პაატა ზაქარეიშვილი: ნდობის აღდგენა სერიოზული გამოწვევაა!
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანა იყო და არის, შექმნას ხელსაყრელი გარემო ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობისათვის.
პაატა ზაქარეიშვილმა ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაში ძირითადად ორი მიმართულება შედის: ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში შერიგების პროცესის ხელშეწყობა და ამ პროცესებში მონაწილეობა, ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
"სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანა იყო და არის, შექმნას ხელსაყრელი გარემო ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობისათვის. ამისთვის, საქართველოს მთავრობამ აირჩია მშვიდობიანი, ღია, პრაგმატული და კონსტრუქციული კურსი. მთავრობამ დაიწყო მთელი რიგი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მიზნად ისახავს, წლების მანძილზე შექმნილი გაუცხოების შემდეგ მოხდეს ნდობის აღდგენა. სამწუხაროდ, ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მრავალწლიანმა ნდობის ნგრევამ დღესდღეობით ჯერ კიდევ ვერ მოიტანა ის შედეგი, რომ აღდგეს ის ურთიერიოებები, რაც იყო ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა 2-წლიანი პერიოდის შეფასებისას 2013 წლის 7 მარტი გამოყო, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტმა თავის რეზოლუციაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხით გაამყარა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2010 წელს ჯერ კიდევ სტრასბურგში გაცხადებული ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულების აღება.
"ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რათა საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" უკეთ მისადაგებულიყო ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. ეს ჩვენი სამინისტროს ინციატივით მოხდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემებერში შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი "ოკუპირებულ ტერიტორიათა შესახებ" საქართველოს კანონში. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადატანილი იქნა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ სამართალში. მისი მიხედვით, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ნორმას განმეორებით, გათვითცნობიერებულად დაარღვევს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.