდა), მითხრა: "წავალ! აქ ხომ ხედავ, არაფერი გამოდის. იქ დავიკავებ ადგილს, სადაც მთელი მსოფლიოა ჩასულიო"... ცხადია, მე მის მხარეს ვიყავი... რა გამოვიდა - სახეზეა. ამიტომაა ეს ქვეყანა, ჯერ-ჯერობით, შრომის, ნიჭის და თავდადების უპირველესი დამფასებელი...


ცხადია, ნაკლი იქაც არის, კონსერვატიულ ამერიკას არ მოსწონს ის, რაც ხდება - არ მოსწონს იმ ნორმებიდან გადახვევა, - არ დაგავიწყდეთ, ისინი პურიტანების შთამომავლები არიან და საოცრად უყვართ ის ქვეყანა, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ... ოჯახისადმი დამოკიდებულება კი განსაკუთრებულია, ცხადია, ეს ჯამური შეფასებაა... გადახრები და ძალადობა ყველგანაა - ოღონდ გამომწვევი მიზეზებია სხვადასხვა, - ძირითადი მაინც სოციალური მდგომარეობაა!

- რა თვალსაჩინო განსხვავებაა აშშ-სა და რუსეთს შორის და ვისთან მეგობრობა უფრო სჭირდება დღეს საქართველოს?


- რუსეთსა და აშშ-ს შორის უდიდესი განსხვავებაა - ეს, პირველ რიგში, მენტალური სხვაობაა, სხვაგვარი აღქმაა ცხოვრებისა... იქ სახელმწიფო ადამიანს უფასებს თავის შრომას და კეთილდღეობის გარემოს შექმნისკენ ახალისებს.


 რუსეთში ჯერ პრობლემებია სახელმწიფო მშენებლობის და საზოგადოებრივი პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. ცხადია, რუსული კულტურა საყოველთაოდ აღიარებულია, მათ შორის აშშ-იც უდიდეს პატივს სცემენ, მაგრამ განსხვავება ყველა სფეროშია... ეს ორი სხვადასხვა სამყაროა!

 - ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული და უკრაინული ტერიტორიები, რუსეთის აზრით, სამუდამოდ დაკარგულია და ის, უბრალოდ, დიპლომატობანას გასართობად, თავისი წესებით, თამაშობს?


-თქვენ სვამთ კითხვას, რომელიც ურთულესია და სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოსთვის... 2008 წელს ე.წ. "გაყინული" კონფლიქტი ჩვენი ხელისუფლების უდიდესი შეცდომის შედეგად ტრაგედიით დასრულდა და რუსეთმა ისარგებლა ამ შეცდომით - 20% ტერიტორიისა დაიპყრო...
ახლაც ურთულესი მდგომარეობაა... თქმა იმისა, რომ უკანასკნელი 21 წლის (სოხუმის დაცემის შემდეგ) განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებმა რაიმე გონიერი ნაბიჯი გადადგეს კონფლიქტის მოსაგვარებლად, - შეცდომა იქნება... ჩვენ ვხედავდით სრულ უმოქმედებას და... პრიმიტიულ დეკლარაციებს: ,,ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში!" და... ტაში და სიმღერები, ტაში და სიმღერები... სასტიკი უდარდელობა და ზერელობაა...

რუსეთი იქცევა ისე, როგორც თვლის საჭიროდ - რუსი ისეთია, როგორიც არის!.. მათ ჩვენ ვერ შევცვლით, - ჩვენი მიზანია, ისე ვიცხოვროთ, რომ არ განვიცადოთ დანაკარგები და არ მივცეთ რუსეთს საბაბი თავდასხმისთვის...


ახლა მსოფლიოში საშინელი კონკურენტული ბრძოლაა იმ პირობებში, როცა მოინგრა მსოფლიო წესრიგი, დამყარებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ახლა გონიერება და სიფრთხილე და ენერგიული მოქმედებაა საჭირო და არა პროვოკაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც უარეს უბედურებას უქადის საქართველოს...
დიახ, ახლა კონფლიქტური რეგიონებში შექმნილი რეალობა უმძიმესია საქართველოსთვის, მაგრამ  ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს, თუ პოლიტიკა საღი აზრის პოლიტიკას და პრაგმატიზმს დაეფუძნება და არ იქნება ისეთი უპასუხისმგებლო, როგორიც დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და კიდევ რამდენიმე ვაიმინისტრის განცხადებებია...


უკრაინას რაც შეეხება, პროვოკაციულმა პოლიტიკამ და სხვისმსახურებამ იქაც უდიდესი საფრთხე შეუქმნა უკრაინის სახელმწიფოს... უკრაინაში იმდენად მძიმე სიტუაციაა, პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია სიტუაციის ნორმალიზებისთვის... როცა პოლიტიკაში შეცდომებია დაშვებული, მისი გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება!


-არსებობს თუ არა მსოფლიოში ისეთი სახელმწიფოები, სადაც უკანასკნელი 3 წელია, საპროტესტო მიტინგი თუ აქცია არ ჩატარებულა?


-კი, ალბათ! ისეთი დალაგებული ქვეყნები, როგორიცაა: კოსტა-რიკა, ლუქსემბურგი და მსგავსი ქვეყნები, ნაკლებ არიან პროტესტებით მოცულნი... ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი, სწორად დავასახელე... თანაც, პროტესტი პროტესტს გააჩნია... დემოკრატიულ ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლა არ აღიქმება ისე მტრულ და დესტრუქციულ ქმედებად, როგორც ეს ჩამოუყალიბებელ და ჩვენნაირ სუსტ ქვეყნებშია... ადამიანები გამოდიან და მიანიშნებენ ხელისუფლებას, რომ მათთვის საინტერესო საკითხი მოითხოვს მეტ ყურადღებას... ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ!!!


ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ ხელისუფლების დასამხობად და ახლის მოსაყვანად, რომელიც 2-3 წელიწადში ისევ დასამხობი ხდება!.. ასეთი განწყობა უჩნდება ხალხს და ეს არის ჩვენი ტრაგედია.

-ქართველი ახალგაზრდები მეტ-ნაკლებად გააქტიურდნენ და პოლიტიკურ ბატალიებში ჩაებნენ. თქვენი აზრით, ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს თუ ვინმესგან იმართებიან? როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი განვითარებულ ქვეყნებში?


-არ მომწონს ტენდენცია პარტიული ნიშნით დაჯგუფებული და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შემადგენლობაში სრულად გადანაწილებული ახალგაზრდების მისწრაფებისა... ეს გამონაკლისი უნდა იყოს... ახალგაზრდობა თავისი მაქსიმალიზმით და შეურიგებლობით უსამართლობისადმი, დასავლურ ქვეყნებში თავად წარმოადგენდა სერიოზულ ძალას, რომელსაც ყველა უფრთხოდა... შემდეგ ამოქმედდა შენიღბული ტექნოლოგიები ამ აქტიურობა/აგრესიის გასანეიტრალებლად: ნარკოტიკები, ცნობიერების კორექცია, შემგუებლობა თითქოსდა "ადამიანის თავისუფლებების" გამხატვისადმი, რაც ტრადიციულ მორალსა და ზნეობას ეწინააღმდეგებოდა.... მოკლედ, ამ მიმართულებით საკმაო "წარმატება" იქნა მიღწეული...


მე ვერ ვხედავ საქართველოში ახალგაზრდებს, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევიან - ანუ სწავლობენ, არიან აქტიურნი, შეუძლიათ თვითორგანიზება და პროტესტის დამოუკიდებლად გამოხატვა... მე კი სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვისურვებ, არადა შესანიშნავი ახლაგაზრდები გვყავს! ესაა,  რომ ბოლო 10-წლიანმა სულთამხუთავმა ზემოქმედებამ, ახალგაზრდების რაღაც ნაწილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრეცედენტები შექმნა და ეს ცუდია,... ეს ახალგაზრდების მარცხი და ტრაგედიაა და უდიდესი დანაკარგი საზოგადოებისთვის.

                                                                ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: