დავით ფერაძე: ხელფასის 50-ლარიანი მატებით ხელისუფლება პედაგოგთა გულს ვერ მოიგებს!

დავით ფერაძე: ხელფასის 50-ლარიანი მატებით ხელისუფლება პედაგოგთა გულს ვერ მოიგებს!

- დათო, რამდენადაც ვიცით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან იზრდება, თვლით რომ თქვენ ბრძოლას მოჰყვა ეს შედეგი?


ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. განათლების მინისტრი სხვას ამბობს, ფინანსთა მინისტრი - სხვას. მე შედეგად  იმას ვთვლი, რომ მხოლოდ ერთი კაცის, ანუ ჩემ ბრძოლას მოყვა მთავრობის მხოლოდ „შეფუცხუნება“, და წარმოიდგინეთ უფრო მეტ რაოდენობრივ აქტივობას რა მოყვებოდა.

- კი, მაგრამ, ფაქტიურად, ხომ დაიგეგმა ზრდა?

- ფინანსთა მინისტრმა დააანონსა, რომ 50-ლარიანი ზრდა იქნებაო, ხოლო უმაღლეს კატეგორიის პედაგოგს 200 ლარით გაეზრდება! ესაა მედიით გავრცელებული ინფორმაცია და ზუსტი შეფასება შეუძლებელია. იმიტომ, რომ  გაურკვეველია რას ნიშნავს უმაღლესი კატეგორია. ჯერ ასეთი დაყოფა არ არსებობს.

მოგეხსენებათ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა მერამდენედ დაიწუნა სქემის პროექტი. თუ მთავრობა პედაგოგთა სამომავლო დაყოფას გულისხმობს, ესეც გაურკვეველია - ჯერ ასეთი დაყოფის სქემა ძალაში არ შესულა და ისიც კი არ ვიცით, ამოქმედდება თუ არა ის. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ გასაიდუმლოებული და პედაგოგებისაგან დამალული ე.წ. ეს სქემა, ასევე გასაიდუმლოებულად დაამტკიცონ. მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ორას ლარიანი მატება რამეს წარმოადგენს?  ეს ყველაფერი  ერთგვარი ფანდია.

- რას გულისხმობთ?

- დაშოშმინების პოლიტიკის ნაწილია. ცდილობენ ამ დაპირებით შეანელონ ან შეაჩერონ უკმაყოფილების მუხტი. ხოლო 200 ლარი გემრიელი ლუკმა ჰგონიათ მასწავლებელთა სქემაში ჩართვის სამოტივაციოდ. ანუ, პედაგოგები ზოგადად წინააღმდეგნი არიან ახალი სქემის, პარლამენტიც ძალიან სკეპტიკურად უყურებს მასწავლებელთა დიფერენცირების სანიკიძისეულ შემოთავაზებას. ხელისუფლებაში იფიქრეს, რომ 200 ლარი ის თანხაა, რითაც მასწავლებლებს სქემაზე ტაშის დასაკრავად დაითანხმებ!

- იქნებ მართლაც თანახმაა პედაგოგობა?

- 200 ლარით საბაზო ხელფასი რომ გაიზარდოს, ანუ ის ხელფასი, რაც ახლა სრულ საათობრივ დატვირთვაზეა და თან გაზრდა მოხდეს იანვრიდან და არა სექტემბრიდან, კიდევ მესმის, რომ მართლა შენელებულიყო პედაგოგების საპროტესტო განწყობა, მაგრამ ეს ორასი ლარი გათვლილია ჯერ არარსებულ უმაღლეს კატეგორიაზე და თან. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, მატება 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება.  რაც შეეხება საბაზო ხელფასს: ის მხოლოდ 50 ლარით უნდა გაიზარდოს!

ეს რომ ასე იყო, მე ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ვთქვი, როდესაც პირველად შევიდა პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი. შესაბამისად, ხელისუფლება შეცდა, როდესაც მასწავლებელთა დასაშოშმინებლად ასეთი უსუსური ფანდი მოიგონა. 50-ლარიანი მატებით პედაგოგების გულს ვეღარ მოიგებ. პირიქით, ამით უფრო გაიზრდება მათი უნდობლობა ხელისუფლებისადმი.

- მთავრობის პოზიციაა, რომ სახელმწიფოს მეტი შესაძლებლობა არ აქვს...

- ჩემი აზრით და სპეციალისტთა გათვლით, ამჟამად არსებული რესურსებითაც კი აქვს მეტი შესაძლებლობა. მე გასულ კვირას გავასაჯაროვე თამარ სანიკიძის უწყების ხარჯები. ვთქვი, რომ მარტო ერთი მინისტრის - სანიკიძის ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების ჩათვლით 35-ჯერ აღემატება პედაგოგის საბაზო ხელფასს. ამას დავუმატოთ სამინისტროს თანამშრომლები. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა უწყებები და ა.შ.

- რა უწყებებზეა საუბარი?

- ჩვენ თუ არ გვაქვს იმის ფუფუნება, მასწავლებლის ხელფასი გავზარდოთ, მაშინ იმის ფუფუნება როგორ გვაქვს, რომ მაგალითად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ყოველწლიურად 94 მილიოთ დავაფინანსოთ, ან თუნდაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს 18 მილიონი მივცეთ?

- და ეს თანხები არამიზნობრივად ხომ არ იხარჯება...

- არ ვამბობ, რომ არამიზნობრივად იხარჯება, მაგრამ იხარჯება - ბევრი. შესაძლოა, ეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არაა, ბევრი, მაგრამ მასწავლებლის ხელფასებთან შედარებით გამოხატულად ბევრია. ხშირად გავიგონებთ: აბა მინისტრს არ უნდა ჰქონდეს ხელფასიო?!

როგორ არ უნდა ჰქონდეს. შეიძლება იმაზე მეტიც უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ამას კი არ ვეწინააღმდგებით, მაგრამ ამხელა სხვაობა არ უნდა იყოს მასწავლებლისა და მისი დარგის ხელმძღვანელის ანაზღაურებას შორის.

- სანიკიძემ თქვა, რომ მისი შემოსავალი კანონიერია...

- მე ამაზე არც ვდაობ. არის და იყოს კანონიერი, მაგრამ რამდენად  მორალურია?! ყოველთვიური დანამატები, ყოველსეზონური პრემიები - ეს ნორმალურია? თუ მასწავლებელს ხელფასებს მოუმატებენ, არც ეს იქნება უკანონო. და უფრო მეტიც: მორალურადაც სრულად გამართლებული იქნება, როგორც დღევანდელი, ისე სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით... თუმცა მინისტრის შემოსავლების კანონიერებასთან დაკავშირებითაც გვაქვს გარკვეული შეკითხვები.


- რა შეკითხვებს გულისხმობ?

- ამ თემაზე ვმუშაობ და ვნახოთ.

- შენი აზრით, რა უნდა ქნან პედაგოგებმა?

- არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდნენ ასეთ იგნორირებას სახელმწიფოს მხრიდან. უნდა იაქტიურონ.

სიფხიზლე და ბრძოლაა საჭირო. სხვანაირად არაფერი არ გამოვა... ახლა დანგრეული, კოლაფსში მყოფი განათლების ხელახალი აშენების საჭიროების წინაშე დაგვაყენა სანიკიძის უაზრო მენეჯმენტმა და თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, მერე ჩვენი შვილები მოგვთხოვენ პასუხს. სანიკიძე წავა და თავისნაირებიც მიყვებიან, ჩვენ კი?.. ჩვენ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა: შეგეძლოთ გებრძოლათ და თითი თითზე არ დადეთო!!!

- და მაინც: პედაგოგები არ აქტიურობენ...

- ამ პასიურობის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრე. გარეგნული აქტივობა არ არის, თორემ ძალიან დიდია უკმაყოფილება, ძალიან დიდი. უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა, რომ შინგანი პროტესტი ბევრს არაფერს არ ნიშნავას ამ ხელისუფლებისთვის...ან უნდა გამოცოცხლდნენ, ან არადა შეგუონ მათხოვრლ ხელფასს, მერამდენედ მოტყუებას, დამიცრებას და სკოლიდან გაშვების რეალურ საფრთხეებსაც კი. არჩევანი თავად უნდა გააკეთონ.

მე პირადად, მაქსიმალურის გაკეთებას ვცდილობდი და ვცდილობ...

                                       ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: