რას ფიქრობენ რუსები საქართველოზე?
„რუსეთის სოციოლოგიური კვლევების არასამთავრობო ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ლევადა-ცენტრმა“ ნოემბრის თვეში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოებთან მიმართებით რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხება“, - იუწყება გაზეთი „ვედომოსტი“.
ამერიკის შეერთებული შტატებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება აქვს რუსების მხოლოდ 18 პროცენტს, ნეგატიური კი - 74 პროცენტს (სექტემბერთან შედარებით უკმაყოფილოთა რაოდენობა ერთი პროცენტით გაიზარდა). როგორც „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, სოციოლოგი ალექსეი გრაჟდანკინი ამბობს, ანტიდასავლურმა განწყობამ თავის პიკს მიაღწია, არ კლებულობს და, როგორც ჩანს, ასე შენარჩუნდება გარკვეული დროის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ ცხელ ფაზაშია.
უკრაინასთან მიმართებით - დადებითი განწყობა აქვს 28 პროცენტს, უარყოფითი - 59%-ს (სექტემბერთან შედარებით მოიმატა ოთხი პროცენტით). ალექსეი გრაჟდანკინის კომენტარით, მოსახლეობა ტელევიზიით გადაცემულ კადრებში უყურებს, რომ ხალხი იღუპება, შესაბამისად, ძალადობაზე უარყოფითი რეაქცია აქვს.
საქართველოს შესახებ დადებითად ფიქრობს 53%, უარყოფითად კი - 33% და ეს მაჩვენებლები მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს. როგორც სოციოლოგი განმარტავს, „დასავლეთთან ურთიერთობაში დაწყებულმა „ცივმა ომმა“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ყველაზე მძიმე მომენტებიც კი გადაფარა, ამიტომ მოსკოვ-თბილისის დამოკიდებულება კიდევაც რომ გაუარესდეს, რუსეთის მოსახლეობა ამას უფრო იოლად აღიქვამს, ვიდრე დასავლეთს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ზიანს აყენებს“.
ამ საკითხზე სტატიაში კომენტარს აკეთებს აგრეთვე პოლიტოლოგი ალექსეი მაკარკინი: „ჩვენთან ტელესაზოგადოებაა, მოსახლეობაზე ტელევიზია გავლენას ახდენს - როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეეკრანზე ხშირად ჩანდა, საქართველო ჩვენი მთავარი მტერი იყო, მაგრამ როგორც კი იგი სატელევიზიო ახალ ამბებში შედარებით იშვიათად ჩნდება, ანტიქართული განწყობის დონემ დაიწია. თუმცა, სავარაუდოდ, როგორც კი ისევ საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდა დაიწყება, დადებითი განწყობა შემცირდება და უარყოფითი მოიმატებს“.
«Ведомости» (რუსეთი), 8 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.vedomosti.ru/newspaper/article/807551/barrikady-soznaniya