ვახტანგ ჟორდანია:-"ყველაზე მტკივნეული საკითხია პენსიების თემა, რადგან შვილებიც კი მშობლების პენსიაზე ცხოვრობენ"

ვახტანგ ჟორდანია:-"ყველაზე მტკივნეული საკითხია პენსიების თემა, რადგან შვილებიც კი მშობლების პენსიაზე ცხოვრობენ"

   მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას საქართველოს "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ვახტანგ ჟორდანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი სოციალური საკითხები უნდა იყოს. "ივერიონმა" სწორედ ამ საკითხიდან დაიწყო პარტიის ლიდერთან საუბარი.

 

   -როგორც ფიქრობთ, რა უნდა იყოს ბიუჯეტში პრიორიტეტული საკითხები და რამდენად მიზანშეწონილია ისეთი სფეროებისთვის ბიუჯეტის გაზრდა, როგორიცაა თუნდაც თავდაცვა ან განათლება?

 

   -პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური მხარე და ამაში ღარიბაშვილს ვეთანხმები, მაგრამ რამდენად არის პრიორიტეტული ეს დარგები, ეს არის მთავრი. განათლების სამინისტრო ითხოვს ბიუჯეტის გაზრდას, მაგრამ მთავარია ეს გაზრდილი ბიუჯეტი მიმართული იყოს  პედაგოგების ხელფასების გაზრდაზე, ეს ნაბიჯი კარგია და მივესალმები, რადგან საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სტრუქტურა იყო განათლებს სამინისტრო, მაგრამ ყველაზე მტკივნეული საკითხია პენსიების თემა. დღევანდელ დღეს ქვეყნის უდიდესი ნაწილი უმუშევარია და ბევრი მათი ოჯახები ცხოვრობენ პენსიაზე ანუ შვილებიც კი მშობლების პენსიაზე ცხოვრობენ, ეს ხომ სიმართლეა! ოჯახში არის ორი პენსიონერი მშობელი და 30-35 წლის შვილები, რომლებიც ვერ შოულობენ სამსახურს და თავიანთ ოჯახებსაც არჩენენ მშობლების პენსიით, პრაქტიკურად პენსია არ არის მხოლოდ პენსიონერისთვის მიმართული, პენსია ხომ უნდა იყოს მხოლოდ პენსიონერისთვის, რომ სიბერეში ნორმალურად იცხოვრონ, მაგრამ ფაქტიურად მათი პენსია იხარჯება შვლებისთვის, ამიტომ ჩემი აზრით პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო პენსიონერი. მინიმუმ 50 ლარით მაინც უნდა მომატებოდათ ამ ადამიანებს პენსია.

   რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, მთავარია თანხის მიზნობრიობა, შეიძლება გამოიყოს მაგალითად თავდაცვის სამინისტროსთვის თანხა, თუმცა მთავარია ის სტრუქტურა როგორ განკარგავს ამ თანხას, შეიძლება მილიარდი გამოუყონ და სამინისტრომ ისე დახარჯოს, რომ არც გამოჩნდეს, შეიძლება მილიარდი კი არა, უფრო ნაკლები გამოეყოს და ამან უფრო მეტი შედეგი აჩვენოს, ამიტომ არის საჭირო მიზნობრივად ხარჯვა. მოდი ერთი მაგალითი ავიღოთ- განათლების სამინისტროს გამოეყო რაღაც იქს თანხა, იმ იქს თანხიდან შენ თუ ადგები და ამ თანხებს მიმართავ სამინისტროს თანამშრომლების ხელფასებზე, პრემიებზე და მთელ ამ თანხებს ამოწურავ ამაში, მაშინ რიღათი აპირებ იმ სამუშაოების შესრულებას, რაც გასაკეთებელია? თუნდაც რემონტია გასაკეთებელი სკოლებში და ასე შემდეგ. ამ უმუშევრობის პერიოდში მშობელს რომ ეტყვი, მომიტანე ამდენი თანხა, რათა რემონტი გავაკეთოთ სკოლაშიო, ცოტა უხერხულია, სწორედ ამიტომ ურიცხავენ სამინისტროს თანხებს, რომ მსგავსი საკითხები მოაგვარონ. 

   პენსიონერს აქვს 150 ლარი პენსია, ჩინოვნიკს კი 5000 ლარი და კიდევ დანამატიც, ეს მოსახლეობის შეურაცხყოფაა, ეს ხომ ხალხმა იცის, მითუმეტეს რომ აჟიტირებულია პრემიების და ხელფასების თემა, ახლა პრემიებს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს დანამატი, არ შეიძლება ასე, ხალხი დიდხანს ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს და შედეგიც სავალალო იქნება. 

 

   -პოლიტიკოსთა უმეტესობა პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას აანონსებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დგას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, მიუხედავად სხვადასხვა აქციებისა და ზოგ შემთხვევაში დაპირისპირებისაც, ქვეყანაში სიტუაცია ასე თუ ისე მაინც სტაბილურია. თქვენ რას ფიქრობთ ვადამდელ არჩევნებზე, რამდენად ეფექტური იქნება დღეს შექმნილ მდგომარეობაში მისი ჩატარება?

 

   -მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე. ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ვადამდელი არჩევნები ისევ მოსახლეობის ზურგზე გადაივლის და დღეს შექმნილ სოციალურ ფონს თუ გავითვალისწინებთ, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას, გარდა ამისა, აუცილებელია საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, უნდა აღდგეს დღეს დარღვეული დისბალანსი, ასევე პარტიების დაფინანსების საკითხი და კიდევ ერთი-დღეს პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზირებული აქვს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას", სადღაც ჩნდება ბურჯანაძის პარტია და ახალი სახეებისთვის პოლიტიკაში შესასვლელი კარები არ იხსნება, ეს ეხება გაშუქებასაც, იცის ყველამ, რომ თოქ-შოუებში ყოველთვის ამ ორი პარტიის წარმომადგენლებია, ასევე პრესკლუბებიდან ინფორმაცია იშვიათად გააქვთ ტელევიზიებს და ისიც ისე, რომ ამომრჩეველი ვერ გაიცნობს ახალ სახეს. თუ ახალ ძალას არ ექნა საეთერო დრო დათმობილი და არ მოხდება ამა თუ იმ ახალი პარტიის დარეკლამება, ისე არაფერი შეიცვლება და ისევ უკვე გაცვეთილი სახეები დაიპყრობენ სივრცეს.

 

   -რეკლამა ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ, ამ ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა იგივე შსს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს რეკლამები ტელევიზიით, როგორ ფიქრობთ, რა არის ეს-გაკეთებული საქმეების ხალხამდე მიტანა, (როგორც ყველას გვახსოვს, "ქართული ოცნება" სულ ამბობს, რომ არ ხდება კარგი პიარი) თუ ხალხისთვის თვალის ახვევაა?

 

   -"ნაციონალები" სულ ამას აყვედრიან ახალ ხელისუფლებას, ჩვენ რეკლამას მაინც ვაკეთებდითო, ნაციონალების დროს იცით, რომ ბანერებზე მაინც იხსნებოდა ქარხნები, ახლა ამათმაც ისწავლეს ჭკუა და დაიწყეს გაკეთებული საქმეების აფიშირება და ეს ძალიან კარგია, ხალხს უნდა აჩვენო, რას აკეთებ და მისცე პოზიტივი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, მთავარია სიტყვას საქმე მოჰყვეს და მხოლოდ ყურმა კი არ გაიგოს, არამედ თვალმაც დაინახოს. ჩემი აზრით, მარტო რეკლამა არ მუშაობს, რეკლამას თან უნდა მოჰყვეს მოქმედებები, რაც სამწუხაროდ არ არის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: