ვის მიმართავს დენიზ დავითაშვილი?
პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი დენის დავითაშვილი განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბატონ ნოდარ ხადურს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ივანე კიღურაძეს, რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ერეკლე ტრიპოლსკის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიგლა აგულაშვილს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ტყემალაძეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით ონოფრიშვილს:
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობას და პარლამენტს პრიორიტეტულად გაქვთ გამოცხადებული მთლიანად განათლების სისტემა და, მათ შორის, პროფესიული განათლება, "2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის განხილვების დროს პარლამენტის კომიტეტებს თავიანთ დასკვნებში დაფისქირებული აქვთ მრავალი შენიშვნა და რეკომენდაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა სამინისტროებს 5 ნოემბრისათვის პარლამენტში მეორე მოსმენისათვის წარდგენილი პროექტის ვარიანტში არ გაუთვალისწინებიათ პროფესიული განათლების სისტემის მიმართ არცერთი შენიშვნა, რის გამოც:
1. ჯერჯერობით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესებისათვის 32.03.01 კოდით 2015 წელს შემცირებულია დაფინასება 2014 წელთან შედარებით 2,2 მლნ ლარით.
2. არ არის გათვალისწინებული პროფესიული კოლეჯების მასწავლებელთა ხელფასების დარეგულირება, რაც გულისხმობს ყველა კოლეჯში ყველა სპეციალობის პედაგოგების ერთგვაროვან შრომის ანაზღაურებას - 1 საათში 15 ლარი, დღეისათვის ის მერყეობს 8-დან 22 ლარამდე.
3. ისევე როგორც სკოლის პედაგოგებისათვის, 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების დაფინანსებას.
4. "შრომის კოდექსის" შესაბამისად, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისათვის კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურებას.
5. სამართლიანობის აღდგენისათვის ქვეყნის 26 რეგიონში ახლად დასაფუძნი პროფესიული კოლეჯებისათვის შესაბამის ასიგნებათა გამოყოფას, რისთვისაც არასაკმარისია დღეისათვის დაგეგმილი 15 მლნ. ლარის გამოყოფა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
6. 15 მლნ ლარი არ ჰყოფნის არსებული 18 პროფესიულ კოლეჯში სარეაბილიტაციო სამშენებლო სა,მუშაოების დასაფინანსებლად და მათ შორის 8 სახელოსნოს ასაშენებლად.
პარლამენტის 5 კომიტეტის - განათლებისა და კულტურის, აგრარულ საკითხთა რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრეთვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების მათ მიერ საკომიტეტო მოსმენების შედეგად ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე ფინანსთა სამინისტრო თავის კომენტარებში პასუხობს და ადასტურებს, რომ 2015 წელს შემცირებულია პროფესიული განათლების დაფინანსება და ის შეადგენს მხოლოდ 26,5 მლნ ლარს, ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია მხოლოდ 15 მლნ. ლარი და არ ადგენს, თუ რომელი კოლეჯებისათვის, რაც იწვევს მაჟორიტარი დეპუტატების სრულ გაუგებრობაში ყოფნას.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ნ. ხადურმა საქართველოს პარლამენტში 14 ნოემბერს პლენარულ სხდომაზეც, როდესაც დაადასტურა, რომ 2015 წელს პროფესიული სასწავლებლებისათვის გამოიყოფა 26,5 მლნ ლარი, ხოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მიიმართება მხოლოდ 15 მლნ ლარი.
იმავე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პროფესიული განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობები და მათ შორის, ამ სისტემაში მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის შესაძლებლობები და მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ არსებული კოლეჯების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღდგენა მოხდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გათვალისწინებულ იქნას ქვეყნის ინტერესები, საქართველოს მრავალ რეგიონში დაუსაქმებელი ახალგაზრდის, ზრდასრული მოსახლეობის სურვილი, დაეუფლონ გარკვეულ პროფესიებს, პარლამენტის კომიტეტების დასკვნებში მოყვანილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ დასაბუთებულ მოთხოვნებს ახლად დასაფუძნი კოლეჯების დაფინანსებისათვის 2015 წლის ბიუჯეტში დამატებითი ასიგნებათა გამოყოფას როგორც 32.03.01 კოდით, აგრეთვე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 15.0 მლნ. ლარიდან 35.0 მლნ. ლარამდე გაზრდით.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა სრული გაგებით მოეკიდება საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ წინადადებებს და მესამე მოსმენისათვის საბოლოოდ კორექტირებულ კანონის პროექტში გაითვალისწინებს ქვეყნისთვის ასე საჭირო დარგისათვის დაფინანსების გაზრდას.
ამავე დროს კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩვენს მოსაზრებას - პროფესიული განათლების სისტემის დღეისათვის მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის უზრუნველყოფისათვის შეიქმნას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
ბოლოს მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერჯერობით არა აქვს დამყარებული სათანადო კომუნიკაციები სოციალურ პარტნიორებთან, ცდილობს, დამოუკიდებლად აშენოს პროფესიული განათლება და ამის შედეგია დღეს სისტემაში არსებული რეალური ვითარება.
ასევე გამოვთქვამთ ჩვენს სუბიექტურ გაკვირვებას, რა საჭიროა პარლამენტის კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვები, თუ განათლებისა და მეცნიერების და ფინანსთა სამინისტროები მათ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ პროფესიული განათლების სისტემის მიმართ.
მკვეთრად ასამაღლებელია საკომიტეტო მოსმენების შედეგად დაფიქსირებული დასკვნების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების რეალური შედეგიანობა, რომ არაფერი ვთქვათ არასამთავრობო სექტორის და, პირველ რიგში, სოციალური პარტნიორების მიერ ბიუჯეტის მიმართ კვალიფიციური დასკვნების გაუთვალისწინებას.
იმედს გამოვთქვამ, რომ წერილს და მასთან ერთად წარმოდგენილი დანართებს გაეცნობიან პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე", - ნათქვამია განცხადებაში.