ადამიანებმა ერთმანეთს, ბუნებას და მის შვილებსაც უნდა ვარგოთ!

ადამიანებმა ერთმანეთს, ბუნებას და მის შვილებსაც უნდა ვარგოთ!

 

ეს სტატია თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის 2016 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას ეძღვნება. თემაც აქტუალურია: “ადამიანის საქმიანობა და ცვლილებები ცოცხალ სამყაროში“.ვეცადე ჩემებურად ჩამომეყალიბებინა საკუთარი დამოკიდებულება თანამედროვე სამყაროსა და სამყაროსადმი ადამიანთა დამოკიდებულების მიმართ.

 

თანამედროვე ადამიანის საქმიანობა სამყაროში დიდ  ცვლილებას იწვევს: ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რადიაციული მტვერი, გაჩეხილი ტყეები, უკანონო ნაგავსაყრელები თუ დაბინძურებული წყლები საფრთხეს უქმნის ადამიანსაც, ცხოველთა სამყაროსაც და ეკოლოგიასაც.

 

მაგალითად, არასწორმა დამოკიდებულებამ,  იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე, ადამიანისა  და სხვა ცოცხალ არსებათა უჯრედებისთვის საშიში პროცესები გამოიწვია.

 

აგრეთვე, უკრაინაში (ჩერნობილში) გავრცელებულმა რადიაციულმა მტვრემა დააბინძურა წყალი, რომელიც მუდმივად ცირკულირებს და მოიცავს დედამიწას. ის, რომ,  დროთა განმავლობაში,დედამიწა მოახერხებს ჰარმონირებას და ეს ფაქტორები არ იქნება საშიში ცოცხალი ორგანიზმებისთვის, სათუოა...

 

ბიოსფეროს დაბინძურება გენეტიკურ პრობლემებსა და ავთვისებიან სიმსივნეებს  იწვევს, რადიაქტიული ფონის ზრდა კი პათოლოგიებს (გავიხსენოთ, მაგალითად, ორფეხა წიწილა, ორთავიანი გველი და ა.შ.).

 

ჩემი აზრით, დღეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა გლობალური დათბობა და “წყალთან თამაშია“, რაც ადამიანის გამოგონილი ტექნიკის ბრალიცაა - ავტომობილები, საინჟინრო ჩარევა ბუნებაში -ჰესები, არხები- არღვევენ ბუნების ხასიათს და საფრთხეს უქმნის გარემოს.

 

როგორც ვიცი, ყაზბეგის  უნიკალური ბიომრავალფეროვნება დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული, რომელსაც ჰესების მშენებლობა უქმნის საფრთხეს, არადა, იქ მათთვის შესანიშნავი გარემოა. დღეს ყაზბეგში შვიდი ჰესია და რამდენადაც ვიცი, კიდევ ორის მშენებლობა იგეგმება.

 

ბუნებრივი წყლების მარაგი სულ უფრო და უფრო მცირდება. ამასთან, წყალსატევები დაბინძურებულია, მდინარეებს კი მილიონობით  ტონა ნაგავი ჩააქვთ ზღვებში.

 

სამწუხაროდ, ხეს პოლიეთილენის პარკის გარეშე ვერ იპოვით.

 

ეკოლოგიური კრიზისი ჩვენს თვალწინ ვითარდება. 21-ე საუკუნის ადამიანთა უმრავლესობას ავიწყდება, რომ გარემო ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს არტყია გარს!

 

ადამიანმა განუსაზღვრელი ბატონობა მოიპოვა ბუნებაზე - დაიწყო მისი ბარბაროსული გამოყენება -საქართველოში ნადირობა და თევზაობა ბრაკონიერული ფორმით მიმდინარობს!..

 

სავალალო მდგომარეობაშია უნიკალური ქართული ტყეებიც. ილია წერდა: ტყის გაჩეხვა ქვეყნის მიწა-წყლის მოსპობის ტოლფასია და მისი მოვლა ეროვნული საქმეაო. სამწუხაროდ, ტყეები უმოწყალოდ იჩეხება, გაჩეხილ ტერიტორიაზე კი ახალი ნერგები არ ირგვება. ტყესავით იჩეხება ქარსაფარი ზოლები, ქალაქებში ხელოვნურად გაშენებული ტყე-პარკები, მათ ადგილას კი ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები და საცხოვრებელი კორპუსები შენდება.

 

ვერ ვიტყვი, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უმოქმედოდაა-მეთქი, ის თავის ფეისბუქგვერზე  მუდმივად გვაფრთხილებს, ნუ მოჭრი, ნუ ამოძირკვავ, ტოტებს ნუ დაამტვრევ ხეს, თორემ 1000 ლარით დაჯარიმდები ან სისხლის სამართლის საქმე აღგეძვრებაო.

 

სამწუხაროდ, ამ გაფრთხილების არავის ეშინია. “ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია!“ მოდაში არა და არ ბრუნდება.

 

არადა, ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობა იგრძობა, ნიადაგი და ქანები ჩამორეცხილ-ჩამოშლილია, ღვარცოფები და მეწყრები კი გარდაუვალ საფრთხეს გვიქადის.

 

საზოგადოების აზრით, ადამიანის თვითნებურმა ჩარევამ გარემოში გამოიწვია 2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობა, რომელმაც თითქმის გაანადგურა ზოოპარკი, იმსხვერპლა ადამიანები და სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას დიდი ზარალი მიაყენა.

 

საბედნიეროდ, დედამიწაზე თავმოყვარე  ადამიანებიც ბევრნი არიან, მაგალითად, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც თავის ძაღლთა თავშესაფარში უამრავ უპატრონო ძაღლს უვლის და ემეგობრება. ასევე თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები,რომლებიც დღედაღამ  ზრუნავენ ცხოველებსა და ფრინველებზე. მათ ლამაზკუდა ლემურებისთვის სახლი აუშენებიათ, ჰამაკის გაბმაც არ დავიწყნიათ. ჩემი აზრით, ასეთ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსებში ჩანს ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობა ცოცხალ სამყაროსთან.

 

მე ძალიან მიყვარს ბუნება და ცხოველები - ჩემს ეზოში 8 კატას ვუვლი.ეზოშიმცხოვრებიყველამეზობელიმბაძავსდასაჭმელისნარჩენებსუყრის, არსდევნისდაარცერჩის.

 

ამ საკითხის კვლევის პროცესში  ჩემთვის აშკარა გახდა, რომ  ადამიანს თვითგანადგურების წამზომი აქვს ჩართული.

 

გულს ის მიმშვიდებს, რომ ადამიანი გონიერი არსებაა და გარემოსთან დამოკიდებულებას მალე უკეთესობისკენ შეცვლის.

 

ისიც აშკარაა, რომ ბუნებაში ხეებიც ირგვება, ეზო-ქუჩებიც იგვება, მდინარეებისა და ზღვების დასუფთავების აქციებიც იმართება, ყოველგვარი ბრაკონიერობაც ისჯება, მაგრამ საწინააღმდეგო ქმედებათა ჩამონათვალი უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანია.

 

უნდა აღვნიშნო, რომ ამ თემაზე მუშაობისას  თვალი ამეხილა - სადაც პრობლემურ გარემოსა და ცოცხალ არსებას შევხვდები, ჩემი ძალ-ღონე მათ დასახმარებლად მინდა გამოვიყენო.

 

დაბოლოს, სათქმელი ილია ჭავჭავაძის აფორიზმით უნდა დავასრულო:  „...დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ყოველდღე შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“ მოდით ადამიანებმა ერთმანეთსაც ვარგოთ, ბუნებასაც და  მის შვილებსაც!

                   

ზურა ყურულიშვილი,

სკოლა-ლიცეუმ  “ცოდნას“  VI კლასის მოსწავლე.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: