იტყუება თუ არა ანგელა მერკელი?!

იტყუება თუ არა ანგელა მერკელი?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, გერმანული გაზეთ „ველტ“-ის საკვირაო ნომერში - „ველტ ამ ზონტაგ“-ში გამოქვეყნდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინტერვიუ, რომელშიც იგი რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და მოსკოვს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.


ანგელა მერკელის თქმით, ყირიმის ანექსია ვლადიმერ პუტინის ანტიევროპული პოლიტიკის ერთადერთი ფაქტი არ არის. რუსეთის ზეწოლა აშკარად იგრძნობა  უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, რომლებთაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ: „მოლდოვა, საქართველო და უკრაინა - ჩვენი „აღმოსავლური მეზობლობის“ სამმა ქვეყანამ სუვერენული გადაწყვეტილება მიიღეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რუსეთი კი მათ პრობლემებს უქმნის“.


„მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზებისას იმასაც კი ბედავს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობას არღვევს“, - განაცხადა გერმანელმა ლიდერმა და ხაზი გაუსვა: „სწორედ ამიტომაა, რომ მოლდოვას რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის კონფლიქტია. ჩვენ ძალიან ვცდილობდით ამ კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოშიც არის  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები... უკრაინას რუსეთმა ყირიმი წაართვა და მისი ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ რეგიონში კი სეპარატისტებს ეხმარება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ იმასაც, თუ როგორც ცდილობს რუსეთი ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაზე ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მოპოვებას“.


ანგელა მერკელის განცხადებით, იგი კვლავ სწორად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2008 წელს საქართველო და უკრაინის ნატოში მიღების პროცესი არ დაწყებულა.
„ველტი“: რუსეთის პროვოცირება რომ არ მოგეხდინათ, თქვენ 2008 წელს უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოხვედით. დაადასტურა ისტორიამ ის, რომ თქვენ სწორად მოიქეცით, თუ პირიქით მოხდა?


ანგელა მერკელი: ნატოს 2008 წლის პრინციპული მზადყოფნა იმაზე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და ის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას და საქართველოს უარი ეთქვათ ნატოში გაწევრიანების პირველი საფეხურის - სამოქმედო გეგმის („მაპ“) მიცემაზე, სწორი გადაწყვეტილებაა და დღესაც უცვლელი რჩება. 


„ველტი“: რა მოხდებოდა, მაშინ ანგელა მერკელის კი არა, ჯორჯ ბუშის წინადადება რომ გასულიყო და უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო? დღეს რუსეთთან ომი იქნებოდა?


ანგელა მერკელი: ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნეს მიღებული. გერმანიამ მაშინ უკრაინისა და საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარი ობიექტური მიზეზების გამო თქვა. მე არ დავიწყებ სპეკულირებას იმ თემაზე, თუ რა მოხდებოდა სხვა გადაწყვეტილება რომ მიღებულიყო.


ამასთან, გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ნატო შეასრულებს ყველა ვალდებულებას აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე გახდნენ ნატოს წევრები, კერძოდ, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ.


„არავითარი მიზეზი არ არის იმისა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთში ომისათვის ემზადება. თუმცა, რასაკვირველია, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ყოველთვის ძალაშია, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად ითვლება“.

 

„ველტი“ (გერმანია), 7 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/12/141207_merkel_russia

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: