ავთანდილ არაბული: საქართველოში არ ტარდება სახელმწიფო ენის პოზიციების გამყარების პოლიტიკა!
გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული.
- ბატონო ავთანდილ, რამდენადაც ვიცით, პარლამენტში შეტანილია “კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც რამდენიმე კომიტეტმა უკვე განიხილა, თუმცა მაპროფილებელ კომიტეტი დღემდე თავს იკავებს. რა არის ამის მიზეზი?
- წელიწადზე მეტია ამ კანონის მოთელვა მომდინარეობს და თანდათან გამოიკვეთა, რომ კანონზე მუშაობისას პოლიტიკა წამოვიდა წინა პლანზე.
საქართველოში არ ხერხდება სახელმწიფო ენის კანონიერი რეგულირება, მისი კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია დედაქალაქშიც და რეგიონებშიც.
როცა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღება პოლიტიკურ ასპარეზზე გადადის, რეალური ხდება ამ საკითხით სპეკულირების ალბათობა.
ამ კანონის მიღებას ხელს უშლის გარე პოლიტიკური პროცესებიც, გლობალური გარემო არაა ხელშემწყობი ეროვნული პრობლემების გადასაწყვეტად.
- საპარლამენტო არჩევნების წინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ქართული ენის დასაცავად გატარდებოდა საგანგებო ღონისძიებები და მასზე იზრუნებდა სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური უფლებების დაცვა გარანტირებული ყოფილიყო. ესეც სხვა დაპირების მსგავსად, სიტყვიერ დაპირებად დარჩა!!!
- ეს მისი სწორი პოზიცია იყო. წინა ხელისუფლების პირობებში მოიშალა ყველაფერი - პრეზიდენტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია, ენის სახელმწიფო პალატა, არ არსებობს პარლამენტის სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, გადარჩა კვლევითი ინსტიტუტები, ამიტომაც ასეთი პირობა ახალი პოლიტიკური ძალისა ლოგიკური იყო და მეც იმედი მქონდა, რომ ამ მხრივ კარგად წარიმართებოდა საქმე. დღეს კი ჩვენი პოლიტიკური ძალები ყველა თემას იყენებენ ქულების დასაწერად, ბევრს წაკითხულიც არა აქვს ეს კანონპროექტი და ისე აანალიზებს მას. ბევრი მათგანი ეთნიკური უმცირესობებით მანიპულირებს, არადა მათ მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ლოიალურია. მით უმეტეს, ქართული ენის შესახებ კანონი რას გააფუჭებს?! მაგრამ ვიღაცებს ეს ასე სჭირდებათ, ასეთი პოლიტიკოსები კი ბლობადა არიან დღევანდელ საქართველოში.
- არის თუ არა ქართული ენა მისსავე სახელმწიფოში გერის როლში?
- გერის როლში არ არის, უფრო უარესი - აბსოლუტურად შელახულია.
მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული გარანტიები, თუმცა, ჩვენივე უგერგილობისა და კონსტიტუციური უმწიფრობის გამო, შეასაბამისი ადგილი ვერ დავუმკვიდრეთ მას.
- სამწუხარო რეალობაა, რომ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების ხარისხი არასახარბიელოა. თუ ზემოთ აღნიშნული კანონი არ ამოქმედდა, ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, კიდევ უფრო დაკნინდება!..
- უმაღლეს სასწავლებლებში მინიმუმამდეა დაყვანილი ქართული ენის სწავლება. ადრე მეტყველების კულტურა თითოეულ ფაკულტეტზე ისწავლებოდა ( დღეს ამას აკადემიურ წერას ეძახიან და, პრაქტიკულად, ბევრგან არც არსებობს).
სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შემცირებულია, ქართული ენის ადგილს უხეშად იკავებენ სხვა ენები. ზოგადად, ეროვნული საგნები დაკნინებულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მხრივ უმოქმედოა, რადგან საქართველოში არ ტარდება სახელმწიფო ენის პოზიციების გამყარების პოლიტიკა.
სხვათა შორის, არც ერთ სამინისტროს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით.
მე მზად ვარ ვითანამშრომლო ქართულ სახელმწიფოსთან ქართული ენის განვითარებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარვეზებზე თვალს დავხუჭავ.
ესაუბრა ია ჯღარკავა