ვაშინგტონმა თბილისის მხარდაჭერა შეამოწმა

ვაშინგტონმა თბილისის მხარდაჭერა შეამოწმა

საქართველო ავღანეთში 750 ჯარისკაცს დატოვებს
გიორგი დვალი
(შემოკლებით)
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი თბილისში ორდღიანი ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს შეხვდა. მან ამერიკელი გენერალი დაარწმუნა, რომ საქართველო თავის დაპირებას შეასრულებს და ავღანეთში 750 ჯარისკაცს დატოვებს.


ფრედერიკ ჰოჯესის საქართველოში ვიზიტი ფორმალურად ქართული არმიის საშტაბო სწავლებებს „დიდგორი-2014“ს უკავშირდებოდა. ამერიკელი გენერალი და საქართველოს გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვიდეოხიდის მეშვეობით სწავლების მიმდინარეობას ერთად აკვირდებოდნენ. ვახტანგ კაპანაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ქართული არმიისთვის გაწეული დახმარებისათვის, ამერიკელმა გენერალმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის მზად არის თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად.


ამერიკელი სტუმრის მთავარ მიზანს საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრის გაცნობა წარმოადგენდა. ფედერიკ ჰოჯესს აინტერესებდა, ხომ არ შეცვლიდა ახალი მინისტრი თავისი წინამორბედის - ირაკლი ალასანიას დაპირებას (რომელიც კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან პრემიერმა გაათავისუფლა) ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დატოვების თაობაზე, ამ ქვეყნიდან საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გამოყვანის შემდეგ. მასპინძელმა სტუმარი დაარწმუნა, რომ 2015 წლის ახალ მისიაში, რომლის კოდური სახელწოდებაა „გადამწყვეტი მხარდაჭერა“, ავღანეტში მინიმუმ 750 ქართველი ჯარისკაცი დარჩება.


გარდა ამისა, როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მხარეებმა ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილების (ე.წ. „განსაკუთრებული პაკეტის“) რეალიზებაში აშშ-ის მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს.


დახურულ კარს მიღმა იქნა განხილული საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხი. ვახტანგ კაპანაძეს არ განუმარტავს, ეხება თუ არა ეს აშშ-ში იარაღის შესყიდვას ქართული არმიისთვის. ირაკლი ალასანია თავის გადადგომამდე ამტკიცებდა, რომ იგი იარაღის შესყიდვის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა „დასავლეთის სახელმწიფოებთან, მათ შორის გერმანიასთან, საფრანგეთთან და აშშ-სთან“. უფრო მეტიც, საფრანგეთში ყოფნისას ირაკლი ალასანიამ თითქოსდა ხელიც კი მოაწერა შეთანხმებას ფრანგული საზენიტო სისტემების ყიდვის თაობაზე. დღემდე პარიზს ამ სეთანხმების გაფორმება არ დაუდასტურებია. „თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, - განუცხადა „კომერსანტს“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა, - ასეთი შეთანხმებები საიდუმლოა, რადგან გამჟღავნების შემთხვევაში ისინი ჩაიშლებიან“.

„კომერსანტი“ (აშშ), 18 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2613204?isSearch=True

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: