გიორგი ტიგინაშვილი: როცა სასულიერო დასი და სამონაზვნო წესი განცხრომა-ფუფუნებას მიეცემა, სწორედ მაშინ დაჩქარდება მეორედ მოსვლაც!

გიორგი ტიგინაშვილი: როცა სასულიერო დასი  და სამონაზვნო წესი  განცხრომა-ფუფუნებას მიეცემა, სწორედ მაშინ დაჩქარდება მეორედ მოსვლაც!

"ივერიონს"ესაუბრება ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი  გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)
–გიორგი, თქვენი აზრით, რატომ   აღემატება სოფლად მცხოვრებ ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი ქალაქში მცხოვრებ ქალთა მაჩვენებელს? უკავშირდება თუ არა ეს ქრისტიანობის არცოდნას?


–რთული საკითხია, თუმცა, ამის მიზეზი მაინც ურწმუნოებაში, მატერიალურ სიდუხჭირესა და განათლების სიმწირეში უნდა ვეძახოთ.
რეგიონებში გაცილებით უფრო მძიმე სიტუაცია გვაქვს ყოველმხრივ, რადგან პერსპექტივის დეფიციტი და უმუშევრობა თავისთავად იწვევს ადამიანთა მწვავე დეპრესიულობასა და დათრგუნვას. ცხადია, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დიდწილად განაპირობებენ ძალადობისა თუ სხვა მომაკვდინებელი ცოდვების ინსპირირებას!
 ზოგადად კი, როცა ოჯახში არ არსებობს ლოცვითი თანხმობა და სულიერი სიმყუდროვე, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთსა თუ სხვას უწმაწურად აგინებს, როცა დედა საკუთარ შვილებსაც კი წყევლის, როცა ბებო-პაპას სარკასტულად ამასხარავებენ, როცა უჯერო ხუმრობა და ჭორაობა მათი დღის წესრიგის მთავარი მახასიათებელია, როცა სახლში მუდმივად ტელესერიალებისა და კომპიუტერული თამაშების გამაყრუებელი ხმა ისმის, როცა ადამიანები საზრდელის შოვნის "იოლ გზას" ირჩევენ და აზარტულ თამაშობებში ებმებიან, ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება ანტიადამიანური სიმახინჯეები, კლინიკური სნეულებები თუ კრიმინალური ბოროტება!
   ყველა უკეთურება კი ამპარტავნებიდან მოდის, როცა სული, გონება და გული ერთიანად ბორგავს, ეს შინაგანი სიამაყისა და ზღვარდაუდებელი ამბიციების შედეგია. ამიტომ როგორღაც უნდა ვისწავლოთ დათმობა, სითბო და ალერსი, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ საგრძნობლად მოდრეკს ამბოხებულს.
    აქვე მინდა ყველას ვთხოვო, რომ პერიოდულად აკურთხებინონ სახლი მოძღვარს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ წარმოთქვან შესაბამისი ლოცვები, შესაძლებლობის მიხედვით იკითხონ შვიდგზის ლოცვებიც, ხშირად მიიღონ ნაკურთხი წყალი და სებისკვერი, ხატებთან მუდმივად ენთოთ კანდელი და ხანდახან მაინც აკმიონ ოთახები კეთილსურნელებით.


-ალბათ  გსმენიათ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შექმნილ "რელიგიათა სააგენტოს" შესახებ?


–დიახ, მსმენია, მაგრამ დეტალურად არ ვიცი მათი მიზნებისა და უფლებამოსილების შინაარსი.  ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, თუ რა საკითხების გარკვევითა და მოწესრიგებითაა დაკავებული ეს სააგენტო. საჭიროა ვიცოდეთ, თუ რამდენად წარმომადგენლობითი იქნება ეს ინსტიტუტი, ვის ექნება მანდატი მისი წევრობისა და რა კრიტერიუმებით შეირჩევა მისი თავმჯდომარე. ამის შემდეგ საზოგადოებისათვის ალბათ უფრო ნათელი გახდება მისი სტრატეგია და დანიშნულება. ჩვეულებრივ კი, იმისათვის, რომ ხალხში ნდობის ხარისხი არსებობდეს, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ფართო დისკუსიებია აუცილებელი ამგვარი თემების გარშემო. მეტს ვერაფერს გეტყვით.


–სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და წმინდა მამები მეორედ და მესამედ ქორწინებას დასაშვებად მიიჩნევენ, რადგან ეს მრუშობას სჯობს. როგორია თქვენი კომენტარი?


–თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა იესო ქრისტესგან, მაცხოვარმა ქორწინება თავისი დასწრების ღირსად მიიჩნია კანასგალილეაში და სწორედ იქ აღასრულა პირველი სასწაულიც, მაშინ, როცა წყალი ღვინოდ აქცია. ამ ფაქტს ეკლესია განიხილავს, როგორც  კანონიერი ქორწინების უფლისმიერ კურთხევას.
    საჭიროა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანული ქორწინება, ანუ ჯვრისწერა, მადლმოსილი კავშირია და ეს სულიერი წყალობა მხოლოდ იმისათვის ეძლევათ წყვილებს, რომ ქრისტეს ეკლესიასთან საიდუმლო კავშირის ღირსეული მაგალითები გახდნენ, რომ მათი ჰარმონია დაემსგავსოს მესიისა და ეკლესიის ურთიერთკავშირს ანუ თანამზრახველობას.
   ძველად, ჯვრისწერამდე, ცოლ-ქმარი ჯერ საღვთო წირვას ესწრებოდა, ეზიარებოდა და მხოლოდ შემდეგ აღესრულებოდა უშუალოდ ქორწინების რიტუალი. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ასეთი რამ იშვიათად ხდება. უმეტესად, მხოლოდ ვნებითი ინტერესითა და სექსუალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დამხმარე საშუალების მოძიების მცდელობით გამოიხატება ამჟამინდელი შეუღლებები, რაც, რასაკვრიველია, განწირულია ხოლმე ერთობის დანგრევისათვის.
    რაც შეეხება სახელდობრ მესამედ ქორწინებას, ეკლესია, გამომდინარე მისი სულგრძელობიდან, იშვიათი გამონაკლისების სახით, იკონომიის პრინციპით უშვებს ხოლმე მას. ეკლესია არასდროს კრძალავდა მეორე და თუნდაც მესამე ქორწინებას, პირიქით, მცდარად მიიჩნევდა ზოგიერთი ერეტიკოსის (მონტანისტებისა და ნოვატიანების) შეხედულებას, რომ მეორედ ქორწინების გამო ადამიანი ეკლესიიდან ყოფილიყო განკვეთილი. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული ამბობს: "პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ".
    აქვე დავძენ, რომ ტერმინი "ჯვრისაყრა" გახლავთ არასწორი. უფრო მართებულია, რომ ვთქვათ – კურთხევა მეორედ (ზოგჯერ მესამედ) ქორწინებაზე.


–ბევრი აღნიშნავს, რომ დედათა მონასტრების მსახურები აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ლოცვით  მოქმედებას არჩევენ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ჩვენი ქვეყნის პრობლემებით დახუნძლული რეალობიდან გამომდინარე?


–წინა ინტერვიუში აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ მონაზონთა მოვალეობები და მათი ცხოვრების წეს-განგება საერთოდ არ გულისხმობს ხმაურიან და საზოგადო აქტივობას. პირიქით, გარინდება, განდეგილობა, მყუდროება და ამასოფლის სულისგან შორს დგომა, ბევრად უფრო ეფექტურს გახდის მათ მისიას, ვიდრე ის შესაძლოა საჯარო სივრცეში ასპარეზობით გამოვლინდეს.
რადგან, თანამედროვე ყოფა ძალზე დიდ დაბრკოლებას უქმნის თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის შეცნობის გზაზე, მით უფრო, არასასურველია სამონასტრო ცხოვრებისთვის საერო ვალდებულებების შეთავსება, რამეთუ "ორი ბატონის მსახური, ვერც ერთს ვერ ემსახურება" პატიოსნად.
ამის შესახებ  საინტერესო შეფასებას გვაძლევს მამა პაისი ათონელი: "მონაზონი, რომელიც ერისკაცურად ცხოვრობს, სიცოცხლეშივე წამებულია და წარუმატებელი. იგი ქრისტესაც გაუჩენს საფიქრალს თუ სად დაამკვიდროს ის იმქვეყნიურ ცხოვრებაში – მონაზვნებთან თუ ერის ადამიანებთან?.. უნდა გვახსოვდეს, რომ მონაზონი არის ანგელოზებრივი ნათელი, შუქურა კლდეებზე და არა ფარანი ამასოფლისათვის".


–თქვენ ხშირად ამხელთ ე.წ. "ჯიპიან მღვდლებს", ძვირადღირებულ ავტომანქანებს კი უკვე დედაოებიც მართავენ. თქვენი აზრით, ასეთი ავტომობილებისა და ძვირადღირებული სანომრე ნიშნების შერჩევაზეც ეკლესია ზრუნავს?


–ეს ტენდენცია, რაღა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია და სამწუხარო. ზოგადად, ბუნებრივია დედაოებსაც აქვთ უფლება, რომ ავტომობილი მართონ, მაგრამ, როცა კი ფეშენებელურ და ზეკომფორტულ მანქანაზე მონაზონს ვხედავ, ცოტა არ იყოს და, გული მიცრუვდება კონკრეტული პირებისადმი. პირადად არავის განკითხვას არ ვისურვებ და არც დავასახელებ პერსონალურად რომელიმე მონაზონს, თუმცა მინახავს ასეთები.
ამ დროს განა მატერიაშია პრობლემა, არამედ მისდამი დამოკიდებულებაში. როგორც წმ. ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: "სიმდიდრე კი არ წარწყმედს ადამიანს, არამედ სიხარბეში ყოფნა".
 ვიცი, რომ ყველა ინდივიდუალურად აგებს პასუხს პირუთვნელი მსაჯულის წინაშე. ამდენად, თავად უფალი განსჯის ვინ რას, როგორ და რისთვის აკეთებს, მაგრამ წმ. მამათა განმარტებით, ცნობილია, რომ, როცა კი სასულიერო დასი და სამონაზვნო წესი განცხრომა-ფუფუნებას მიეცემა, სწორედ მაშინ დაჩქარდება მეორედ მოსვლის დღეც. შესაბამისად, ის, რაც გარშემო ხდება, სრულიად არ მიკვირს, უბრალოდ, გული მწყდება ხოლმე. ღმერთმა გვიშველოს ყველას...


რატომ არ ერევა მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საქმეებში, კონკრეტულად, რატომ არ ზრუნავს ის ქართული ეკლესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებისა და ბერ-მონაზვნების დაკავშირებაზე?


–მსოფლიო პატრიარქი არ გახლავთ საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმმართველი, იგი მხოლოდ თანასწორთა შორის პატივით უპირატესი პირია. შესაბამისად, მის უფლება-მოვალეობებში მაინცდამაინც არ შედის პოლიტიკური პრობლემებისა და თუნდაც ლოკალურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საკითხთა გადაწყვეტა. თუმცა რამდენჯერმე მან მოუწოდა მოსკოვის საპატრიარქოს, რათა პოლიარქია და კანონიკური ქაოსი აღმოიფხვრილიყო აღნიშნულ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, მაგრამ, როგორც ვხედავთ, უშედეგოდ. ფაქტია, რომ კრემლის საცეცებმა რუსეთის აწ უკვე იდეოლოგიზირებულ საპატრიარქოშიც შეაღწია, სამწუხაროდ.
 რაც შეეხება უშუალოდ ყოვლად უწმიდეს პატრიარქ ბართლომეოსს, კარგი იქნებოდა, თუ თავის ძმადმოყვარებასა და მხარდაჭერას, პირველ რიგში, დიპტიხის საკითხის მოგვარებით დაიწყებდა და სამართლიანად დაგვიბრუნებდა ისტორიულად კუთვნილ ადგილს. ამ მიმართებით რა ხანია ველით სასიკეთო ძვრებს და პოზიტივი ჯერაც აყოვნებს და არ ჩანს. საბრალო ჩვენი სამშობლო და მისი მრავალვნებული ეკლესია, რომელიც ჭეშმარიტების დამოწმებაში ღვაწლმოსილი, მაგრამ მაინც სევდიანად მოღუშული მოხუცივით გასცქერის ქვეყნიერების სერს... დაე, უფალმა მოგვანიჭოს მებრძოლიდან – მოზეიმე ეკლესიაში გადასვლის მაცხოვნებელი სიხარული. ამინ!

                                                                     ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: