როგორ იქცა ჩემთვის წიგნის კითხვა კანფეტ-სტიმულატორად!
თითქმის არ მეგულება მოსწავლე, რომელსაც თამაშსა და გართობაზე წიგნის კითხვა და სწავლა ერჩიოს. ერთი შეხედვით, ეს რა გასაკვირია: პროზა უნდა იკითხო, ლექსი - დაიზუთხო, წაკითხულის შინაარსი - დაწერო, ამოცანები - ამოხსნა, ფორმულები - დაიზეპირო, ცდები - ჩაატარო და ა.შ. ხოლო გართობასა და თამაშში ისე გემრიელად გადის დრო...
თან რასაც გინდა, იმას აკეთებ, ანგარიშსაც არავის აბარებ, თუ გინდა თვალს დახუჭავ, თუ გინდა გაახელ, ხან მგელი იქნები, ხან პოლიციელი, თამაშს მაშინ შეწყვეტ, როცა გინდა, ხან წააგებ, ხანაც მოიგებ. ამისთვის არც დღიური გჭირდება და არც განმსაზღვრელ-განმავითრებელი შეფასება, დედასაც არავინ დაურეკავს, მგელობანა, ომობანა და დაჭერობანა პრინციპის მიხედვით არ ითამაშაო.
თუმცა დღეს ვინ თამაშობს ომობანას, დაჭერობანას, დახუჭობანას, მგელობანას, სახლობანას, წრეში ბურთს, რეზინობანასა თუ კლასობანას?!
ალბთ,არც არავინ ან ძალიან ცოტა. ამიტომაც აკაკი წერეთლის “ჩემს თავგადასავალში“ აღწერილი “ქორობია“ სასაცილოდაც კი გამოიყურება.
სამაგიეროდ,კომპიუტერული თამაშები არავის არასდროს ბეზრდება და დილიდან საღამომდე დაუღლელად თამაშბენ. აქ არც გაისვრები, არც გაოფლიანდები, არც წაიქცევი, არც კისერს მოიტეხ; ჰა, ჰა, ერთი კარგად განერვიულდე, კისერი გაგიშეშდეს დიდხანს ჯდომისგან, თვალის გუგები ზედმეტად გაგიფარდოვდეს ეკრანისთვის თვალმოუშორებლად ცქერის გამო, ხელ-ფეხში სისხლი გაგეყინოს, ან ბოლო-ბოლო სქოლიოზი დაგემართოს.
ბევრი მშობელი, ოღონდ ბავშვი ფეხებში არ გაებლანდის და შვილს კომპიუტერთან რამდენიმესაათიან ჯდომას არ უკრძალვს, რადგან იცის, მეცადინეობა რომ დაავალოს, ასჯერ მაინც უნდა გაუმეოროს ერთი და იგივე - იმეცადინე, იმეცადინე! - და საქმესაც “მოწყდეს“.
კომპიუტერული თამაშები მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ დედა ისე მცირე ხანს მაძლევს თამაშის უფლებას, რომ ეს დრო არცერთ თამაშს არ ჰყოფნის...
მოკლედ, კომპიუტერული თამაშების დიდოსტატად ჩამოყალიბებაში ხელი მხოლოდ დედამ როდი შემიშალა -ამაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც დაეხმარა და აი, როგორ:
ეს გამომცემლობა ყოვლწლიურად მართავს სკოლებისთვის კონკურსს “წაიკითხე ბევრი წიგნი და გახდი ყველაზე წიგნიერი მოსწავლე“. რამდენიმე თვის წინ ჩემს სკოლაში გუნდებს შორის შეჯიბრება გაიმართა და სამი გუნდი მაისის ბოლოს გასამართი საფინალო კონკურსისთვის შეირჩა, სადაც სკოლები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მე და ჩემს გუნდს, პირობისამებრ, 15 საკუნკურსო ქართველი და უცხოელი მწერლის წაკითხვა დაგვევალა. როგორც ვიცოდი, დედამ 15-ვეს წაკითხვა მირჩია და ყური არ ათხოვა ჩემს განცხადებას, საკითხავ ლიტერატურას გუნდურად გავინაწილებთ-მეთქი. მეც დავემორჩილე.
ასე წავიკითხე: “კურკას ქორწილი“, “რობინზონ კრუზო“, “შერლოკ ჰოლმსი“, “ჰეკლბერ ფინი“, “კალე ბლუმკვისტი“, “ბიძია თომას ქოხი“, “თეთრი ეშვი“, “პატარა პრინცი“ და სხვ. მაისამდე როგორ მოვასწრებ-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ახლა აპრილის შუა რიცხვებია და მხოლოდ 3 წიგნიღა დამრჩა წასაკითხი.
იცით, ამ ამბავს რა მოჰყვა? სულაკაურის გამომცემლობა ყოველ პარასკევს, 5 საათზე, წინასწარ შემოთავაზებული წიგნიდან საკონკურსო შეკითხვას სვამს. სწორი პასუხის ყველაზე სწრაფად გაცემის შემთხვევაში, სასურველ წიგნს საჩუქრად ირჩევ და 20%-იანი ფასდაკლების ბარათსაც იგებ. მე უკვე ორჯერ მოვიგე!
გამოგიტყდებით, კითხვა უკვე კანფეტ-სტიმულატორად მექცა, რომელსაც სახელიც მოაქვს და მოგებაც!
ასე რომ, ჩემო თანატოლებო, გირჩევთ თქვენც ბევრი იკითხოთ, უინტერესო წიგნი ხომ არ არსებობს!
ზურა ყურულიშვილი
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას“ VI კლასის მოსწავლე