პედაგოგებო, ცოცხლები ხართ?! ანუ როგორ ამხელს დავით ფერაძე კოლეგებს

პედაგოგებო, ცოცხლები ხართ?! ანუ როგორ ამხელს დავით ფერაძე კოლეგებს

რიცხობრივი მსგავსების გარდა, არც 300 არაგველთან და არც 300 სპარტელთან არანაირი კავშირი არ აქვს 300 პედაგოგის შეხვედრას განათლების სამინისტროში. გნებავთ თავგანწირულობით, გნებავთ სტრატეგიული ხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მისი მოადგილე რომ ახლოსაც ვერ მივლენ ვერც სპარტის მეფე ლეონიდასთან და ვერც ერეკლე მეორესთან, ამაზე უკვე რამდენი ხანი ვლაპარაკობ. სხვა რამე მაწუხებს... სხვა რამემ გამაოგნა. ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა, დამეჯერებინა თუ არა „მოყვარეს პირში“ თქმის პრინციპისთვის. ვამჯობინე, რომ „თქმა სჯობს, არა თქმასა“, თუმც არ ვიცი, რამდენად კარგი გამგონე კარგად მოისმენს და გაიაზრებს ამ „ღაღადს“.

უნდა გამხილოთ პედაგოგებო... ჩემები ხართ და ისევ მე გამხელთ. განსაკუთრებით იმ სამასს გამხელთ, სანიკიძემ რომ „მიგიწვიათ“ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული  განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ახალი სახელფასო პოლიტიკის გასაცნობად.

სიტყვა „მიგიწვიათ“, ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ თქვენ ჩემზე კარგად იცით, როგორი მიწვევაც იყო ეს: სტანდარტული კომუნისტურ-საბჭოური მეთოდით სამინისტროდან დაუკავშირდნენ რესურს ცენტრებს, რესურს ცენტრებიდან საჯარო სკოლის დირექტორებს, მათგან - პედაგოგებს. პრინციპიც ერთი  მოქმედებს: „სანდო სკოლა“, „სანდო პედაგოგი“. „სანდოები“ კი იღებენ დავალებას, რომ როდესაც სამინისტროში შევლენ მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი არასასურველი, ზედმეტი, კრიტიკული, სანიკიძის გამანაწყენებელი შეკითხვებისგან. აღარაფერს ვამბობ ალტერნატიულ აზრზე. როგორმე სანიკიძე არ უნდა გაღიზიანდეს და მერე არ დაერიოს ნეპოტიზმით გადირექტორებულ ქვეშევრდომებს (აბა, არანეპოტისტურად გადირექტორებულს ვინ შეუკვეთავდა „სანდოებს“?) - ეს ვინ გამოგვიგზავნეთო.

მაინც, როგორ საფუძვლიანად მომზადდა ეს შეხვედრა! საგულდაგულოდ! სანდოობის ასეთი ხარისხი სანიკიძის მინისტრობის ეპოქას არ ახსოვს. თუნდაც ერთი საეჭვო სიტუაცია და სანიკიძის აჩრდილსაც ვერ მოკრავდით თვალს „სახელფასო პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე. ეს ხომ მისი პირველი გამოჩენა იყო ამდენი პედაგოგის წინაშე დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე. 300 პედაგოგი საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. 300 მდუმარე პედაგოგი! მადლობა დირექტორებს, გეგმა მართლაც პირნათლად შეგისრულებიათ!

არადა, იქნებ რიცხვი „300“ საკრალური მნიშვნელობისაა და ამიტომაც გაუმართლა სანიკიძეს? ასეც რომ იყოს, დირექტორებს მაინც არაფერი გაქვთ საგანგაშო, ბოლოს და ბოლოს, თქვენ რომ არა, ეს მისტიური რაოდენობა ხომ ვერ შეიკრიბებოდა. უთუოდ დაგიფასებთ ამას რესურს ცენტრების გენიოსი ხელმძღვანელები და რაც მთავარია – თვით ხორცშესხმული სიბრძნე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი... მაგრამ, ჩემ ძვირფას კოლეგებს მივუბრუნდეთ:

ეჰ, ჩემო პედაგოგებო! რამდენს დავრბივარ აღმა დაღმა თქვენთვის და სამასი კაცი კი არა, 3 პედაგოგიც ვერ ბედავს შემოერთებას. განა არ იზიარებთ ჩემს პოზიციას? როგორ არა... პირიქით, ზოგიერთი მეტ აქტიურობასაც კი მთხოვს... გაბედულებასაც მიწუნებს ზოგი. ბევრი თქვენგანია ასეთი „გამამხნევებელი“. მაგრამ, სად ხართ საქმის დროს?

შიში გაჩერებთ!.. შიში და როგორი! სამაგიეროდ, სანიკიძემ ერთი „ჩასტვინა“ და თქვენი ნების წინააღმდეგ იქ გაჩნდით... როგორ მიიჩქაროდით, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ზედ დაბარებულ დროზე მოუხდა მოსვლა! აჩქარებულებმა უკანასკნელი გროშებიც კი გაიღეთ ტაქსისთვის, რომ არ დაგგვიანებოდათ. 300 კოლეგამ ისე გაგვიარეთ გვერდი მე და კიდევ ერთ „თანააქციონერს“, თითქოს არც ვარსებობდით. ისე დაზაფრულებმა შეათვალიერეთ სამინისტროს სახელფასო პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგები და „ნეპოტიზმის ლედის“ კარიკატურა, გეგონება მხოლოდ შეხედვისთვის დაგსჯიდათ ვინმე(ან, იმაზე მეტად როგორღა დაისჯებით, ვიდრე ისჯებით ამ უგვანო სამინისტროს „რეფორმით“). არადა, ფარულად ყველამ გული მოიფხანეთ ჩემი იქ ყოფნით (ოჰ, ეს ფარულობაა რომ გვღუპავს. სხვისი ხელით ნარის გლეჯვაა, რომ გვაჩანაგებს!).

ე? მე რატომ არ შემოვედი? ვინ შემომიშვა? ვინ გაგვაგებინა? მე ხომ იმ სკოლაში ვმუშაობ, სადაც ნეპოტიზმით გადირექტორებული კი არა, ნეპოტიზმის მსხვერპლი დირექტორი ხელმძღვანელობს, ხოლო რაიონს, სადაც ეს სკოლა მდებარეობს ნეპოტიზმის კლასიკური გამოვლინება რესურს ცენტრის უფროსი კურირებს. ესეც, რომ არ იყოს, რა გასაკვირია, სამინისტროს „დაცვა“ წინასწარ ყოფილიყო გაფრთხილებული, ყოველი ღონე ეხმარათ ჩემს არდასაშვებად. მაინც ვეცადე პრეზენტაციაზე დასწრებას. მივედი დაცვის თანამშრომლებთან, რომლებიც სამინისტროს ერთ-ერთმა წვრილფეხა „მარადმწვანე“ ლაქუცა თანამშრომელმა ის ის იყო გააფრთხილა, რომ მიწვეულთა შეშვება დასრულდაო. მათაც ჩემს შეშვებაზე ხელები გაასავსავეს, მერე რა რომ პედაგოგი ხართ, მოწვეულთა სიაში არ ხართო. ასეც ვიცოდი: მთავარი პედაგოგისა კი არა, მოწვეულის სტატუსი ყოფილა. ამიტომ ვერ გავხდი სანიკიძის ხილვის ღირსი, თორემ რა პრეზენტაციას და რა `დაბოლებას~ შეეცდებოდა მინისტრი და მისი მაქინაციებში მხილებული მოადგილე, მაგასაც ვნახავდით.

300 პედაგოგი!.. როგორ ისხედით ასე მშვიდად ამ სიცრუის შოუზე, ამ დემაგოგიურ და უნიჭო „ჰიპნოზურ“ ფარსზე?! როგორ, როგორ არ დასვით ერთი შეკითხვა მაინც თქვენ და დანარჩენ კოლეგათა სასარგებლოდ და სანიკიძის დასამუხრუჭებლად?! როგორ მიეცით ამ ქალს აფრააშვებულობისა და რაც უნდა იმის კეთების საშვი, საშვი, რომელშიც თქვენი სიჩუმე „ჩაურტყით“ ბეჭდად?

იცით რა გააკეთეთ? როგორ არ იცით, მაგრამ მე მაინც გამხელთ: რა და სანიკიძე გაათამამეთ. ის ახლა უფრო ურცხვად დაიწყებს მტკიცებას, რომ ახალი „სახელფასო პოლიტიკა“ განხილული და ერთხმად მოწონებულია თავად პედაგოგების მიერ, რომ ყველა უზომოდ კამაყოფილია ჯერ არნანახი და არგაგონილი იგავმიუწვდომელი რეფორმითო. არადა, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ არც არანაირი „პროფესიული განვითარების სქემა“ არ გინახავთ თვალით და არც მასზე მიბმული „სახელფასო პოლიტიკა“ არ წარმოგიდგინეს სრულად და შესაბამისად.სანიკიძის პრეზენტაციიდან იმაზე მეტად გულგატეხილები, ხელჩაქნეულები, გაბრაზებულები... მოკლედ, ნეგატვიზმით აღსავსენი გამოხვედით, ვიდრე შესვლისას იყავით.

და მერე რა, რომ საკრალურმა „300“-მა და პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკისადმი  მიძღვნილმა რიტუალმა, ამ რიტუალის ქურუმ სანიკიძეს საზეიმო განწყობა, შეუქმნა, ხოლო თქვენი უარყოფითი ემოციები უფრო გაზარდა? ქურუმი რისი ქურუმია, თუკი მსხვერპლს, ამ შემთხვევაში თქვენ უკმაყოფილების თვითგამოხატვიდან ფარულ თვითგვემაში არ დაგტოვებდათ. ასეც მოხდა: „რიტუალიდან“ გამოსულმა თითქმის სამასივე პედაგოგმა ისევ „უჩინმაჩინად“ მიმიჩნიეთ, მხოლოდ ოციოდე კოლეგა გამომელაპარაკა, ისიც შეუჩერებლად. გზის განგრძობის პროცესში. ზოგმა მისაყვედურა კიდეც, შენობაში უნდა შემოსულიყავითო... ზოგმა ისიც თქვა, თქვენი იმედი გვაქვს, არ გაჩერდეთო, აბა, ჩვენი უმოქმედობა რა გამართლებულიაო.

და რატომ, ჩემო კარგებო, ჩამო ძვირფასებო?! რატომ ასეთი შიში? განა რით გემუქრებიან? განა რით გაშინებენ? და რომც გემუქრებოდნენ და გაშინებდნენ, თქვენ ხომ პედაგოგები ხართ? თქვენ მოგმართავთ, დაწყებითი კლასების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების და მერე დანარჩენი საგნების მასწავლებლებს: ხომ ასწავლით, ხომ აგებინებთ, ხომ გადასცემთ მოსწავლეებს მამაცობას, გამბედაობას, გმირობას, უფლებებს, მოვალეობებს? და როგორ, როგორ ახერხებთ ამას? თან რამდენი წელია აკეთებთ ამ საქმეს... რამდენ მოსწავლეს გაუვლია თქვენ ხელში. დარწმუნებული ვარ, უმრავლეს მათგანს ძალიან უყვარხართ. უმრავლესი მათგანის მისაბაძი ხართ. თუნდაც ერთ-ერთმა რომ პირადი მაგალითი მოგთხოვოთ „ნაქადაგარი“ ღირებულებებიდან, ან, რომ გაგიხსენონ, თქვენი ორი კოლეგა თქვენი უფლებების დასაცავად რომ იბრძვის, თქვენ რატომ დგახართ განზეო, რას უპასუხებთ?! ნუთუ მხოლოდ დეკლარირებულად, მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად „იქმთ“ თქვენ პედაგოგიურ საქმეს?

სახარება გვასწავლის, რომ არ შეიძლება უმოქმედობა, არ შეიძლება დუმილი მაშინ, როდესაც ეს დანაშაულია, როდესაც მხილება აუცილებელია! არ შეიძლება ძილი, როდესაც უნდა გვეღვიძოს! რომ ბევრი გაქვთ მოცემული (ხელფასს რომ არ ვგულისხმობ, იცით) და ბევრი მოგეთხოვებათ! რომ უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, თუნდაც დევნის ფასად, თუმცა დევნას დღეს ვინ გაბედავს. და თუ ამას არ ვაკეთებთ, ნებსით თუ უნებლიეთ ღვთის განგებულობას ვეწინააღმდეგებით...

ბედისწერის არ მჯერა, მაგრამ, ალბათ, ბედის ირონია თუ იყო, რომ `300~-ის რიტუალის დასრულებიდან რამდენიმე ხანში, იმ სამინისტროსთან, საიდანაც მდუმარედ გამოხვედით და შინისკენ გაემართეთ, სტუდენტები შეიკრიბნენ ნეპოტიზმის გასაპროტესტებლად, განათლების გადასარჩენად. ის ახალგაზრდები, ის ადამიანები მოვიდნენ შემართებულები, გამბედავები, ყოჩაღები, რომლებიც სულ ახლახანს, ორიოდე წლის და რამდენიმე თვის წინაც კი ჩვენ საკლასო ოთახებში ჩვენ გვერდით ისხდნენ მერხებზე და ცოდნასთან ერთად ჩვენში სამაგალითოსაც ეძებდნენ და უპირველესად სწორედ ამას ეძებდნენ.

შესაძლოა, ზემოთ რომ ვთქვი, რაღაც მსგავს შეკითხვასაც გვისვამდნენ. დღეს მათ გააცნობიერეს, რომ წარმატებას და წინსვლას ბრძოლა განაპირობებს, რომ მოძრაობაა `სიცოცხლის მომცემი~. რომ ადამიანი თუ ხარ, ყოველდღე უნდა იცოცხლო. თუ რამდენადაა ამ ახალგაზრდების სულისკვეთება ჩვენი ღვწის შედეგი, ამაზე პასუხი, ამის ანალიზი თქვენთვის მომინდვია.

პატივისმცემით და მუდამ დიდი სიყვარულით
დავით ფერაძე
პედაგოგი, 116-ე საჯაროსკოლის ისტორიის მასწავლებელი
პსც-სხელმძღვანელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: