სოფო ხორგუანი: თუ სულსწრაფები ვიქნებით, მივიღებთ იგივე ურჩხულს, რომელიც გავანადგურეთ!

სოფო ხორგუანი: თუ სულსწრაფები ვიქნებით, მივიღებთ იგივე ურჩხულს, რომელიც გავანადგურეთ!

ამაყობს იმით, რომ წვლილი მიუძღვის საქართველოში  ადამიანის უფლებების დაცვის  კულტურის ჩამოყალიბებაში,  იმით, რომ  წლების წინ და წლების მანძილზე  მუშაობდა  საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში,  იმით, რომ  აკეთებდა და დღესაც აკეთებს  შესაძლებლობების მაქსიმუმს,  იმით , რომ კარგად  ესმის ადამიანების და მართალია საკუთარ თავთან, იმით, რომ ჰყავს კარგი და ნიჭიერი მეგობრები და ა.შ.  სოფო ხორგუანს სიამაყის უამრავი  მიზეზი აქვს. კიდევ  აქვს  ულამაზესი ღიმილი, დადებითი ენერგეტიკა, კარგი იდეები და წარმატებული კომპანია... 


სოფო! შენ და სოზარ სუბარი  ხართ მეგობრები, ყოფილი კოლეგები, თანამოაზრეებიც... ასე ამბობენ, ხელქვეითის მთავარი ამოცანა თავისი უფროსის აღზრდააო! ალბათ შენც მიგიძღვის  წვლილი  პენიტენციალური სისტემის ახალი მინისტრის "სწავლა–აღზრდის საკითხებში," მიმდინარე  სიტუაციის ფონზე, თუ გაქვს მასთან  რეკომენდაციები? "ავი ენაბი" ამბობენ, –" სოზარი პენიტენციალურისთვის,  თავისი ჰუმანურობით, ცოტა რბილიაო!..."


–    სოზარის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მან  ძალიან მძიმე,  დღეისათვის ყველაზე რთული  სფერო იტვირთა. პენიტენციალურ სისტემაში,  ზოგადად ყველგან, სტერეოტიპების წინააღმდეგი ვარ.  პენიტენცია არ ნიშნავს დასჯას. პირიქით, იქიდან წამოსულ ადამიანებს სრული თვითრეალიზაციის საშუალება უნდა მიეცეთ. თუ ჩვენ გვეყოლებიან პატიმრები, რომლებზეც გავრცელდება ძალადობა,  ის კიდევ უფრო მეტად განადგურდება, როგორც მოქალაქე, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, მისი რესოციალიზაცია გაცილებით რთული იქნება.  ზუსტად ვიცი , რომ იმ ციხეებში, რომლის მინისტრიც იქნება სოზარ სუბარი, არ იქნება წამება,  ეს არ იქნება ციხე, რომელსაც მართავენ ქურდები. მე ვიცნობ სოზარს, ვიცი მისი ღირებულებები, შესაძლებლობები  და მჯერა მისი. ეს არ იქნება სისტემის ნაწილი. მანიაკი ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ის დაისჯება.


–     წინასწარ რამდენად ხედავდი, რა ტიპის პრობლემები შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ხელისუფლებას?


–    ხალხს, რომელმაც თავისი ნების გამოხატვის შედეგად, ასეთი გამარჯვება მიიღო,  აქვს მოლოდინი, რომ ხვალ მისი ყველა სოციალური  პრობლემა მოგვარდება. ანუ ხვალ უკეთესად იცხოვრებს მატერიალურად. სამართლიანობის განცდისთვის კი, მას სჭირდება, ხვალვე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უნდა დაისაჯონ. 
ეს არ ხდება ერთ დღეში და თუ ვინმე მოინდომებს  ამის გაკეთებას ერთ დღეში, იგივე ურჩხული გახდება, რომელიც გაანადგურა.


–    დადებით ფაქტორებად რას გამოყოფდი?


–    დადებითი ფაქტორი რამდენიმეა – თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიტური იმიჯი,  ჩვენი დასავლელი მეგობრების და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ინტერესი ჩვენდამი  და, მესამე, რაც ყველაზე  ძალიან მომწონს, საკუთარი თავისადმი რწმენის ამაღლება მოქალაქეებში. ესაა ის  დადებითი მხარეები, რაც პოზიტივად შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ...


–    მაგრამ მათ   უფრო მეტი  სჭირდებათ.


–    გეთანხმები,   დღევანდელ ვითარებაში გაცილებით მეტი დიალოგია საჭირო საზოგადოებასთან. აღსადგენია მოქალაქეების ნდობა ხელისუფლებისადმი ზოგადად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე დანიშნული მინისტრის მოადგილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ან უკმაყოფილება გახდეს მიზეზი მისი თანამდებობიდან გადაყენების. მინისტრის კადრი  მინისტრის პასუხისმგებლობაა. ის ვალდებულია,  აუცილებლად  დაგვისაბუთოს, რა მიზეზით  შეარჩია და რა მიზეზით დატოვებს ამა თუ იმ კადრს. 


–    შენ ფიქრობ, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო ზოგიერთ კანდიდატზე სრული პასუხი? ჩემი აზრით, "გადაჭარბებულ" ინფორმაციასთან უფრო გვქონდა საქმე.


–    ეს არაა საკმარისი. ადამიანის ბიოგრაფია  დაწერილი  სახელები  და თარიღები არაა. მე მჭირდება ვიცოდე, რატომ დამინიშნა ახალმა მინისტრმა კონკრეტულად ეს მოადგილე. და მეტიც, მინდა ვიცოდე, კონტრეტული გეგმა, ყოველდღიური გადაწყვეტილებები. დღეს  სხვა ტიპის კომუნიკაციაა ასაწყობი.


–    მაგალითად, გუშინწინ,  სოზარ სუბარმა  ერთ–ერთ მოადგილედ წარადგინა არჩილ თალაკვაძე, რომელიც, როგორც ამბობენ,  სახალხო დამცველის აპარატში გაიზარდა. ანუ მასთან დაკავშირებით შენთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ მე და უამრავი ადამიანი არ ვიცნობთ მის  შესაძლებლობებს.


–    ასეა, არჩილ თალაკვაძე ძალიან ახალგაზრდა მოვიდა სახალხო დამცველის აპარატში და მე ვთვლი, რომ მისი ახლანდელი დაიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესაა ერთ–ერთი ჭეშმარიტად დასავლური აზროვნების ადამიანი, რომელიც მე შემხვედრია.


–    საქართველოში უამრავი დასავლური პრინციპებით მოაზროვნე ადამიანია, ან იბრალებს. დასავლური პრინციპები, შენი აზრით, უკვე მყარი არგუმენტია?


–    დასავლური აზროვნება მისთვის ძალიან ორგანულია და არა ძალად თავსმოხვეული და  აგიხსნი,რატომაც.  ის მუშაობდა აპარატში, მოვიდა ჩემთან და პირდაპირ მითხრა – იცით რა? ვერავინ დაგირეკავთ თქვენ ჩემს გამო და ვერავინ გთხოვთ ჩემს დაწინაურებას, მაგრამ, მე მაქვს ესა და ეს თვისებები, შემიძლია გავაკეთო კარგად ეს, ეს, ეს...  ამიტომ მომეცით შანსი. ეს იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირდაპირ მოვიდა საქმის კეთების ამბიციით.


–     ამბობენ, რომ   ახალ ხელისუფლებას აქვს კომუნიკაციაში მინუსი.


–      იმედი მაქვს, ეს გამოსწორდება. რაც მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უკეთესი მათთვის. რაც მეტად მიიღებენ ჩვენს რჩევებს ან შენიშვნებს. მით უფრო ნაკლები შანსი ექნებათ ავტოკრატებად და დიქტატორებად ჩამოყალიბების. ჩაკეტილი სისტემა ყოველთვის ტროას ცხენია, რაც დაემართა სისტემას.


–    ანუ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გაცილებით მეტი კომუნიკაციაა საჭირო და გაცილებით მეტი საუბარი სტრატეგიაზე.


–    ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა სამოქმედო პროგრამა. საუბარი საჭიროა იმაზე, როგორ გადაიქცა ეს პროგრამა კონკრეტულ სამოქმედო გეგმად. ახლა გვჭირდება გაცილებით მეტი საუბარი. გველაპარაკონ ყველა გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათთვისაა უკეთესი. დღეს მე მჭირდება უფრო მეტი კომუნიკაცია, რომ ჩემი სულსწრაფობა და მოლოდინი დავძლიო  და დაველოდო ცვლილებებს  მშვიდად იმ იმედით, რომ ახალი ხელისუფლება  ნელ–ნელა და სწორად მიდის არჩეულ  გზაზე.


–    ამ ორმა დღემ მკაფიოდ აჩვენა, რის მოლოდინშია და რა ეჩქარება საზოგადოებას – არა ის, რომ ვიღაც კონკრეტული პირი დაიჭირონ, მათი აგრესია და მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინითაა გამყარებული, თუნდაც ბაჩო ახალაიას მაგალითზე.


–    ახალაიას გამოჩენის შემდეგ გაჩნდა უამრავი ვერსია მის გეგმებთან დაკავშირებთ. დღეს ის ვითარებაა, რომ ამ ადამიანების მიმართ მტკიცებულებების მოპოვება არ იქნება რთული. მახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ყველაფერი გაანადგურეს. შეუძლებელია ყველაფრის განადგურება.  სახალხო დამცველის მოხსენებაში არსებული მასალებიც უკვე საკმარისია ძიების დასაწყებად. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, როგორ ხდებოდა ბაჩო ახალაიას კაბინეტში წილების გადაფორმება, როცა ის იყო  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. ახლა მესმის, რომ მთავარ პროკურორს აქვს სხვა პრობლემებიც მოსაგვარებელი. რეორგანიზაციაა ჩასატარებელი, მთელი რიგი სტრუქტურებია ჩამოსაყალიბებელი. უამრავი საქმეა, ამდენი პროკურორი შესაცვლელია, ამიტომ, მე რომ მშვიდად ვიყო და დარწმუნებული იმაში, რომ სამართლიანობა აღსდგება, მე დღეს ისევ კომუნიკაცია მჭირდება.


–    დღეს მეორე ყველაზე აქტუალური საკითხი – სახალხო დამცველის ვაკანსია და კანდიდატები...


–    ოოოო... ეგ  უკვე სულიკოს ძებნის თემაა.


–     გამოგიტყდები და, კანდიდატების ჩამონათვალში შენს სახელს და გვარსაც ვეძებდი...


–    რატომ?


–    რატომღაც ჩავთვალე, რომ,  შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, სრულფასოვანი კანდიდატი ხარ და, რატომაც არა? არ გქონია სურვილი სახალხო დამცველის ოფისში დაბრუნების?


–    სახალხო დამცველის მოადგილე  ვიყავი ყველაზე ურთულეს პერიოდში და მეც თანამონაწილე ვარ იმ შედეგის, რაც დადგა – სახალხო დამცველის ოფისი გახდა ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული, ეს თემა გახდა ყველაზე პოპულარული. ადამიანის უფლებები 10 წლის წინ არაფერს ნიშნავდა ქვეყანაში. 

 
–    რა პარადოქსია, ბაჩო ახალაიაც ამ სტრუქტურიდან დაწინაურდა...


–    მე 2006 წელს მივედი სახალხო დამცველის ოფისში და ახალაია უკვე წასული იყო. ახლაც, რატომ არ ვხედავ ჩემს თავს ამ ოფისში – იმიტომ რომ ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთება შევძელით. ეს იყო უმძიმესი შრომა, 3 წლის მანძილზე გამოურთავი ტელეფონით. ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო სტრუქტურა, ოღონდ სულ მქონდა ჩასაფრებული გარემოცვის განცდა. სულ იყო ჩართული თვითცენზურა და თვითკონტროლი, რომ რამე არ შეგვშლოდა. ნებისმიერ უნიშვნელო წვრილმანზეც გვედავებოდნენ და, ამ ვითარებაში, ჩვენ ადამიანების უფლებებზე მუშაობა შევძელით. იქ რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა გააკეთონ სხვებმა.


–    გასაგებია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერშესვლას გავს ეს, უფრო სწორად, არშესვლას. უკვე გყავს შერჩეული კანდიდატი, რომელიც შესაფერისად გეჩვენება იმ გრძელი ჩამონათვალიდან? 


–     გამოვტყდები – ცუდი დედამთილის პოზიცია მიკავია. არავინ რომ არ მოსწონს შვილისთვის სარძლოდ. მეტ–ნაკლებად კანდიდატებისგან ყველასთან რაღაც ტიპის ურთიერთობა მქონია. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, გეტყვი ჩემს პოზიციას.ახლა ხშირად ამბობენ, რომ ის უნდა იყოს რესპექტაბელური. სულაც არ მიმაჩნია აუცილებლად, რომ უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანი იყოს ჰალსტუხიანი, დიპლომატიანი და რესპექტაბელური. არც მაჰათმა განდი ყოფილა რესპექტაბელური.


–    ანუ სახალხო დამცველი   შინაგანად უნდა იყოს  ბუნებით მებრძოლი სტანდარტებთან. ..


–     რა თქმა უნდა! რომელსაც არ ეშინია, იყოს მარგინალური, არ ეშინია  იყოს განსხვავებული... მახსოვს, როცა სოზარი იცავდა იეჰოვას მოწმეების უფლებებს, მაშინ ვეუბნებოდი – სოზარ! თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მათთან ერთად, სხვა დანარჩენებსაც დაიცავ, არავინ გაგკიცხავს  მათი დაცვის გამო... ანუ, შენ თვითონ არ უნდა გეშინოდეს გადაწყვეტილების მიღების.


ჩვენ ვეძებთ უფლებადამცველს. ხომ არ ვეძებთ ვინმე ფიზიკოსს ან ქიმიკოსს, რომელიც თავისთვის ჩუმად იჯდა წლების მანძილზე ლაბორატორიაში და სადღაც რაღაცას აკეტებდა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უფლებები შელახული იყო, ამიტომ თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ის არის უფლებადამცველი, მაშინ ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია გვექნებოდა და ეს ნამდვილად არ იქნებოდა ყველაზე რესპექტაბელური ადამიანი, ყველაზე კომფორტულ პირობებში მომუშავე. დღესაც ვფიქრობ, რომ უფლებადამცველის პოსტი კავკასიურ ცარცის წრედ იქცა.


–    სახალხო დამცველი რამდენადაა პრესტიჟული თანამდებობა?


–    ნამდვილად პრესტიჟულია. სულ ამას ვამბობ – ამაზე უკეთესი თანამდებობა არ არსებობს სახელმწიფოში, იმიტომ რომ შენ კანონით გევალება იყო სამართლიანი, ობიექტური და იყო დაჩაგრულის მხარეს. ამაზე მეტი პრივილეგია რა უნდა ინატროს ადამიანმა?!   ხარ ხელშეუხებელი. ძალიან ბევრი უფლებები და გარანტიები გაქვს. შენზე ზეწოლა პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ესაა თანამდებობა, რომლის გამოც მოგიწევს იმ ადამიანების დაცვაც კი, რომელთა დაცვაც შეიძლება, სულაც არ იყოს პრესტიჟული.


დღევანდელი კანდიდატების  შეფასება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა იყო, უფლებების შელახვის თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე თემა ბოლო პერიოდში და ვინ იყო ამ თემაზე ყველაზე აქტიური და რეალურად უფლებადამცველი .


–    და არაა აუცილებელი, რომ უფლებადამცველი იყოს იურისტი.


–    არა ნამდვიალად. არც სოზარი ყოფილა იურისტი. მთავარია, ღირებულებები ჰქონდეს დალაგებული და არ ეშინოდეს, იყოს მარგინალი. არ ეშინოდეს არაპოპულარული განცხადებების კეთების, ესაა მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ადამიანის უფლებათა დამცველი შეწირული და შერისხული ადამიანია.სახალხო დამცველმა უნდა შეისისხლხორცოს ის მთავარი რამ – ისაა დამოუკიდებელი და მის უფლებებს ვერავინ შეეხება. ისე, როგორც მოსამართლე,–პროკურორის როგორ უნდა შემეშინდეს, როცა მოსამართლე ვარ? ჩემს ზემოთაა ღმერთი. გაქვს კანონი და შეგიძლია აღასრულო სამართალი. ამაზე მეტი პატივი რაღა გინდა?  მთავარია, არ ეშინოდეს იმის, რომ იყოს არაპოპულარული. დღეს სამწუხაროდ, მართლმადუდებლური ტრადიციების დაცვაც და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვამ რაღაც ფასადური სახე მიიღო. ყველა თამაშობს და იყენებს...


–    გეთანხმები, კონკრეტულ აუდიტორიაზე მუშაობენ და კონკრეტული მიმართულებები აქვთ აღებული.


–    აი ამიტომ ვარ გაბრაზებული დღევანდელ კანდიდატებზე. სახალხო დამცველი უნდა იყოს მზად ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილებისთვის. მეჩვენება, რომ ამ ადამიანებმა თითქოს გაცვითეს ეს თემა...


–    როგორც ვხვდები, დღეს შენ ვერ ხედავ მათში რეალურ კანდიდატს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საკუთარ თავში ამ უნარ–ჩვევებს.


–    არ ვიცი, თავიდან მქონდა ვიღაც–ვიღაცეების მიმართ სიმპათიები, მაგრამ ამ აპარატის მიმართ იმდენად განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თითქოს ჩემი ნაწილი იქ დავტოვე, ახლა კი, თითქოს, მანიპულირება ხდება თემებით...


–    ნინა ხატისკაცი, როგორც თავად ამბობს, – პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად გამოვლენილი  კანდიდატი – რამდენად მისაღებია შენთვის? მისი გუშინდელი მოულოდნელი გამოჩენა ამ პროცესებში, იმ ფონზე, რომ კანდიდატურა ჰქონდა მოხსნილი გურჩიანის სასარგებლოდ, საზოგადოებას ცოტა აბნევს. თანაც ხატისკაცი აქამდე არ ყოფილა "შემჩნეული" საზოგადოებისთვის უფლებების დამცველის ამპლუაში. შენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე?

-    ვერ მივხვდი რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის მოხდა ეს კონსენსუსი. თუმცა პოლიტიკური კონიუკტურა თუ პოლიტიკური კონსენსუსი ვერაფერს გაკლებს, თუ უფლებადამცველი ხარ.  სოზარი მეგობრებს დაუპირისპირდა, როცა მათ დაივიწყეს ადამიანის უფლებები.  მოვისმენთ ალბათ ამ დღეებში მის არგუმენტებს, ხალხი კი ბნელი არ არის, რომ ვერ გაიგოს.

–    შენი აზრით,  რამ გამოიწვია  უსამართლობისა და უფლებების შელახვის  ასეთი მასშტაბები?


–    სასამართლო მთლიანად მოექცა ხელისუფლების ქვეშ და დამთავრდა. საკუთრებას შეეხნენ, სამართლის პოვნის საშუალება არ დაგიტოვეს... კონსტანტინე კუბლაშვილი ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამნაშავეა. ის რომ კარგი თავმჯდომარე ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში, ჩვენ დღეს ქვეყანა ვიქნებოდით. მიშასთან მაქვს პრეტენზია, ვანოსთანაც მაქვს, ადეიშვილთანაც, მაგრამ ხელისუფალია და თავის თავში ძალადობას მოიცავს, მართული სასამართლო ეს უკვე სერიოზული საფრთხეა. ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს ადამიანისთვის ჯიბეში ნარკოტიკის ჩადებას, თუ ეცოდინება, რომ სასამართლო სიმართლეს გაარკვევს.   აგვისტოს ომიც არ მოხდებოდა, კონსტანტინე კუბლაშვილი რომ ყოფილიყო კარგი თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოსი...


–    ომთან რა კავშირშია კუბლაშვილი და სასამართლო?


–    ის, რომ ჩვენ პროვოკაციას წამოვეგეთ, აღიარებულია. სამართლიანი სასამართლოს პირობებში მეტად პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გვეყოლებოდა, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალედ მოქმედი. და პროვოკაციის აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა!


–    ბოლო დროს ძალიან აქტუალურია თემა – ქალი პოლიტიკაში. შენი აზრით, რას ნიშნავს ქალის ყოფნა პოლიტიკაში? რა მოაქვს ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული?


–    მე არ მაქვს ამ თემაზე ის პოზიცია, რომ ნებისმიერ სფეროში უპირატესობებს განსაზღვრავდეს გენდერი. თუ გინდა იყო პოლიტიკაში, ამას შეძლებ. ამაზე არც დავფიქრებულვარ ქალი უკეთესია პოლიტიკაში თუ კაცი.


–    ამბობენ, თითქოს ქალი, თავისი შინაგანი ბუნებით სამყაროს და ყველაფერს ამ სამყაროში, უფრო ჰუმანურს ხდისო, მაგრამ ისეთი არაჰუმანური ქალებიც მინახავს, მამაკაცებს რომ აოცებენ სიხისტით.


–    მე უფრო იმ აზრს გავატარებდი, რომ ქალებს თვითდამკვიდრებისთვის უფრო მეტი დრო და უფრო მეტი შრომა გვჭირდება. ორჯერ უფრო მოტივირებული უნდა იყო, ორჯერ უფრო რთული გადაწყვეტილების მიღება შეგეძლოს. ამ თვალსაზრისით ურთულეს სფეროებშიც კი ბევრი ქალია. მაგალითად იურისპრუდენციაშიც და ჟურნალისტიკაშიც ჩვენთან სტატისტიკით, სწორედ ქალები არიან წარმატებულები. ანუ იმ სფეროებში, სადაც ყველაზე მეტი ზეწოლა იყო. და ყოველთვის გიწევს იმის მტკიცება, რომ შენს ზურგს უკან ვიღაც მამაკაცი არ დგას, მამა, ქმარი, ნათესავი, მეგობარი, თუ უბრალოდ მფარველი.


–     შენ, უახლოეს წარსულში, იყავი  პოლიტიკაში, იმასაც ხშირად  გსაყვედურობენ, რომ ხშირად იცვლიდი პოლიტიკურ შეხედულებებს. მერე იყო შენი ხმამაღალი განაცხადი, რომ მიდიხარ . არ გაქვს დაბრუნების სურვილი?


–    კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქვს კონკრეტული მოტივაცია. სახალხო დამცველის ოფისში მუშაობისას, არცერთი პარტიის წევრი არ ვიყავი და ვამბობდი კიდეც, რომ  ვერ ვიტანდი პოლიტიკურ კონიუნქტურას. მაგრამ ჩემი პროტესტი იმდენად ძლიერი იყო ხელისუფლების ბრალდებების მიმართ, თითქოსდა ჩვენ ვიყავით პოლიტიზირებულები, ავდექი და წავედი რესპუბლიკურ პარტიაში. იქაც ხმაურიანი დებატები გვქონდა ხოლმე, ყოველთვის ვაფიქსირებდი განსხვავებულ აზრს. მაშინაც ეს იყო კონკრეტული მოტივაცია. მერე ვიყავი ალიანსის  კანდიდატი კრწანისის რაიონში, და ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში  შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე. როდესაც ქართულ პარტიაში წავედი, ეს სრულიად მოულოდნელი იყო ბევრისთვის და, ჩემთვისაც კი. კარგად გახსოვთ, რა მძიმე გადაწყვეტილებაც მივიღე. ბევრს და მეც მაქვს პრეტენზია ამ ადამიანებთან, მაგრამ ეშმაკის გვერდით დავდგები, ოღონდ ამ უსამართლობაზე ვიღაცამ ზემოქმედება მოახდინოს. ერთხელ ეს მედიასთან საუბარშიც ვთქვი კიდეც და სოზარი ხუმრობით მსაყვედურობდა კიდეც,
 რაც შენ თქვი, ეგ სახალხო დამცველის მოადგილის ტექსტიაო?


–    რა თქვი ასეთი?


–    2008 წელს, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, იყო შექმნილი კომისია, რომელიც ტყვეებს ეძებდა და მიცვალებულების გადმოსვენება ხდებოდა მათ მიერ. მახსოვს კახა ლომაიას ჰქონდა ერთი გახმაურებული კომენტარი – არ დაველაპარაკებით  კრიმინალებსო! ამ ამბებმა ისე იმოქმედა ჩემზე, –" ეშმაკს დაველაპარაკები, ოღონდ ჩემი ტყვე ჯარისკაცი სადმე ვიპოვო–მეთქი". გადამერია მაშინ სოზარი, – რა ეშმაკს დაელაპარაკებიო?!


–    ძალიან "არაპოპულარული"  "განცხადება გაგიკეთებია", ვეთანხმები სოზარს.


–    მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია მქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, აგვისტოს ომის მერე, დავურეკე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს და შევატყობინე, ის რაც ჩემთვის გახდა ცნობილი – ვითომ და ვიღაცამ ტყვის გამოხსნაში ფული აიღო. მაშინ მივხვდი, რო თუ ერთ ტყვეში გადაიხადეს თანხა, ეს გახდებოდა ვაჭრობის საგანი, ბიზნესი და გივი თარგამაძეს მოვთხოვე,  შეექმნა ტყვეების გაცვლის და უგზო–უკვლოდ დაკარგულების კომისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი პრეს–რელიზის გავრცელებით  "ვემუქრებოდი",  პრეზიდენტის განკარგულებით  შექმნილი კომისიის შესახებ, რომლის თავმჯდომარე  სოზარ სუბარი იყო. – რა კომისიაო? ეს ხომ შანტაჟიაო? –როგორც გინდა, ისე იფიქრე, კომისია საჭიროამეთქი. ცოტახანში დამირეკა და მითხრა, კომისიაში შენც შეგიყვანეო. არ მსიამოვნებდა ეს ამბავი, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა ეს. ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ, საშინელი სანახავი იყო უმწეო ადამიანების ყოფა, მითუმეტეს, როცა ვერ შველი. მაშინ მე პირადად გავტეხე ჩვენთან, სახალხო დამცველის ოფისის ქვემოთ ზვიად გამსახურდიას მთავრობისთვის განკუთვნილი ფართი, რომ დევნილები ღია ცის ქვეშ არ დაგვეტოვებინა. სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე. პატრულიც კი გამოიძახეს, მაგრამ პატრულსაც შეეცოდა დევნილები. მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო მიცკევიჩზე ნაციონალური მოძრაობის შტაბში სიარული 5 დღის მანძილზე და ვესწრებოდი თათბირებს. მახსოვს იქ მყოფების პირველი რეაქცია, – უხსენებელს რომ დაინახავს ადამიანი მოულოდნელად. მაგრამ  ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რამენაირად ადამიანებისთვის მეშველა და ამიტომაც ყველას დაველეპარაკებოდი იმ მომენტში, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა დროს საჭირო შემთხვევაში.


–    ახლა რომ გაგებინონ  პასუხი არ დაფიქრებულხარ მაგაზე? მშვენიერი სკანდალური ნიუსია – სოფო ხორგუანი – სისხლის სამართლის დამნაშავე...


–    დავამძიმებ მაშინ ეხლა ბრალს, 09შიც დავრეკეთ და ახლო-მახლო ყველა საბავშვო ბაღის მისამართი გავიგეთ და დევნილებს მივყევით და შესახლებაშიც მივეხმარეთ  ისე კი ბუნებით კანონმორჩილი ვარ, თუმცა სტერეოტიპებს ვერ ვეგუები.


–    გასაგებია, რისი თქმაც გინდა, ადამიანის ქმედებების შეფასებისას ყოველთვის უნდა განისაზღვროს იმ დროს მისი მოტივაცია.


–    დიახ, როდესაც ვაფასებთ რამეს, ყოველთვის უნდა გავარკვიოთ, რატომ იდგა იქ, რატომ აკეთებდა ამას. უნდა მივცეთ პასუხის გაცემის საშუალება ამ ადამიანს.


–    იდეალური და ჰარმონიული სახელმწიფო მოწყობისგან ჯერ შორს ვართ. და, რაც მთავარია, საზოგადოებაა ძალიან შორს ჯერ კიდევ მოქალაქეობრივი აზროვნებისგან.


–    მოქალაქეობა შრომაა, ყოველდღიური და დამღლელი, მაგრამ აუცილებელი და თუ ჩვენ ვიქნებით მოქალაქეები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას დავალაგებთ დღეს, ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ არ დავინტერესდებით, ვინ არის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ესაუბრა კატო ჩულაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: