ილია მეორე: საქართველოს დაღუპვა არ უწერია

ილია მეორე: საქართველოს დაღუპვა არ უწერია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის განცხადებით, საქართველოს დაღუპვა არ უწერია.

პატრიარქმა დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ ქადაგებისას, წირვაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დალოცა.

როგორც მან ბრძანა, ჩვენს უკან საქართველოა და სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ.

„მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი სამშობლოს წინაშე ორივეს დიდი დამსახურება გაქვთ. მინდა, დაგლოცოთ და გისურვოთ, ღვთის წყალობა სუფევდეს თქვენზედა, რათა ისეთ საქმეებს აკეთებდეთ, რომელიც სათნო იქნება წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა ჩვენისა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, უფალს მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ერის თანადგომა და სიყვარული საქართველოსთან და მასთან მუდამ იყო.

პატრიარქის განცხადებით, საქართველო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ამიტომ, მან  საქართველოს თავისი კალთა გადააფარა.

„საქართველოს დაღუპვა არ უწერია. ის ღვთის მადლით და წყალობით გაბრწყინდება“, - აღნიშნა უწმინდესმა.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დღევანდელ წირვაზე პატრიარქს ქართველი ერის წინაშე დამსახურებისთვის, ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: