რაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა ალექსანდრე კვიტაშვილმა
უკრაინის პარლამენტმა 288 ხმით ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. მინისტრთა პორტფელების უმრავლესობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებმა მიიღეს. პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა, მართალია, შეინარჩუნა კონტროლი სამართალდამცველ ბლოკზე, მაგრამ დაკარგა ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკი, რომელსაც სასწრაფოდ ნატურალიზებული უცხოელები უხელმძღვანელებენ, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - პოლინა ხიმშიაშვილი).
ექსპერტების თქმით, უცხოელი „კონტროლიორების“ მოწვევა უკრაინის მთავრობაში დასავლეთის მიერ ფინანსური დახმარების გაწევისთვის ერთ-ერთი პირობა იყო.
უკრაინის რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის ქვოტა, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ითვალისწინებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პავლე კლიმკინი „შუაღამისას რომ გააღვიძო, ზეპირად მოგიყვებათ ევროკავშირთან დადებული შეთანხმების მუხლებს“, ხოლო სტეფან პოლტორაკმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შესრულებისას დაამტკიცა, რომ მას არმიისადმი ხელმძღვანელობა შეუძლია.
დანარჩენი მინისტრების კანდიდატურები უკვე პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა წარადგინა: ფინანსთა მინისტრად - ამერიკის ექს-მოქალაქე ნატალია იარესკო („იგი უკრაინელი იყო და არის გულით და სულით, ახლა კი მოქალაქეც გახდა“), ეკონომიკის მინისტრად - ლიტვის ექს-მოქალაქე აივარს აბრომავიჩუსი („მას ცოლი უკრაინელი ჰყავს და კიევში ცხოვრება ურჩევნია“).
უკრაინის მთავრობაში მესამე უცხოელი მინისტრი გახდა საქართველოს ყოფილი მოქალაქე ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2008 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი ქართულ მთავრობაში მუშაობის დროს საავადმყოფოების სისტემის რეფორმას ახორციელებდა, რომლის მიზანს სახელმწიფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ დარჩენილი სამკურნალო დაწესებულებების კერძო საკუთრებაში გადაცემა და საავადმყოფო საწოლების რაოდენობის შემცირება წარმოადგენდა. რეფორმის დასრულებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა. როგორც Case-Network-ის კვლევების ავტორი მაკა ჭითანავა ამბობს, საქართველოს ახალი მთავრობა (მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“) უკმაყოფილოა ალექსანდრე კვიტაშვილის მინისტრობის დროს განხორციელებული პრივატიზების ზოგიერთი პროცედურით. ამასთან, ქართული Economic Education and Strategic Research Centre-ის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად ყოფნის დროს ხელი შეუწყო დადებით პროცესებს - გაიზარდა დაზღვეულთა რაოდენობა და განახორციელა აღრიცხვის სისტემის რეფორმაც...
«РБК Daily» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.rbcdaily.ru/politics/562949993188227