სხვადასხვა მიმართულებით საგრანტო პროექტებს, იუსტიციის სამინისტრო 130 ათასი ლარით დააფინანსებს

სხვადასხვა მიმართულებით საგრანტო პროექტებს, იუსტიციის სამინისტრო 130 ათასი ლარით დააფინანსებს

30 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები გააფორმა. ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. საგრანტო პროექტებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დაფინანსდება ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივები; ასევე, არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მიმართული აქტივობები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებია: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; ფონდი „აფხაზინტერკონტი“; საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“; მიგრაციის ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი − GCRT.  

 

საგრანტო პროექტებით გათვალისწინებულია დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსება, საერთო ჯამში − 70 000 ლარის ოდენობით, 65 ყოფილი პატიმრისთვის ტატუს მოშორების სერვისის შეთავაზება და არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ხუთივე საგრანტო პროექტს იუსტიციის სამინისტრო 130 ათასი ლარით დააფინანსებს.

 

აღსანიშნავია, რომ ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსები იუსტიციის სამინისტრომ 2013-2015 წლებში ორჯერ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებსა და თბილისში 22 ყოფილი პატიმრის 21 ბიზნესიდეა დაფინანსდა. პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ახალი საგრანტო კონკურსი ამჯერად უკვე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ყოფილი პატიმრების დახმარებას ითვალისწინებს. ბიზნესიდეები დაფინანსდება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში.

 

საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაუწევს, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ახორციელებს.  პროგრამის  მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რაც ამცირებს მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს და საზოგადოებას უფრო უსაფრთხოსა და დაცულს ხდის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: