აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია!
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ მკაფიო რჩება და ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აშშ არ აღიარებს რუსეთსა და საქართველოს რეგიონ აფხაზეთს შორის გაფორმებული რომელიმე ე.წ. "შეთანხმების" ლეგიტიმურობას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას აღებული ყველა ვალდებულება, გაიყვანოს საკუთარი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა ამ რეგიონებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებებს.
აფხახეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ სოჭში ხელი მოაწერს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას.
შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა, ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების პერსპექტივით.
შეთანხმებაში "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება; საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის, საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დახმარება და ა.შ.
"კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების" ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით მუშაობას და შეეცდება, გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, შექმნიან შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ აფხაზეთი გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაერთიანებებში.
"საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის" ფარგლებში, იგულისხმება რუსეთის და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ძალების შექმნა, რომლის მიზანი იქნება ნებისმიერი შეირაღებული აგრესიის მოგერიება; დოკუმენტის ეს პუნქტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ ზომებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად.
დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე თუ ერთი მხარის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოების ჯგუფის მხრიდან განხორციელდება შეირაღებული თავდასხმა, ეს განხილული იქნება, როგორც შეთანხმების მონაწილე მეორე ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხარე მეორეს გაუწევს საჭირო დახმარებას, მათ შორის სამხედროს.
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება კოორდინირებული ქმედებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დავალებების შესასრულებლად.
აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში, მოხდება კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაცია საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია მიიღებს დამატებით ზომებს, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ.
შეთანხმების მიხედვით, 1 იანვრიდან, 3 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების პენსიონერულ უზრუნველყოფას განახორცილებს და ისინი იმავე რაოდენობის პენსიას მიიღებენ, რაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
შეთანხმება განსაზღვრავს ჯანდაცვის სფეროში თანამშომლობასაც. მათ შორის არის ის, რომ ეწ. აფხაზეთის რესპუბლიკა ქმნის აუცილებელ პირობებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევისთვის.
ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რომელიც განათლების სფეროს ეხება, რუსეთი აფხაზეთს დახმარებას გაუწევს აფხაზური ენის განვითარების პროგრამების რეალიზებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.