დავით ზურაბიშვილი:–"თუ წყალში არ შეხვედი, ცურვასაც ვერ ისწავლი და იქნები ასე, დარჩენილი ხმელზე"

დავით ზურაბიშვილი:–"თუ წყალში არ შეხვედი, ცურვასაც ვერ ისწავლი და იქნები ასე, დარჩენილი ხმელზე"

   წამლების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ზურაბიშვილი ეხმაურება და წერს: 

   –"ის, რომ იზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის გაცემა ექიმის ნებართვით (რეცეპტით) უნდა მოხდეს, ჩემის აზრით, არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება.

   ვაზუსტებ ყოველ შემთხვევისთვის: ლაპარაკია სწორედ რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ნუსხის გაზრდაზე და არა იმაზე, რომ ყველა წამალი აწი რეცეპტით გაიცემა. ამის თქმა წესით არც უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ იმხელა ამბავი ატეხეს, არ გამოვრიცხავ, ვიღაცას ასეც ეგონოს.

ეს გადაწყვეტილება სწორია იმდენად, რამდენადაც ასეთია მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკა, უკლებლივ ყველგან! და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოს მოვალეობა და არა ბაზარზე გატანილი სერვისი ან მომხმარებლის პასუხისმგებლობა, როგორც ზოგიერთ თავისუფალ ბაზრის ფან "გასუდარსტვენნიკს" (ასეთებიც გვყავს) ჰგონია.

   სხვა საკითხია რამდენად გამართლებულია ამა თუ იმ კონკრეტული მედიკამენტის შეტანა რეცეპტით გასაცემთა ნუსხაში (მაგალითად იგივე ნიმესილის ყბა-ყბად ასაღები და წყალ-წყალ წასაღები შემთხვევაც გამოდგება), როგორ გავამარტივოთ ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც აუცილებლად მოჰყვება რეცეპტების გაზრდას, როგორ მიეწოდოს მედიკამენტები კერძო კლინიკებს და ა.შ. ყველა ეს კითხვა ლეგიტიმურია. ისიც არაა გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე რაღაც გაუგებრობებიც იყოს და პრაქტიკამ გამოაჩინოს ისეთი ხარვეზები, რომელსაც ჯერ ვერც ვამჩნევთ, მაგრამ კონკრეტული საკითხები ერთი თემაა და თავად პრინციპი მეორე.

   ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პრინციპი არის სწორი. ეს გადაწყვეტილება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. და ცოტა ღიმილისმომგვრელია, რომ ყველაზე ხმამაღლა ამ პრინციპის წინააღმდეგ სწორედ ისინი ილაშქრებენ, ვინც ასევე ხმამაღლა დებს თავს ევროინტეგრაციის კურსის ერთგულებაზე. ამ დროს სულ მაინტერესებს ხოლმე, რა ჰგონია ამ ხალხს ევროპა - ეკონომიკური ლიბერტარიანიზმის საცდელი ლაბორატორია თუ ჯუნგლის კანონები სინგაპურის ელემენტებით? 

   მოკლედ, დაწყება ძნელია, მაგრამ აუცილებელი. თუ წყალში არ შეხვედი, ცურვასაც ვერ ისწავლი და იქნები ასე, გარჩენილი ხმელზე. 

კონკრეტულ საკითხებზე კამათი და დისკუსია საჭიროცაა და სასარგებლოც, მაგრამ თავად პრინციპის გამო დავა, ვფიქრობ, უაზროა. არც ის არგუმენტი მგონია ჭკვიანური, ჯერ ადრეა ჩვენთვისო, რომ გვიმტკიცებენ. ამაზე სულ "დემოკრატიისთვის ჯერ მზად არ ვართ" მაგონდება, ყველა ავტორიტარის საყვარელი თეზისი". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: