ლევან ვასაძე:-"გააუქმეთ და გადააკეთეთ ეს კანონი ისე, როგორც ეს ეკადრება საქართველოს"

ლევან ვასაძე:-"გააუქმეთ და გადააკეთეთ ეს კანონი ისე, როგორც ეს ეკადრება საქართველოს"

   ლევან ვასაძის ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის ინიციაციისა, კენჭისყრისა და დამტკიცების გამო. "ივერიონი" წერილს სრულად გთავაზობთ.

   -"ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა" (მათე 6:24)

   "ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ"(I კორ 4:10)

   "სიმართლე სასარგებლოა მისთვის ვისაც მას ეუბნებიან და მავნებელია თავად მთქმელისათვის, რადგან ის თავისი თავისადმი სიმართლის მსმენელისაგან სიძულვილს იწვევს.("ბლეზ პასკალი "ფიქრები")

   ბატონო პრემიერო, მთავრობის წევრებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებო და ბატონო პრეზიდენტო!

ვთქვა ძალიან ვწუხვარ–მეთქი ამ წერილს რომ გწერთ, არ არის საკმარისი! 

   ის რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი ვერ გაუბედა ქართველ ხალხს, თქვენ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში მოსხერხეთ მათთანვე შეხმატკბილებით. 

   ვნების კვირაში დიდ ოთხშაბათს დაიწყეთ, როდესაც იუდამ ქრისტე გასცა და ვარდობის თვეს დაამთავრეთ ეს შავი საქმე. და როდესაც სამშობლოს ვარდის სურნელი უნდა ასდიოდეს, თქვენ ნეხვის სურნელი აადინეთ საკუთარ სამყოფელს. ერთხმად მიიღეთ კანონი, რომელსაც ქართველი ერი ერთხმადვე უარყოფს და ამრიგად ქვეყნის ისტორიაში ერთერთი ყველაზე ანტი–დემოკრატიული საკანონმდებლო ნაბიჯი გადადგით.

მიღებული კანონით თქვენ აუკრძალეთ ხალხს გარყვნილებას გარყვნილება უწოდონ, არაკაცობას – არაკაცობა, ადამიანის ყველაზე სამარცხვინო ქცევა დაგმონ და დაემუქრეთ ხალხს ამისათვის ციხეში ჩაგდებით და მათი ქონებისა და საქმის ლიკვიდაციით. 

თქვენ მიიტანეთ გაუგონარი იერიში საუკუნოვან საზოგადოებრივ წესზე, რომელშიც თავად იზრდებოდით, გააკეთეთ ეს რაღაც მოგონილი, ვითომ ევროპული ვაი–ღირებულებების დროშით, საცოდავი მორჩილებით შეასრულეთ ბრძანება უცხოეთიდან და არ გამოესარჩლეთ საკუთარი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ზნეობრივ ნორმებს. 

   ახლა კი კულუარულ საუბრებში აცხადებთ, რომ ეს ისე, ევროპის თვალის ასახვევად გააკეთეთ და რომ სინამდვილეში თქვენი გული თქვენს ხალხთან არის! თქვენ წახვალთ მაგ თქვენი ორი გულით, ეს კანონი კი დარჩება და უბედურებას დაატრიალებს ამ ქვეყანაში, თუ რამე არ ვიღონეთ ახლავე! თქვენი მოლოდინი, რომ ამ საფუძველზე აწი სიკეთეს ააშენებთ საქართველოში განწირულია, რამეთუ: "ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად." (მათე 7:26–27)

   თქვენ შეარცხვინეთ საქართველო მთელი 30 მილიონიანი კავკასიის წინაშე, სადაც მას ოდითგანვე ზნეობისა და ღირსების ლამპრადა და ეტალონად აღიქვამდენ ჩვენი მოსაზღვრე ხალხები. და გააკეთეთ ეს არა ნამდვილი ევროპული ღირებულებების სანაცვლოდ, რომლებიც არის ქრისტიანული ღირებულებები, არამედ იმ ანტი–ჰუმანური, ოკკულტისტური ძალების მონებით, რომლებიც რყვნიან და ღუპავენ ტრადიციულ ევროპას ბოლო წლებში და ანგრევენ იქ ოჯახსა და ღმერთის რწმენას. ამით თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას უდიდესი ზიანი მიაყენეთ მისთვის სასიცოცხლო რეგიონში, სადაც ტრადიციები და ოჯახური ზნეობა ზე–რელიგიური და ზე–ეროვნული ღირებულება არის, რომელიც ყველაფერზე დომინირებს.

   არავის არა აქვს უფლება იმის ჩადენისა რაც თქვენ ჩაიდინეთ. უკადრებელი აკადრეთ საქართველოს და არჩევანი აღარ დამიტოვეთ. მესმის, რომ ამ წერილით საკუთარ თავს ვავნებ, მაგრამ რა გაეწყობა. თქვენ ჩემზე გაწყერით, თქვენ კი სამშობლო გაგიწყრებათ ამ გაუგონარი საქციელისათვის.

   მაგ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით თქვენ შეუერთდით იმ ე.წ. "განმანათლებლებს," რომლებსაც აქვთ თავხედური პრეტენზია ჩვენს უძველეს ერს ასწავლონ ქცევის ნორმები თავიდან. როდესაც თქვენ გზრდიდნენ თქვენი პატივცემული მშობლები ნეტა ისინი თუ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილები საქართველოში მამათმავლური იდეოლოგიის საკანონმდებლო ინფილტრაციის დაწყების ინიციატორები გახდებოდნენ. და ნუღარ გვეტყვით, საქართველოში ადრეც იყო მიღებული ასეთი კანონებიო – ქართველ ხალხს მასეთი კანონებისათვის თანხმობა არასოდეს მიუცია და თუ კი თქვენმა წინამორბედმა არაკაცმა ხელისუფლებმა ისინი ეშმაკურად შეაცურეს გატანჯული ქართველი ხალხის ნების გარეშე, თქვენი მოვალეობა მათი აღმოჩენა და გაუქმება არის და არა მათი დამოწმება და უზნეობაზე უზნეობის დამატება. და როგორც თქვენ იშველიებთ ახლა იმ წინა კანონებს, ისე მოიშველიებენ ამ თქვენს უმსგავსო კანონს თქვენი პოლიტიკური შთამომავლები, თუ ღმერთმა ნუ ქნას, ეს კანონი კანონად დავტოვეთ.

   იძულებული ვარ მოგახსენოთ: ამ კანონის მიღებით თქვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საკანონმდებლო აქტის ავტორები გახდით, ისეთი რამ ჩაიდინეთ, რომ არ თქმა საქართველოს ღალატს უდრის და რამდენიც გინდათ აწი იკატუნეთ თავი – ამას თქვენ მთელი ერი გეუბნებათ.

მე ერთხელ საჯაროდ ვთქვი თქვენს პოლიტიკურ მშობელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ მას ორი ძეგლი ეკუთვნოდა: ერთი მიხეილ სააკაშვილის დესპოტური რეჟიმის მოშორებისათვის და მეორე მისი საქვეყნო ქველმოქმედებისათვის. ამას ახლაც ვადასტურებ. მაგრამ ახლა თქვენ, ვინც მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდგეგ დარჩით პოლიტიკაში, გეუბნებით: ყველას ვინც მაგ საქმეში მონაწილეობდით, განურჩევლად თქვენი სტატუსისა, პირადი მიზეზებისა, ეკლსიისადმი დაბრკოლება იქნება ეს, შიში, ანგარება, თავის მოუტყება და სინდისის მიჩუმათება, თუ ნებისმიერი პიროვნებისადმი სულელური მორიდება და მისი გაკერპება, განურჩევლად ზოგიერთ თქვენთაგანთან ჩემი პირადი მეგობრობისა და წარსულში თქვენი საჯარო ქებისა – ყველას გეკუთვნით ადგილი ერის სამარცხვინო ისტორიის გვერდზე. მაგრამ ვაი, რომ თქვენ მაგავე გვერდზე მთელი ქვეყანა შეარცხვინეთ თქვენთან ერთად, რადგან ერთი კაცი არ მოინახა თქვენში ვინც ამ ძალადობასა და მონებას წინ აღუდგებოდა!

   გითანაგრძნობთ ამ უბედურ მდგომარეობაში და მოგიწოდებთ, სანამ ქვეყანაში უბედურება არ დატრიალებულა, სასწრაფოდ გააუქმოთ თქვენივე ხელით ეს კანონი, ან გადააკეთოთ იგი ხალხის ნებისამებრ: ამოიღოთ იქიდან გარყვნილების ლეგიტიმაციის ყოველგვარი ხსენება, როგორც არ უნდა გიბრძანებდნენ ამას უცხოეთიდან და აკრძალოთ გარყვნილების პროპაგანდა საქართველოში. გაფრთხილებთ: წინააღმდეგ შემთხვევაში გელოდებათ ხალხის მხარდაჭერის დაკარგვა და საკუთარ ხალხთან დაპირისპირება.

   მე, როგორც მოქალაქეს მეტი არაფერი შემიძლია: საკუთარი მსხვერპლისა და საფრთხის ფასად ვთქვა სიმართლე. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც მოხელე. მაგრამ თქვენ, შეხვედით რა მაგ სარბიელზე, მოიქეცით როგორც პიროვნებები, როგორც დაგვპირდით. ნუ გეშინიათ საკუთარი აზრის და ღირსების დაცვისა, ნუ იქცევით ბრძანების ერთხმად შემსრულებელ მორჩილ უმრავლესობად, ტოტალიტარული ფსიქოლოგიის უბადრუკ ნატეხებად. თუ ეს არ შეგიძლიათ და თუ ერთხმად, როგორც ტოტალიტარული სისტემის წარმომადგენლები იღებთ კანონს, მაშინ როგორმე იმდენი მაინც ქენით, რომ ასახოთ საკუთარი ხალხის პოზიცია ამ და ყველა სხვა საკითხზე, ნუ უღალატებთ და ნუ მოატყუებთ საკუთარ ხალხს. და ნუ დაგეუფლებათ გარდუვალობის პლებეური სინდრომი, ნუ დანებდებით მატყუარა მტერს, მას არაფერი შეუძლია, თუ ჩვენ ერთად დავდგებით. ნუ ინუგეშებთ სინდისს იმის თქმით, სამაგიეროდ აწი კარგ საქმეებს გავაკეთებთო – ქვეყნის ზნეობის ღალატს ვერაფრით გადაწონით, ვერც ქართველების ცოტა მეტად გაძღომით და ვერც ვიზების გაუქმებით უცხოეთთან, რომაც შეძლოთ ეს.

   თუ ასეთი წერილის საფასურად ჩემი დაცინვა, მიამიტ რეტროგრადად და შავრაზმელად შერაცხვა, ან ჩემი მოძულება არის საჭირო თქვენი ჯგუფისაგან, არ დავეძებ, დაე ასე იყოს, ოღონდ ჩემი ქვეყნის ტრადიციასა და ზნეობას ნუ ავნებთ.

  ღმერთმა გიშველოთ თქვენს დანარჩენ მოღვაწეობაში. ჩვენთვის ცნობილია მაგ იდეოლოგიის ავტორთა ტაქტიკა, რომელსაც აწი გაგაცნობენ გარედან ნაწილ–ნაწილ: ეხლა ეცდებიან ეს კანონი რამოდენიმე წელი არ აამუშავონ და მიაჩუმათონ, მერე თქვან, ხომ ხედავთ არაფერი ხდებაო და ამით მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია მოახდინონ და ნელ–ნელა შეაჩვიონ ხალხი უზნეობას. ამ კანონის შემდეგ, გავა წლები და მოითხოვენ მამათმავალთა ქორწინების უფლებას, მერე შვილის აყვანისას და მერე სკოლებში შევა პოლიცია და მშობლებსა და მასწავლებლებს უბრძანებს თქვენსა და ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს არ უთხრან საკუთარი სქესი და დაიცვან მათი ე.წ. "უფლება" ამ სქესის თავად არჩევისა ზრდასრულ ასაკში. ასე მოხდა ყველგან სადაც ეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიაღებინეს, რადგან ეს კანონი პროგრამის ნაწილია, ასე იქნება საქართველოშიც, თუ არაფერს შევცვლით, რასაც არ უნდა გპირდებოდნენ ამჟამად ამ პროგრამის ავტორების დაქირავებული პროპაგანდისტები. იმ დროისათვის თქვენი სახსენებელიც აღარ იქნება პოლიტიკაში, და პასუხისმგებლობა აღარავის მოეკითხება, არც შემპირებელს და არც შეპირებულს. თუ დავაცალეთ, ყველაფერ ამას იზამენ განსაკუთრებით წამყვანი ქართული ტელეარხების მეშვეობით, რომლებიც მთლიანად არიან წალეკილი უზნეობის დიქტატურის მაფიოზურ აბლაბუდაში და ქვეყანას მეტ ზიანს აყენებენ ბოლო წლებში ვიდრე თვით პოლიტიკოსებიც კი. თქვენ კი, თუ ძალაუფლება შეგრჩათ ამ სისტემაში, მოგიწევთ მთელი თქვენი დანარჩენი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რაღაც საქმეებით ეცადოთ ოდნავ მაინც გააბათილოთ ეს მავნებლობა ქვეყნის წინაშე, რათა ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოთ ეს სირცხვილი. მოგიწევთ ევედროთ ამ უზნეო ტელევიზიებს, რომ საქმეები დაგიფასონ და ხალხს აჩვენონ თქვენი სიკარგე. და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ყველანი დაგიყენებთ და დაგიდგებით გვერდში ნებისმიერ კარგ საქმეში, მაგრამ აწი რაც არ უნდა აკეთოთ, ვერანაირი კარგი კანონი და კეთილი საქმე ვერ გადაწონის იმ ღალატს რაც ჩაიდინეთ. 

   ამიტომ, თქვენივე ოჯახებისა და შვილების მომავლისათვის მოგიწოდებთ – გააუქმეთ და გადააკეთეთ ეს კანონი ისე, როგორც ეს ეკადრება საქართველოს, მის ღირსებასა და წესიერებას. აჩვენეთ ქვეყანას გულწრფელი ქრისტიანული სინანული და ის შეგინდობთ თქვენს შეცდომას. ნუ გაჯინიანდებით, ნუ გაავდებით, ნუ გაებრიქებით თქვენივე ქვეყნის წესებსა და ტრადიციებს, ნუ ასწავლით ჭკუას თქვენს ქვეყანას და ქრისტიანობას თქვენს ეკლესიას, ნუ დაიყრუებთ თავს, ნუ ირწმუნებთ მხოლოდ ხილულს, ნუ დაამყარებთ თქვენს იმედს მხოლოდ ნივთიერზე, ნუ შეგეშინდებათ ნურაფრისა ღვთისა და საკუთარი ხალხის გარდა და ნებისმიერ განსაცდელში გამარჯვებულები გამოხვალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გელოდებათ სირცხვილი და იმ თქვენს მოწინააღმდეგეებზე დამგვანება და ჩახუტება, რომლებსაც ასეთი გაშმაგებითა და რიხით ებრძოდით და რომლებსაც ამ კანონის მიღებისას ჩაეხუტეთ ასეთი სამარცხვინო ერთსულოვნებით, როგორც ეს ვითომ დამოუკიდებელმა მმართველმა ჰეროდემ და დამპყრობელის წარმომადგენელმა პილატემ გააკეთეს ჭეშმარიტების ჯვარცმისას.

   ამ დღეებში ჩვენმა ერმა პირველი მოციქულის, ანდრიას დღე იზეიმა, რომელმაც პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა და ქრისტიანულ ცივილიზაციას ჩაუყარა აქ საფუძველი. ქართველმა ხალხმა მაშინვე მიიღო ჭეშმარიტება, ხოლო მის მთავრებს კი კიდევ სამასი წელი დასჭირდათ, რათა ხალხის ნება გაეგოთ, სანამ წმინდა მირიანი და ნანა არ მოევლინებოდნენ საქართველოს, რათა წმინდა ნინოს სიტყვა დაეჯერებინათ. თქვენ არა გაქვთ ეგ სამასი წელი. ქვეყნის განსაცდელი ახლოს არის და მისი მოწევნა ჩვენს ქვეყანაზე თქვენი უპასუხისმგებლო ნაბიჯის შედეგი იქნება. გამოასწორეთ თქვენი შეცდომა სანამ დრო გაქვთ.

ქრისტესთან ერთად საქართველოს აღდგომის იმედით"

 ლევან ვასაძე,  2014 წელი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: