ვეტოს დაძლევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა

ვეტოს დაძლევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა

  "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნების გაზიარებას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ვეტოს დაძლევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

 

  დავით საგანელიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას არ აპირებდა, რადგან  ეს  სამართლებრივ ვაკუუმს გამოიწვევდა, რაც მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის რისკების შემცველი იქნებოდა.

 

  შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონი ფარული მიყურადების შესახებ. აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება - ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც კვლავ შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტრონული კომუნიკაციების თვალთვალი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები.

  2014 წლის აგვისტოში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით.

  საქართველოს პრეზიდენტმა  პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს პირდაპირი წვდომა კვლავ ჰქონდეთ, ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ შსს-ს ე.წ. გასაღებზე წვდომა 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: