ქართველ არქიტექტორებს მსოფლიო აღიარებს!

ქართველ არქიტექტორებს მსოფლიო აღიარებს!

ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ, წელს, მეთხუთმეტედ უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ფორუმს - არქიტექტორთა მსოფლიო ტრიენალეს. ტრიენალე მსოფლიო არქიტექტურის სამი წლის მონაგანის შეჯამებაა. საერთაშორისო ჟიური ავლენს საუკეთესო ნაწარმოებებს - პროექტებს, რეალიზაციებს, არქიტექტურულ წიგნებს, ჟურნალებს, ფილმებს, საუკეთესო სამაგისტრო დიპლომებს.

 

არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსებიც ერთობლივი გამოფენით აბარებენ „ანგარიშს“.

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ასამბლეა - აკადემიის უმაღლესი ორგანო, სადაც პრეზიდენტი აჯამებს განვლილი სამი წლის მუშაობას.

 

 არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად და ტრიენალეზე საავტორო გამოსვლისათვის მიწვეული იყო ამ აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი, ვახტანგ დავითაია.

 

 - ბატონო ვახტანგ, რითი იყო აკადემიის აჟამინდელი ასამბლეა და არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალე - „ინტერარქ-2018“ განსხვავებული?

 

 - წლევანდელი ასამბლეა არაორდინალური იყო - აკადემიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა გიორგი სტოილოვმა, ამ აკადემიის დამაარსებელმა - კაცმა, რომელიც 30 წელი შემოქმედებითად და ღირსეულად უძღვებოდა აკადემიას. - „მე არ მეგულება მსოფლიოში სხვა პიროვნება, რომელსაც ამდენი გაეკეთებინოს არქიტექტურისათვის, რამდენიც გააკეთა ბატონმა გიორგი სტოილოვმა. მან პოლიტიკოსებზე 10 წლით ადრე აწია „რკინის ფარდა“ და ერთმანეთს შეახვედრა დასავლეთის და აღმოსავლეთის, კაპიტალისტური და სოციალისტური სამყაროს არქიტექტორები“, ასე დავიწყე ჩემი საავტორო გამოსვლა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ აუდიტორია მეთანხმებოდა. აუდიტორიის თანხმობაზე მიანიშნებდა. ბატონი გიორგის 90 წელი შეუსრულდა, საკმაოდ მხნედაა, მაგრამ მაინც წავიდა. თვითონ დაასახელა თავისი მემკვიდრე - ესაა გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორი - ამადეო შიატტარელლა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდი სიბრძნეა „დროზე წასვლა“, - წასვლა საკუთარი ნებით (სანამ გაგიტანენ!). 

 

ბატონი გიორგი ესწრებოდა ტრიენალეს ყველა ღონისძიებას, კოლეგებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ მისდამი გულწრფელი პატივისცემა. მან თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში გაიხსენა მისი თანამებრძოლები, მსოფლიო არქიტექტურის კლასიკოსები, რომლებიც გვერდში ედგნენ ამ გრძელ გზაზე. წამოვაყენე წინადადება, რომ ამიერიდან „ინტერარქების“ უმაღლესი ჯილდოს - გრან-პრის, ეწოდოს გიორგი სტოილოვის სახელი. სესია ერთხმად დაეთანხმა ამ წინადადებას. 

 

 და მაინც სევდა მეტი იყო სიხარულზე.

 

 ასამბლეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანა. დამთავრდა 30-წლიანი ეპოქა - სტოილოვის ეპოქა. იცვლება დრო, მოთხოვნები. წესდებაში ბევრი ცვლილებები შევიდა, მათ შორის, აკადემიის პრეზიდენტი შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ ორჯერ, ტრიენალეები ჩატარდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და სხვა და სხვა.

 

 - როგორ წარმოსდგა ტრიენალეზე ქართული არქიტექტურა?

 

 - მახსენდება სამი წლის წინანდელი „ინტერარქ-2015“ - ქართული არქიტექტურის ტრიუმფი. წარმატება კი ასეთი იყო: საკონკურსოდ წარმოდგენილი 80 სამაგისტრო პროექტზე ჟიურიმ გასცა 10 პრემია, აქედან 4 პრემია ერგო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს (თორნიკე აბულაძე, ანა ბიბილაშვილი, სტუ, მარეხი გიორგაძე, ნიკა ბოჭორიშვილი, თსსა). ეს უაღრესად შთამბეჭდავი შედეგი იყო.

 

 პრემია მიენიჭა არქიტექტორ-რესტავრატორ მიხეილ გელაშვილს და კონსტრუქტორ ზურაბ გაჩეჩილაძეს - „მრავალ ძალის წმინდა გიორგის ტაძრის“ რესტავრაციისათვის.

 

 ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირის პრემია მიენიჭათ არქიტექტორებს - აბაშიძეს, ბერიანიძეს და ვარდანაშვილს, რკინიგზის ვაგზალ „ბათუმი ცენტრალისთვის“.

 

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტეტურის ფაკულტეტის 90-წლიანი ისტორიის კატალოგი, რომელიც პროფესორ გ.მიქიაშვილის მრავალწლიანი შრომის შედეგია, ასევე პრემიით აღინიშნა.

 

 პირველი პრემია მიენიჭა ჩემს ორ პროექტს - ხელოვნების ცენტრ „მთაწმინდას“ თბილისში (რეკონსტრუქცია-გაფართოება) და მემორიალს „არა ომს“.

 

 ჩემმა წიგნმა - „ვახტანგ დავითაია. არქიტექტურა, ფერწერა, გრაფიკა“-მ, რომელიც „მაგთის“, პირადად ბატონ გია ჯოხთაბერიძის პირმშოა, ორი პრემია მიიღო - არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის და ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირის.

 

 აი რატომ „მონათლეს“ 2015 წლის ტრიენალე „ქართული არქიტექტურის ტრიუმფად“ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა.

 

 წლევანდელ ტრიენალეს შეიძლება „იტალიური ტრიენალე“ ეწოდოს. პროექტების და რეალიზაციების ნომინაციაში 15 პრემიიდან, 7 იტალიელ არქიტექტორებს ერგოთ, ხოლო არქიტექტურული წიგნების კონკურსის 4 პრემიიდან, 2 იტალიელებმა დაიმსახურეს. რაც მთავარია, იტალიელები არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტთან ამადეო შიატტარელლასთან ერთად დაბრუნდნენ სამშობლოში.

 

 ქართული არქიტექტურა „ინტერარქ-2018“-ზე მხოლოდ სამი პროექტით იყო წარმოდგენილი. ჩემი - „ხსოვნის ტაძარი თბილისში“, ნიკოლოზ აბაშიძის „მრავალფუნქციური ცენტრით“ და გივი გოგრიჭიანის „საცხოვრებელი კომპლექსით რთულ რელიეფზე“.

 

 ჩემი პროექტი ლაურეატის დიპლომით და ვერცხლის მედლით აღინიშნა, ხოლო ნიკოლოზ აბაშიძის და გივი გოგრიჭიანის პროექტებმა აკადემიის სპეციალური დიპლომები დაიმსახურეს.

 

 ტრიენალეზე მსოფლიოს დედაქალაქები და საელჩოები აწესებენ თავიანთ პრემიებს. ჩემთვის სიურპრიზი იყო ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოს პრემიის მინიჭება. კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი აზერბაიჯანის ელჩის, ქალბატონ ნარგიზ გურბანოვას მობრძანება დაჯილდოების ცერემონიალზე, მისი უაღრესად თბილი სიტყვები ჩვენი ქვეყნისადმი. მან ბრძანა - მე არ შემეძლო პირადად არ გადამეცა ეს ჯილდო ჩემი ქვეყნის სახელით ბატონ ვახტანგ დავითაიასთვის, ის ჩემი ქვეყნის უახლესი და უერთგულესი მეზობლის - საქართველოს წარმომადგენელიაო.

 

 აქვე გთავაზობთ გივი გოგრიჭიანის ბლიც-ინტერვიუს. 

 

მე უპირველესად გამოვყოფ ორ ფაქტს: არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტის გიორგი სტოილოვის ამაღელვებელ გაცილებას პრეზიდენტის პოსტიდან, ახალი პრეზიდენტის არჩევას და ბატონ ვახტანგ დავითაიას გამოსვლას, მის თბილ „მოფერებას“ უკვე „ყოფილი“ პრეზიდენტისადმი. შთამბეჭდავი იყო მისი ფილმის წარდგინება, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნა, შემოქმედებითი ანგარიშია აკადემიის და კოლეგების წინაშე. ჩემთვის საამაყო იყო მოსმენა და ნახვა იმისა, თუ როგორ ორგანულ კავშირშია მის შემოქმედებაში ისტორია და თანამედროვეობა. აღფრთოვანება გამოხატეს უცხოელმა კოლეგებმაც. კმაყოფილი ვარ, რომ ჟიურის შეუმჩნეველი არ დარჩა რთულ რელიეფზე მშენებლობის პრინციპის ჩემეული ძიებები. 

 

 აქვე დავამატებ, რომ ფილმის ავტორია განათლებული და დახვეწილი გემოვნების რეჟისორი ბატონი ბექა - შამილ ავარსკი.

 

 - ვინ გახდა თბილისის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „ტრადიცია და თანამდროვეობა?

 

 - სამწუხაროდ, თბილისის მერიამ დააგვინა განაცხადის გაგზავნა. ეს ნიშა „შეავსო“ ბულგარეთის არქიტექტორთა ასოციაციამ. პრემია მიენიჭა ვიეტნამელ არქიტექტორს, ჰოანგ მინჰს, ბამბუკის სახლისთვის. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო ამ ტრიენალეზე.

 

აზერბაიჯამის ელჩი ბულგარეთში, ქალბატონი ნარგიზ გურბანოვა

 

ახალი და ძველი პრეზიდენტები

 

ვახტანგ დავითაია, რიჩარდ ინგლანდი, ამადეო შიატტარელა

 

ბამბუკის სახლი. არქიტექტორი ჰოანგ მინჰი, ვიეტნამი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: