საგარეო უწყება: უმოკლეს პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია!

საგარეო უწყება: უმოკლეს პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია!

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

 

ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება.

 

განცხადების თანახმად, დღეს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა. 

 

„ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევისა და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შედეგია და მადლობას ვუხდით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართულ ყველა უწყებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების განმარტებით, ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე, დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში ევროკავშირის 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას წარმოადგენს, რომლის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

 

ევროკომისია ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოში ყოვლისმომცველი და რთული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ VLAP-ის მოთხოვნების მიღმა სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

 

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები VLAP-ით განსაზღვრულ ყველა სფეროში მდგრადი და ეფექტურია. ეს ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივ ძალისხმევას, რომელთაც VLAP-ის მოთხოვნების შესრულება უპირველეს ეროვნულ პრიორიტეტად აქციეს.

 

ევროკომისიის შეფასებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მიმდინარე წლის 8 მაისის უკანასკნელი ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და განახორციელა ყველა რეფორმა დარჩენილი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, ორგანიზაციული პრინციპები და პროცედურები ოთხი ბლოკით განსაზღვრულ სფეროებში შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ჯამში მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, რეგულაცია, ცხრა ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა შვიდ საერთაშორისო კონვენციას. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა მექანიზმები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით.

VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა ევროკავშირის 22 შემფასებელი მისია VLAP-ით განსაზღვრული 13 მიმართულებით და გამოქვეყნდა ევროკომისიის 4 ანგარიში

 

„საგულისხმოა, რომ საქართველომ ამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს უმოკლეს პერიოდში მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ VLAP-ის მეორე ფაზის შესრულების ეტაპზე საქართველო ოფიციალურად მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში იქნა გადაყვანილი. ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში და საქართველოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევის ამგვარი შეფასება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. 

 

„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიში ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: