დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი, თუ რამე ჩავარდნაა ქვეყანაში!
პრეზიდენტის სიტყვით მიამრთვის შემდეგ პარლამენტის წევრებს დავით უსუფაშვილმა მიმართა.
მისი თქმით, უმცირესობის წევრებმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ პრეზიდენტთან დებატების საშუალება არ მიეცათ.
"მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა, როგორც პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით, ისე იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება დღეს პარლამენტში, ვინაიდან, თავისთავად ფორმამ დღევანდელი მიმართვისა, გამოიწვია ვნებათაღელვა ჩვენს კოლეგებში. მიზეზებზე და მიზნებზე ამ ვნებათაღელვის საზოგადოებამ იმსჯელოს, მე ამაზე არ შევჩერდები.
მინდა მხოლოდ ყველას შევახსენო, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ძალიან კონკრეტულად ითვალისწინებს სწორედ იმას, რაზეც პრეზიდენტი ამ ტრიბუნიდან ბრძანებდა. ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას და საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუტი პირველ რიგში და შემდეგ არის კონკრეტული პირი, რომელიც დღეს ამ თანამდებობას იკავებს.
ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს ინსტიტუტი და ჩვენ მხოლოდ შემდეგ ვიკავებთ თანამდებობებს და წარმოვადგენთ პარლამენტს დღეს. ამიტომ, თითოეული ნაბიჯი, თითოეული სიტყვა, ქმედება, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ეს არ არის ჩვენს პირად ნება-სურვილს დაქვემდებარებული თემები.
საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებამოსილებას გარდა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებისა, საანგარიშო უკვე უხერხული სიტყვაა უკვე ახალ ვითარებაში, მაგრამ ქვეყნბის მდგომარეობის ამსახველი ყოველწლიური მოხსენებისა, პრეზიდენტს აქვს უფლება მიმართოს საქართველოს პარლამენტს და ქართველ ხალხს.
ამ მიმართვის ხანგრძლივობას, თემატიკას, ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს და მეორეს მხრივ განსაზღვრავენ ის ორგანოები, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი, ვისთან მიმართვასაც აპირებს პრეზიდენტი. საქართველოს ხალხს რომ მიმართავს, არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო კრებას ჩაატარებს და იქ მიმართავს. არის მიმართვის ძალიან ბევრი ფორმა. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა რამე საკითხზე მოგვმართოს წერილებით, საჯაროდ, გვთხოვოს პარლამენტში მოსვლა და აქედან მიმართვა.
ეს არის საქართველოს კონსტიტუციური ნორმის ნორმალური და სწორი განმარტება და არა ის, რომ პრეზიდენტის მომართვა აუცილებლად გულისხმობს პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში და დიდ შეხლა-შემოხლას. საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მოგვმართოს იმიტომ, რომ მოგვილოცოს რამე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მიღწევა, ან ყურადღება გაამახვილოს ძალიან მნიშვნელოვან კონკრეტულ მიმართულებაზე, სადაც სადებატო არაფერია. ამიტომ, პარლამენტის ბიურომ მაშინ როდესაც საჭირო იყო, როდესაც ჩვენს კოლეგებს თუ აინტერესებდათ შეეძლოთ მოსვლა და აზრის გამოთქმა, იმსჯელა ამ საკითხზე და მივიდა დასკვნამდე, რომ დღევანდელი დღე, როდესაც პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტში მოსვლას, უნდა იყოს მისი მოსმენის დღე. და არა ჩვენი მოსმენის დღე, ერთმანეთთან დებატებში, ან პრეზიდენტის დებატებში გამოწვევის, ეს საერთოდ გაუგებარია.
საქართველოს პრეზიდენტი არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ფიგურა. საქართველოს პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი, თუ რამე ჩავარდნაა ქვეყანაში. ეს მთავრობა და პარლამენტი ვართ პასუხისმგებელი. ამიტომ, პრეზიდენტთან რა დებატები უნდათ პატივცემულ კოლეგებს მე არ მესმის.
ჩვენთან თუ უნდათ დებატები, ამ დებატებს აქვს თავისი ფორმატი, მოითხოვონ და გავმართოთ დებატები. არ გაგვიმართია თუ რა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავადგინოთ პრეცედენტებიც იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება პარლამენტში და როდის რას ვიხილავთ. პარლამენტის რეგლამენტი ამ საკითხზე კონკრეტულ წესებს არ ადგენს. იგი შეიმუშავა ბიურომ და დაამტკიცა პარლამენტმა." - განაცხადა დავით უსუფაშვილი.