ზაურ ნაჭყებია: ვის უყვარს კრიტიკა?

ზაურ ნაჭყებია: ვის უყვარს კრიტიკა?

 

„წერას ვერავის ავუკრძალავთ“, „ყველა გენიოსი ვერ იქნება“, „თქვენი კრიტიკით ზოგიერთებს მუზას უნადგურებთ“, „ყველა თავის ჭიას ახარებს“ -   ამ ბოლო დღეებში ასეთი სიტყვებით მამუნათებენ თანამედროვე ლექსმწერები და მათი ბრმა  მხარდამჭერები.

 

ხატი, რჯული - წერას არავის ვუკრძალავ (არც მითქვამს და არც სადმე დამიწერია), თუმცა, სულ იმას ვამბობ: წეროს იმან, ვისაც წერა შეუძლია, ან ყოველგვარი წყენისა და ქოთქოთის გარეშე მიიღოს საფუძვლიანი კრიტიკა!

 

მიკვირს, რატომ არ უსვამენ კითხვას საკუთარ თავს ლექსმწერთა ფანები: საიდან გამოიჩეკა 25000-მდე „პოეტი“ დღევანდელ საქართველოში მაშინ, როცა, მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე ქვეყანაში სულ 1000-მდე მწერალი (პროზაიკოსი და პოეტი) ირიცხებოდა?! ნუთუ ეს მარტო ცენზურის (მთავლიტის) ბრალი იყო, თუ არსებობდა შემაკავებელი ბერკეტები, რომელიც უნიჭოს კალამზე ხელს ააღებინებდა?

 

ამით იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო აწყობილი და ქართული ლიტერატურა მიკერძოებისგან შორს იდგა, მაგრამ, თუ იდეოლოგიურ ბარიერს არ მივიღებთ მხედველობაში, ის წერდა, ვისაც წერა შეეძლო!

 

დღეს კი...

 

არავინ შემედაოს, რომ ჭეშმარიტი ლიტერატურის გადარჩენისთვის ზრუნვა ნაკლები პრობლემაა ერის სიცოცხლიუნარიანობისთვის, ვიდრე ცალკე აღებული სხვა პრობლემა - მაგალითად, ქვეყანაში პოლიტიკის სწორად წარმართვა.

 

„კრიტიკა შოკოლადი არ არის, რომ გვიყვარდეს“!

 

არ გაგიკვირდეთ და ეს სიტყვები კომპარტიის გენერალურ მდივანს ლეონიდ ილიჩს (ბრეჟნევს) ეკუთვნის. სხვა საკითხია, რამდენად უყვარდა კომპარტიას კრიტიკა, მაგრამ მის აუცილებობას ფორმალურად მაინც აღიარებდა!

 

ჩვენ კი... საერთოდ, არა მარტო კრიტიკა მოვიძულეთ, არამედ ის ადამიანებიც არ მოგვდის თვალში, ვინც ჯერ კიდევ ბედავს და უნიჭო, უიდეო, არაფრისმთქმელი ლექსების ავტორებს „ანგელოზებს“ უფრთხობს!

 

ფაქტია, რომ ძალიან ცოტაა ჩვენს შორის, ვინც ობიექტური კრიტიკის აუცილებლობას ეჭქვეშ არ აყენებს, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ პროფესიონალური კრიტიკის გარეშე ლიტერატურა ვერ განვითარდება...

 

ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

 

საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში (და „ივერიონში“) გამოქვეყნებულ ჩემს სტატიას: „როდის აინთება „ალი ნაპერწკლიდან?!“ http://iverioni.com.ge/16691-rodis-aintheba-ali-napertsklidan.html.

 

აღნიშნულ სტატიაში საუბარი იყო ცნობილი ლიტერატორის, პროფესორ სოსო სიგუას  ინიციატივაზე, რომ არაფრისმთქმელი პრეზენტაციების ნაცვლად პრაქტიკაში უნდა დამკვიდრდეს ახალგამოცემული წიგნის განხილვა, რომელიც ავტორს სწორი ორიენტაციის დასახვაში, ხოლო, მკითხველს, სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. მეტიც, ბ-ნი სოსო მიიჩნევს, რომ წიგნი სტამბაში ჩაშვებამდეც უნდა იხილებოდეს (უმთავრესად, მაინც სქელტანიანი ნაწარმოებები იგულისხმება).

 

ბუნებრივია, წიგნის წინასწარი განხილვის პრაქტიკაში დამკვიდრების ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - მას ნაკლები მხარდამჭერი გამოუჩნდა და კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთადაც ჩათვალეს, რასაც მეც ვეთანხმები. მაშინ, წინასწარ განხილვის მიზანი არა წიგნის მხატვრული ღირებულების შეფასება იყო, არამედ, იმის დადგენა, სტრიქონებს შორის ანტიკომუნისტური ნაღმი ხომ არ იმალებოდა!

 

დღეს ქართული ლიტერატურა იდეოლოგიური მარწუხისგან თავისუფალია - წერე რა თემაზეც გინდა, მაგრამ წერის თავისუფლება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ავტორმა პასუხისმგებლობა არ იგრძნოს საკუთარი თავისა და მკითხველის წინაშე.

 

ვეთანხმები მწერალსა და ჟურნალისტს ქ-ნ მარინე თექთუმანიძეს, რომ ახალგამოცემულ წიგნებზე კრიტიკული რეცენზიები უნდა იწერებოდეს, რომ საჭიროა მათი საჯარო განხილვაც.

 

სხვათა შორის, სტატიას ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ მომწიფდა ფორმალური პრეზენტაციებიდან წიგნის სერიოზულ განხილვაზე გადასვლის აუცილებლობა, რომელსაც პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით აღჭურვილი „ინსტიტუტი“ სჭირდება.

 

სიცხადისთვის რამდენიმე კომენტატორის ციტატას მოვიყვან.

 

განგაშის ზარების შემოკვრას დაგვიანებულად თვლის პროფესორი დიანა ტყებუჩავა: „არ შეიძლება თვითდინებაზე იყოს მიშვებული წიგნის გამოცემა და დახარჯული ფულით განისაზღვრებოდეს წიგნისა და ავტორის ღირებულებები. სწორედ მწერალთა კავშირმა უნდა შეძლოს ამ საქმის ორგანიზება - ეს მისი პირდაპირი და უშუალო მოვალეობაა“.

 

შეუძლებელია არ დაეთანხმო ქ-ნ დიანას: დღეს, როცა სახელმწიფომ საერთოდ უარი თქვა ეროვნული ლიტერატურის მეურვეობაზე, ლიტერატურული პროცესების ორგანიზების მისია სწორედ მწერალთა შემოქმედებითმა გაერთიანებამ უნდა იკისროს - სწორედ მწერალთა კავშირმა უნდა დაამკვიდროს პრაქტიკაში ახალგამოცემული წიგნების საჯარო განხილვა და ეს უპირველესად, საკუთარ წევრებზე უნდა გაავრცელოს. თუმცა, ჯერჯერობით „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“!..

 

„ვინ უნდა აიღოს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა“? კითხვას სვამს ნიჭიერი ლიტერატორი და ასევე ნიჭიერი პოეტი, ქალბატონი ნონა ფიფია.

 

ცხადია, სიტყვა პასუხისმგებლობაში იგი ერთ კონკრეტულ პიროვნებას არ მოიაზრებს - „საჭიროა პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც თვითმარქვია მწერლებში და მათ სექტებად ჩამოყალიბებულ ფანებში (უპირველესად, იგულისმებიან ლექსმწერები) ღრმად ფესვგამჯდარ ტენდენციას დაამსხვრევს და კეისარს კეისრისას მიუზღავს“.

 

ქ-ნი ნონას აზრით, ბოლოს და ბოლოს „გაიტანენ გრენლანდიას, თუ არ გაიტანენ, მაინც ჩამოვარდება“. დიახ, გრენლანდია დღეს თუ ხვალ, მაინც ჩამოვარდება, ცრუ „ქმნილებები“ ხუხულასავით დაიმსხვრევა, თუმცა, მისი დროულად გატანა, ანუ ლიტერატურული სივრცის საშიში „ვირუსებისგან“ გასუფთავება სჯობს!

 

საკმაოდ დამაფიქრებელ და კომპეტენტურ მოსაზრებას გვთავაზობს ნიჭიერი ლიტერატორი და მოკალმე, პროფესორი მურად მთვარელიძე. იგი მიიჩნევს, რომ „ამის (ნაწარმოების კრიტიკული შეფასების - ზ.ნ.) განხორციელების შესაძლებლობებზეც უნდა ვიფიქროთ. რას კითხულობს თანამედროვე მკითხველი, რის მიხედვით უყალიბდება ახალგაზრდას ლიტერატურული გემოვნება - რა ფასეულობაა ყურადღებამისაქცევი და წინა პლანზე  წარმოსაჩენი აუცილებლად უნდა განისაზღვროს, ჯანსაღი კრიტიკა უნდა დამკვიდრდეს“...

 

დიახ, ჯანსაღი კრიტიკა უნდა დამკვიდრდეს! თუმცა, ამის გაკეთება არც თუ ისე იოლი იქნება. მითუმეტეს დღეს, პრაქტიკაში ცრუ კალმოსანთა მხრიდან დამკვიდრებული ზერელობის, იაფფასიანი პოპულარობის მოხვეჭის, სექტებად ჩამოყალიბებული უგემოვნო ფანების გათვალისწინებით!

 

რაც შეეხება ქართველი ახალგაზრდების ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას, თუ თანამედროვე „შედევრებს“ დაეწაფებიან, უგემოვნების ბაცილა გარანტირებული ექნებათ!

 

ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, კობა ჭუმბურიძე უფრო შორს მიდის და კრიტიკოსთა კავშირის დაფუძნების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, ლიტერატურული პროცესებისადმი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულების ფონზე რთულია ამ პრობლემის მკვდარი წერტილიდან დაძვრა. თუმცა, კრიტიკის გარეშე ლიტერატურა არ არსებობს და ვერც განვითარდება. „კრიტიკა რომ არ აღმოცენებულიყო და არ დახვეწილიყო, მსოფლიო ლიტერატურა ვერ შობდა შექსპირს და სერვანტესს, რადგან, ხარისხის თამასა იქნებოდა დაბალი“.

 

ვეთანხმები ბ-ნ კობას, რომ დღეს საქართველოში გვყავს ისეთი ლიტერატორები, მსოფლიო რომ ინატრებდა, მაგრამ მისი თქმისა არ იყოს, მათ ნაღვაწს მკითხველამდე მიტანა უჭირს „უნიჭობის ამ ცოფიან „ქარბუქში“.

 

ქ-ნ დიანა ტყებუჩავასგან განსხვავებით, ბატონი კობა „კრიტიკოსთა კავშირის“ ცალკე არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს და მის დაფინანსებას ხელისუფლებას „ავალებს“: „თუ ხელისუფლებას (ზოგადად სახელმწიფოს - ზ.ნ.) ენის და ქართველობის გადარჩენა სურს, პირველ რიგში ეს კავშირი (ასოციაცია) უნდა დააფინანსოს“!

 

მეტი არაა ჩემი მტერი, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ვალდებულება აიღოს, მაგრამ, პროფესიონალ ლიტერატორთა და კრიტიკოსთა ერთობა რომ უნდა შეიქმნას, საეჭვო ნამდვილად არ არის!

 

სამწუხაროდ, ბევრს კრიტიკა და საბჭოეთის დროინდელი ცენზურა ერთმანეთში ერევა - სხვათაშორის, იმ დროშიც ცენზურა წერას არავის უშლიდა, მაგრამ ნებისმიერი ნაწარმოები იდეოლოგიურ მარწუხებში უნდა მოქცეულიყო. ცენზურისგან განსხვავებით, კრიტიკა ლიტერატურის შეფასებას ახდენს. სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურია კრიტიკა და რამდენად უწყობს ხელს შემოქმედს ნათლად დაინახოს საკუთარი ნაკლი და ახალი პარადიგმების ათვისებაში დაეხმაროს!

 

საკმაოდ მკაცრია კომენტარში ქ-ნი  დიანა წიკლაური. მისი აზრით: „დღეს სრული განუკითხაობაა. არ იცავენ ლიტერატურულ ნორმებს და ეს წახალისებულია გაუთვითცნობიერებელი მკითხველის მიერ... რაც უფრო გაუგებარია ლექსი, მით უფრო იქცევს მკითხველის აღტაცებას... ყველგან და ყველაფერში სიყალბე და ფარისევლობა მძვინვარებს. წერას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ გამომცემლობებმა ოდნავ მაინც უნდა მიაქციონ ყურადღება ლიტერატურული ნორმების დაცვას“...

 

ქ-ნ დიანას მოსაზრებას მთლიანად ვიზიარებ, რაც შეეხება გამომცემლობების მისიას დღევანდელ საქართველოში, ამას ქვემოთ დავუბრუნდები.

 

არაორდინალური დამოკიდებულება აქვს კრიტიკოსის და ზოგადად, კრიტიკის მიმართ ყოფილ პარლამენტარს, მწერალსა და ბიზნესმენს, არაჩვეულებრივი რომანის - „ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი“ ავტორს, ბ-ნ ბესიკ ლაგვილავას.

 

ბ-ნი ბესიკი დარწმუნებულია ლიტერატურული კრიტიკის აუცილებლობაში, მაგრამ ნაწარმოების წინასწარ განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, კრიტიკა საჭიროა, რადგან, „სულ უფრო ნაკლები დრო რჩება „ეროვნული ლიტერატურის“ წაკითხვისთვის... მკითხველმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ დროს არ დაკარგავს... აშშ-ში კრიტიკოსთა გილდია არსებობს, რომელიც 600-მდე კრიტიკოსს აერთიანებს. ისინი აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს და სატელევიზიო ეთერით მიმოიხილავენ ახალგამოცემულ ლიტერატურას... საჭიროა „პოპულარული კრიტიკა“, რომელიც წიგნების სამყაროში ორიენტაციის საშუალებას იძლევა...“.

 

იქვე ბ-ნი ბესიკი სვამს რიტორიკულ კითხვას: როგორ უნდა შეინახოს თავი კრიტიკოსმა საქართველოში, როცა მწერალი ვერ ინახავს თავს საკუთარი შემოქმედებით?

 

ვიდრე პასუხს გავცემდე  როგორ უნდა შეინახოს თავი კრიტიკოსმა საქართველოში, როცა მწერლებიც ვერ ინახავენ თავს საკუთარი შემოქმედებით, ჯერ იმაზე გავცემ პასუხს, რატომ ვერ ინახავენ თავს მწერლები დღეს საქართველოში. თუმცა, გავარკვიოთ, ვინ იგულისხმება მწერალში (პოეტში)?! თვითმარქვია, „იაფფასიან პოპულარობას გამოკიდებული, მოდას აყოლილი ცრუპენტელა კალმოსნები, თუ... ღვთიური მადლით დაჯილდოებული შემოქმედნი, რომლებმაც რატომღაც დუმილი ამჯობინეს და ფაქტიურად არც ჩანან ლიტერატურულ სივრცეში?!

 

ჯერ ერთი, მწერალს ობიექტური ლიტერატურული კრიტიკა და ჭეშმარიტი მკითხველი ზრდის. მეორეც, დღეს, როცა წიგნის გამოცემის მთავარი კრიტერიუმი ფული გახდა, ხოლო, შეფასების კრიტერიუმი სოციალური ქსელი და მარაზმამდე დასული ე.წ. პრეზენტაციები, ამ მორევში ნამდვილი შემოქმედი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. მიზეზი ნათელია: კრიტიკა ფაქტიურად არ არსებობს, რომ მკითხველს ნაწარმოების იდეურ-მხატვრულ ღირებულებაზე თვალი აუხილოს, ხოლო, ჭეშმარიტი მკითხველი ნელ-ნელა ტოვებს პოზიციებს - ან საერთოდ არაფერს კითხულობს, ან ყველაფერს კითხულობს და თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევის უნარსაც თანდათან კარგავს. ერთი სიტყვით, ცრუ პოეტებისა და ცრუ მწერლების გვერდით „საპატიო ადგილს“  იკავებენ ცრუ მკითხველებიც...

 

ვეთანხმები ქალბატონ შორენა დოლიძეს, რომ დღეს საქართველოში განათლების, ზოგადად, წიგნიერების დეფიციტია, მაგრამ, ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მაკულატურას დრო გამოხშირავს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკის არსებობის პირობებშია შესაძლებელი, რომლის აუცილებლობის დამტკიცება სამწუხაროდ უკვე მერამდენედ გვიხდება.

 

ერთი რამ უდავოა: ვიდრე კრიტიკოსთა „არმიას“ შევქმნით და ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკის ტრადიციას დავამკვიდრებთ, მაკულატურის შემცირებაზე უნდა იზრუნონ გამომცემლობებმა.

 

სინამდვილეში კი...

 

 

ფულს ეროვნული ლიტერატურის მომავალი არ უნდა შეეწიროს!

 

ცნობილი ჟურნალისტი, სერგო ჯანაშია ღიად აფიქსირებს, რომ დღეს გამომცემლობები წიგნის ხარისხზე ნაკლებად ზრუნავენ, მათ მხოლოდ მოგება აინტერესებთ და ეს ყველაფერი საბაზრო ეკონომიკის პრინციპით მართლდება! არადა, წიგნი ჩვეულებრივი პროდუქტი არ არის - მას სხვა დატვირთვა აქვს და სხვა მისია ეკისრება ერის სულიერი საზრდოს ფორმირების თვალსაზრისით.

 

როცა გამომცემლობების პასუხისმგებლობაზე ისმის საუბარი, არავინ კითხულობს: როგორ შეძლოს გამომცემლობამ, რომელსაც არც პროფესიონალი რედაქტორი ჰყავს და არც კორექტორი, წიგნის დახარისხება საჭირო და არასაჭირო „პროდუქციად“?!

 

დღევანდელ პირობებში ასეთი მიდგომით ვერც ერთი გამომცემლობა ვერ იარსებებს, რადგან იმდენად მცირეა გამოსაცემი წიგნების ტირაჟი, თუ მათ დახარისხება დაიწყეს, ვალებიდან ვერ ამოვლენ. თუმცა, არსებობს „მაგრამ“, რომელიც სწორედ წიგნის ტირაჟს ეხება და პირდაპირ კავშირშია ლიტერატურულ კრიტიკასთან.

 

თუ მკითხველს წინასწარ ეცოდინება, რომ მავანის და მავანის ავტორობით გამოცემული წიგნის სახით საქმე აქვს ჭეშმარიტ ლიტერატორთან, ის აუცილებლად გახდება ავტორის პარტნიორი. ამით მკითხველის სახით ნიჭიერ მწერალსაც (დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვი), სპონსორი გამოუჩნდება და ამოისუნთქავს კიდეც, რადგან, ტირაჟი საკმარისი იქნება გამომცემლობამ იხეიროს და მწერალმაც (ავტორმაც) საკუთარი ოჯახი შეინახოს. მეტიც, სტამბა-გამომცემლობებს სურვილი გაუქრებათ ბეჭდონ 100-200-300 ტირაჟიანი წიგნები, რომლებიც არსებით შემოსავალს არ იძლევა და ისინიც იძულებულნი ხდებიან კონვეირული სისტემით ბეჭდონ და ბეჭდონ მაკულატურა!

 

როგორ შეიძლება გამომცემელთა „მოთვინიერება“?

 

ძალიან მარტივად. უნდა დაიწყოს გამომცემლობების მიერ დასტამბული წიგნის საჯარო განხილვა და პასუხისმგებლობა ავტორთან ერთად დაეკისროს გამომცემელსაც. თუ ეს პრაქტიკაში ტრადიციად დამკვიდრდება, დარწმუნებული ვარ, გამომცემლობები დაფაცურდებიან და რედაქტირება-კორექტირების (რედაქტორის წინასიტყვაობის) გარეშე მომზადებულ წიგნებს არ დაბეჭდავენ: ან თავად აიყვანენ პროფესიონალ რედაქტორ-კორექტორებს ან ავტორებს აიძულებენ დასაბეჭდად გამზადებული წიგნი გარკვეულ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს!

 

მე, როგორც პროფესიონალი გამომცემელი, ამ პრინციპის დაცვის გარეშე წიგნს დასაბეჭდად დღესაც არ ვუშვებ. ვერ ვიტყვი, რომ შედევრები იბეჭდება ჩემი გრიფით, მაგრამ ელემენტარულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს...

 

 

საჭიროა შევქმნათ პროფესიონალ ლიტერატორთა

და კრიტიკოსთა ასოციაცია

 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესორმა, ცნობილმა ლიტერატორმა, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ ბ-ნმა სოსო სიგუამ ბესიკ ლაგვილავას რომანის „ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი“ წარდგენაზე წიგნის განხილვის ტრადიციის დამკვიდრების აუცილებლობაზე ისაუბრა, არც მისი და არც მწერალთა კავშირის მხრიდან ამ თემას გაგრძელება არ მოჰყოლია, არადა, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ იყო.

 

მართალია, პროფესორი დიანა ტყებუჩავა კრიტიკოსთა გაერთიანების მისიას მწერალთა კავშირს აკისრებს და მისგან ითხოვს პასუხისმგებლობა აიღოს ლიტერატურულ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, მწერალთა კავშირი საეჭვოდ დუმს და საკუთარ ტრადიციას არ ღალატობს - ხმაურიან პრეზენტაციებზე და ქართული ლიტერატურის კორიფეების სახელობითი პრემიების გულუხვად გაცემაზე უარს არ ამბობს! არც პირად საუბრებში მსმენია მათი ხელმძღვანელობისგან მზადყოფნა - იზრუნონ ლიტერატურული კრიტიკის პრაქტიკაში დამკვიდრებაზე.

 

აქედან გამომდინარე, ვეთანხმები ბ-ნ კობა ჭუმბურიძეს, რომ საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა - პროფესიონალ ლიტერატორთა და კრიტიკოსთა ასოციაცია, რომელიც თავდაპირველად ენთუზიასტებით დაკომპლექტდება, თანდათან მხარდამჭერებსაც გააფართოებს და დაფინანსების წყაროებსაც მოიძიებს.

 

ბ-ნ კობას იმაშიც ვეთანხმები, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ევროპის დონის კრიტიკოსები, რომლებიც სამზეოზე გამოსვლას ერიდებიან, რადგან, შეურაცხყოფის ნიაღვარი დაატყდებათ თავს.

 

აქვე მახსენდება სკოლის სახელმძღვანელოებში შეტანილი პატარა მოთხრობა „ცალ-ცალკე და ერთად“, კერძოდ, მამის შეგონება, რომ თუ ძმები ერთად იქნებიან, ვერავინ მოერევათ!

 

ასეა ამ შემთხვევაშიც - ცალ-ცალკე შეიძლება შეურაცხყოფისგან და იგნორისგან არ ვიყოთ დაზღვეული, მაგრამ თუ პროფესიონალები ერთად შეიკრიბებიან, ცრუ პოეტებსა და ლექსიპარიებს კლავიშებით თამაშის და „კოპირების“ მადას ნამდვილად დააკარგვინებენ. რაც მთავარია, წინა პლანზე წამოვწევთ ნიჭიერ შემოქმედს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო დღეს ჩრდილში არიან.

 

ამით კარგ სამსახურს გავუწევთ გამომცემლობებსაც - ერთი ათად გაიზრდება დასაბეჭდი პროდუქციის ტირაჟი, რადგან ჯერ კიდევ შემორჩენილი, ნამდვილი მკითხველი ისევ ხარბად დაეწაფება დახვეწილ ლიტერატურას.

 

მე უკვე ვიწყებ პროფესიონალ ლიტერატორთა და კრიტიკოსთა მოძიებას. მოუთმენლად ველოდები მხარდამჭერებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ ეროვნული ლიტერატურის გადარჩენაში.

 

P.S. წერას არავის ვუკრძალავთ, მაგრამ თუ ამ პროექტმა გაამართლა, ბევრი წერის სურვილს თავადვე დაკარგავს!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: